საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ტენდერი საბედა ბებოსთვის და კვანჭიანების ოჯახისთვის ხის სახლების მშენებლობაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:51 - 13 აგვისტო 2020 hits 16830
ასაშენებელი ხის სახლის ნიმუში
საზოგადოება
ასაშენებელი ხის სახლის ნიმუში

„მთის ამბები“ მთიულეთისა და ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციებთან ერთად, აცხადებს ტენდერს დუშეთისა და მესტიის მუნიციპალიტეტებში ხის სახლების მშენებლობასთან დაკავშირებით. ხის ერთი სახლი გათვალისწინებულია ხორხის ხეობაში საბედა ბებოსთვის, ხის მეორე სახლი კი, ზემო სვანეთში, სოფელ ხაიშში კვანჭიანების ოჯახისთვის.

78 წლის საბედა წიკლაური დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭალაში, ბოსელში ძროხასთან ერთად ცხოვრობდა, გაუსაძლის და ღირსების შემლახველ პირობებში. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრებოდა. რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, ერთ-ერთმა კომპანიამ საბედა ბებოს მეორადი სახლი-კონტეინერი გადასცა, სადაც ის დროებით ცხოვრობს, ვიდრე „მთის ამბების“ მაყურებლების შემოწირულებებით ახალ სახლს ავუშენებთ.

ზემო სვანეთში, სოფელ ვედში მცხოვრები ელენე კვანჭიანისა და მისი შშმ შვილის მძიმე ისტორია „მთის ამბებმა“ მაისში გააშუქა. ძველი სახლი 10 წლის წინ დაენგრათ და მას შემდეგ, თავს საქონლის სადგომს აფარებენ. დედა-შვილი უმძიმეს პირობებშია - გომურში წყალი ჩადის, დიდთოვლობის ან ძლიერი ქარის დროს, შესაძლოა, დაინგრეს. ზემო სვანეთის სათემო ორგანიზაციამ კვანჭიანების ოჯახის დასახმარებლად კამპანია დაიწყო და შეგროვილი თანხით, მათთვის სახლის მშენებლობა გადავწყვიტეთ.

„მთის ამბები“ მადლობას გიხდით თითოეულ შემომწირველს. მაყურებლებს, რომლებმაც ვიდეომასალები გააზიარეთ და ხალხს მხარდაჭერისკენ მოუწოდეთ. განსაკუთრებული მადლობა ნდობისთვის, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ და ვუფრთხილდებით.

მარტოკაცების ფონდი „მთის ამბებმა“ 2019 წლის ბოლოს შექმნა. მთის სოფლებში მცხოვრები მარტოკაცების მხარდასაჭერად შემოწირულების განხორციელება ყველას შეუძლია. პერიოდულად მათ სურსათით, მედიკამენტებით, პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველვყოფთ ან სხვაგვარად დავეხმარებით.

 

განცხადება ტენდერის შესახებ

ერთი სახლის მშენებლობა (52.43 კვ.მ) გათვალისწინებულია ხორხის ხეობაში, სოფელ ქვემო ხორხში - საბედა წიკლაურისთვის. ხის მეორე სახლი (52.43 კვ.მ) ზემო სვანეთში, სოფელ ხაიშში უნდა აშენდეს - კვანჭიანების ოჯახისთვის.

ხის ერთი სახლის მშენებლობის სავარაუდო ფასი 40 000 ლარია. სახლი ადაპტირებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სახლის მოწყობის სავარაუდო საპროექტო გეგმა ასეთია: ორი საძინებელი ოთახი (13.77 კვ.მ და 12.82 კვ.მ), მისაღები (16.77 კვ.მ), სამზარეულო (3.81 კვ.მ), სველი წერტილი (3.05 კვ.მ), აივანი (2.21 კვ.მ).

სამუშაოები მოიცავს: საძირკვლისა და ძირის სვეტების მოწყობას; იატაკისა და კიბის მოწყობას; კედლების მოწყობას, თბოიზოლაციას ქვაბამბით - სისქით 100 მმ, შიდა კედლების მოსახვას ხის ლამფით, გარე და შიდა ხის მოპირკეთების დამუშავებას ზუმფარით და ანტისეპტიკური ხსნარით დაფარვას; ჭერისა და სახურავის მოწყობას, ჭერის ორთქლსაიზოლაციო შრის მოწყობას, ჭერის თბოიზოლაციას - სისქით 100 მმ; სამზარეულოსა და სველ წერტილში კერამოგრანიტის ფილების დაგებას; წყალ-კანალიზაციისა და ელ.ქსელის მოწყობას; აქსესუარების მოწყობას - ხის კარის, მეტალოპლასტმასის ფანჯრების, თბური და კვამლის დეტექტორების მონტაჟს;

  • ხის სახლები დასრულებული სახით დამკვეთს ხელშეკრულების დადებიდან ორ თვეში უნდა ჩაბარდეს.
  • შესრულებულ სამუშაოებზე საგარანტიო ვადა შეადგენს 1 წელს, რომლის განმავლობაშიც რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას.
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს, ბოლო ორი წელში შესრულებული უნდა ჰქონდეს მსგავსი შენობა ნაგებობების სამშენებლო სამუშაოები.
  • სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, აქსპლუატაციაში არმყოფი, მაღალი ხარისხის.

მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებული იქნას საავანსო ანგარიშსწორება არაუმეტეს სახელშეკრულებო ღირებულების 50 %-ის ოდენობით. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის საბანკო გარანტიის (გაცემული საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ) საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდს.

მსურველებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შეუძლიათ 2020 წლის 14 აგვისტოდან 20 აგვისტოს ჩათვლით, რაზედაც უნდა მოგვმართონ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ორთაჭალა, ბეჟან კალანდაძის N 3, ა კორპუსი, მე-3 სართული, ბინა 4 ან მოგვწერონ: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.  

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 25 აგვისტო. დაინტერესებულმა პირებმა სატენდერო წინადადება უნდა გამოგზავნონ შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.   

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

საკონტაქტო პირი - ნინო მაზიაშვილი;

მობ: 599 13 42 13

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში