საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შსს-სა და „იმედის“ „სიურპრიზი“ - ბლოელ გოგიას სახლს სამინისტრო აუშენებს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:07 - 25 ნოემბერი 2019 hits 20020

ტელეკომპანია „იმედმა დღეს, 24 ნოემბერს, 17:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოელ გოგიას სიურპრიზი გაუკეთა და ამ ზამთარს გოგია თბილ სახლში გაატარებს. რატომ შეცვალა სამინისტრომ გადაწყვეტილება, როცა 10 დღის წინ უარი თქვეს დაგვხმარებოდნენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით, რომ ბლოში ხალხის შეგროვილი თანხით ნაყიდი სამშენებლო მასალები გადაგვეტანა.

ბლოელი გოგია მაყურებელს პირველად „მთის ამბებმა“ გააცნო. რეპორტაჟი მარტოობისა და თავისუფლების 22 წელი მთაში mtisambebi.ge-ზე 2019 წლის 11 მაისს გამოქვეყნდა. ამავე რეპორტაჟში მკითხველს დავპირდით, რომ მათი მხარდაჭერით, ვეცდებოდით, მიხა პაპას მსგავსად, ხის სახლი ბლოშიც დაგვედგა გოგიასთვის.

მასალის გამოქვეყნების შემდეგ, „მთის ამბებს“ „იმედის კვირის“ ჟურნალისტი ელენე ცინცაძე დაუკავშირდა. ჩვენ მას გოგიას საკონტაქტო ნომერი და ბლოში მისასვლელი ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. 26 მაისს, ტელეკომპანია „იმედის ეთერში ბლოელი გოგიას შესახებ რეპორტაჟი გავიდა.

მართალია გოგიას მხარდასაჭერად თანხის შეგროვება მაისში დავიწყეთ, მაგრამ ბევრი საქმისა და ცოტა ხალხის გამო, საკმარისად ვერ ვიაქტიურეთ. შემოწირულებით მხოლოდ 2000 ლარამდე შევაგროვეთ. არადა, სულ მცირე 10 ათასი ლარი მაინც გვჭირდებოდა, ბლოში ხის პატარა, გამძლე და თბილი სახლი რომ დაგვედგა. მამუკა არაბულის და კიდევ რამდენიმე ხევსური ახალგაზრდის მონდომებით, 2 ნოემბერს, mtisambebi.ge-ზე განვაახლეთ კამპანია ვიდრე მის კარავს თოვლი დაფარავს #ბლოელიგოგიასთვის. 14 ნოემბრამდე „მთის ამბებმა“ 9 339 ლარი შეაგროვა. შემოწირულება 400-ზე მეტმა ადამიანმა გაიღო. კომპანიაც შევარჩიეთ, რომელიც 11 ათას ლარად გოგიასთვის ბლოში 20 კვმ-ის ხის სახლს ხუთ დღეში ააშენებდა.

ბლომდე სამანქანო გზა არ მიდის, არც არასდროს ყოფილა, როშკასთან წყდება. როშკიდან ბლომდე კი 5 კილომეტრიანი რთული საცალფეხო ბილიკია. ვერტმფრენის გარეშე ბლოში მასალების ატანა შეუძლებელია. ამიტომაც, სასაზღვრო პოლიციისგან გვქონდა სავარაუდო თანხმობა, რომ სამშენებლო მასალების გადატანაში დაგვეხმარებოდნენ. სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის დროს, არცერთხელ უთქვამთ, რომ თავად აპირებდნენ ბლოელი გოგიასთვის სახლის აშენებას.

სამუშაოები დიდთოვლობამდე უნდა მოგვესწრო, მაგრამ 13 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარი გვითხრა, ხის მასალები ბარისახოდან ბლომდე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენს გადაეტანა. 14 ნოემბერს, „მთის ამბების“ მკითხველს ვაცნობეთ, რომ ბლოელ გოგიას სახლი ვერ ექნება - შსს-მ ვერტმფრენით დახმარებაზე უარი თქვა. სტატიას შსს-ს და მთავრობის კრიტიკა მოჰყვა. მომხმარებლები სოციალურ ქსელებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ნიშნავდნენ და მოუწოდებდნენ, ბლოელი გოგიასთვის დახმარება აღმოეჩინა.

„მთის ამბების“ ინფორმაციით, ხელისუფლებას დაახლოებით 2000 დოლარი დაუჯდებოდა ბლოელი გოგიას დახმარება. თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო სამშენებლო მასალების გადატანას ბარისახოდან ბლოში მესაზღვრეების როტაციას დაამთხვევდა, ბლოელი გოგიას დასახმარებლად საჭირო ხარჯი 600 დოლარსაც არ ასცდებოდა. კერძო ვერტმფრენის დაქირავების შემთხვევაში მომსახურების ღირებულება 7 ათას დოლარს აღწევს.

შსს-ს უარის შემდეგ ბლოელ გოგიაზე რეპორტაჟი „მთავარმა არხმა“ გადაიღო საკვირაო გადაცემისთვის - „კაცს, რომელსაც ხალხმა სახლის ასაშენებლად ფული შეუგროვა, შსს-მ მასალის მთაში ასატანად ვერტმფრენი არ ათხოვა“.

ვიდრე სიუჟეტი „პოსტ ფაქტუმში“ გავიდოდა, ტელეკომპანია „იმედმა“ 3 საათით დაასწრო და გამოაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბლოელ გოგიას სიურპრიზი გაუკეთა და ხის სახლს აუშენებს.

„იმედის“ სიუჟეტში ჟურნალისტი ელენე ცინცაძე რამდენჯერმე უსვამს ხაზს, რომ გამოხმაურება მოჰყვა მათ სიუჟეტს (ეთერში გავიდა 26 მაისს) და რომ ამ „სიურპრიზისთვის“ მესაზღვრეებმა რამდენიმე კვირის წინ დაიწყეს მზადება.

სინამდვილეში, ბლოელ გოგიას სასაზღვრო პოლიციის  ბარისახოს სამმართველოს ხელმძღვანელი გუშინ ესაუბრა და უთხრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ხის კოტეჯს აუშენებდა და მასალებს ვერტმფრენით ბლოში უახლოეს დღეებში გადაიტანდნენ. ჩვენი წყაროების ინფორმაციით,

შსს-მ ბლოელი გოგიასთვის კოტეჯის აშენება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ვერტმფრენით დახმარებაზე უარის თქმის შესახებ „მთის ამბებმა“ კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა და „მთავარმა არხმა“ ბლოელ გოგიაზე სიუჟეტი გადაიღო. თავისი განზრახვის შეფუთვა კი, თითქოს სახლის აშენება სიურპრიზი იყო და ამას დიდი ხანია გეგმავდნენ, ტელეკომპანია „იმედის“ საშუალებით, მცდარი ინფორმაციით სცადა.

რედაქტორისაგან:

„მთის ამბები მოხარულია, რომ ბლოელ გოგიას სახლი ექნება. სწორედ ამას ცდილობდა რედაქცია იმ გულშემატკივრებთან ერთად, რომლებმაც შემოწირულება გაიღეს. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეასრულებს თუ არა მოკავშირე ტელევიზიის ეთერით გაცემულ დაპირებას და ბლოდან კიდევ ერთ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ. ამასთან, შეგროვილი 9339 ლარით, სრულად, ბლოელ გოგიას გაზაფხულზე ძველი ხევსურული სახლის აღდგენას ან ბიზნეს იდეას დავუფინანსებთ, რათა ის უფრო მეტად გაძლიერდეს და მთაში დაბრუნების სტიმული სხვებსაც მისცეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში