საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პარიზის სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე 400 მლნ დოლარის გადახდის აღსრულება შეაჩერა

00:03 - 19 თებერვალი 2026 hits 365

პარიზის სააპელაციო სასამართლომ „ნამახვანჰესის“ საქმეზე საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება ცნო, რომლითაც საქართველოს კომპანია „ენკასთვის“ 400 მილიონი დოლარის გადახდა ევალება. თუმცა, ქართული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ ამავე გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

სასამართლომ გაიზიარა საქართველოს არგუმენტები დაუყოვნებლივი გადახდის საფრთხეებთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ 400 მილიონი დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის კრიტიკული ტვირთია - ეს თანხა თავდაცვის წლიური ბიუჯეტის 60%-ს შეადგენს და 2.5-ჯერ აღემატება იუსტიციის სამინისტროს წლიურ ასიგნებებს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მასშტაბის თანხის დაუყოვნებლივი ამოღება სახელმწიფო ფუნქციების შესრულებას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა.

აღსრულების შეჩერების კიდევ ერთი გადამწყვეტი მიზეზი თავად კომპანია „ენკას“ სტატუსი გახდა. ვინაიდან „ენკა“ სპეციალურად „ნამახვანჰესის“ პროექტისთვის შექმნილი კომპანიაა, რომელსაც ამჟამად არანაირი ბიზნესსაქმიანობა ან აქტივები აღარ გააჩნია, გაჩნდა რეალური რისკი, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სამომავლო გაუქმების შემთხვევაში, საქართველო გადახდილ მილიონებს უკან ვეღარ დაიბრუნებდა.

შეგახსენებთ, რომ დავა 800-მილიონიანი ნამახვანჰესის პროექტს ეხება, რომლის მშენებლობის დაწყებასაც ადგილობრივი მოსახლეობისა და გარემოსდაცვითი ჯგუფების მრავალთვიანი პროტესტი მოჰყვა. 2021 წელს „ენკამ“ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა, რის შემდეგაც საერთაშორისო სავაჭრო პალატამ (ICC) ხელშეკრულების გაწყვეტა მართლზომიერად მიიჩნია და საქართველოს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

ამ გადაწყვეტილებით აღსრულების პროცესი გაჩერებულია მანამ, ვიდრე პარიზის სასამართლო საბოლოოდ არ იმსჯელებს თავად საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნაზე. საქართველო მიიჩნევს, რომ ტრიბუნალმა გადაწყვეტილება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევით მიიღო.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საქართველოს ამბები.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში