საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

გელა მთივლიშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა უკანონოდ დაკავების საქმეზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:15 - 06 ნოემბერი 2024 hits 10074

მთივლიშვილი საქართველოს წინააღმდეგ - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეს ნომერი მიანიჭა და განმცხადებელს აცნობა, რომ საჩივარს შესაძლებლობისთანავე განიხილავს. მთის ამბები / საქართველოს ამბების რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ოთხი მუხლის დარღვევას ედავება. საქმე ეხება 2024 წლის 23 იანვარს ჟურნალისტის უკანონო დაკავებასა და გასამართლებას. დაზარალებულ ჟურნალისტს სამართლებრივ დახმარებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი უწევს. 

 

თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება

გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან მისი დაკავება და პოლიციის განყოფილებაში 6 საათის განმავლობაში შეყოვნება უკანონო და თვითნებური იყო, ხოლო ეროვნულმა სასამართლოებმა არ შეასრულეს დაკავების აქტის გადახედვის ვალდებულება, რითაც კონვენციის მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები დაარღვიეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მე-5 მუხლი უზრუნველყოფს პიროვნების დაცვის ფუნდამენტურ უფლებას, სახელმწიფო თვითნებურად არ ჩაერიოს ადამიანის ფიზიკური თავისუფლების უფლებაში. აღნიშნული დაცვა შეიძლება გავრცელდეს თავისუფლების ძალიან ხანმოკლე აღკვეთაზეც, როდესაც მომჩივანი პოლიციის განყოფილებაში 45 წუთზე ნაკლები დროით იმყოფება.

მომჩივანი ხაზს უსვამს, რომ ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დემონსტრაციაში როგორც მომიტინგე არ მონაწილეობდა და არც არეულობა გამოუწვევია. არამედ, ადგილზე მივიდა როგორც ჟურნალისტი, რათა არსებული ვითარება გაეშუქებინა. დემონსტრაციაზე მისვლისას ის შენობის წინ, ტროტუარზე იდგა და ერთ-ერთი პირის დაკავებას იღებდა. ეს დასტურდება როგორც მისივე მობილური ტელეფონით გადაღებული კადრებით, ისე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ვიდეოთვალთვალის კამერიდან ამოღებული კადრებით და მოწმის ჩვენებით. აღსანიშნავია, რომ საჯარო დემონსტრაციებზე ძალის სავარაუდო არაპროპორციული გამოყენების ვიდეოფიქსაცია ჟურნალისტური საქმიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა. უფრო მეტიც, მომჩივანი არ ჩარეულა დამკავებელი პოლიციელების საქმიანობაში და მათთან არც ვერბალური კომუნიკაცია არ ჰქონია, როგორც ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმშია მითითებული. დაკავების პროცესის ვიდეოგადაღებისას, მან პოლიციელებთან რამდენიმემეტრიანი დისტანცია შეინარჩუნა. უფრო მეტიც, პოლიციელებმა არ გააფრთხილეს და არც ბრძანება გასცეს მის მიმართ, არამედ დაუყოვნებლივ დაიწყეს მომჩივნის დაკავება.

როდესაც პოლიციელები მთივლიშვილს ძალის გამოყენებით აკავებდნენ, მან სამჯერ გაუმეორა მათ, რომ ის ჟურნალისტი იყო და გააფრთხილა, თავი შეეკავებინათ მის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისგან.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 2024 წლის 25 იანვარს, მომჩივნის დაკავებიდან ორი დღის შემდეგ. ხელისუფლებამ ვერ წარმოადგინა მიზეზები, თუ რატომ ვერ შედგებოდა ოქმი ადგილზე. საქმეებზე „ნავალნი და იაშინი რუსეთის წინააღმდეგ“,  „ნოვიკოვა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ თუკი ხელისუფლება ვერ ასახელებს შესაბამის მიზეზებს - რატომ არ შეადგინეს ოქმი ადგილზე - დაკავება და პოლიციის განყოფილებაში გადაყვანა თავისუფლების თვითნებურ და უკანონო აღკვეთას წარმოადგენს.

სასამართლო სხდომაზე არ წარმოდგენილა არანაირი მტკიცებულება ხელისუფლების ბრალდების დასადასტურებლად, რომ გელა მთივლიშვილი ხელს უშლიდა საზოგადოებრივ წესრიგს, იყენებდა შეურაცხმყოფელ ენას ან არ ემორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ ბრძანებებს.

მომჩივანი აცხადებს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს მისი დაკავების კანონიერების ეფექტური განხილვა, საკითხს ფორმალისტურად მიუდგნენ, რაც ევროპულმა სასამართლომ უკვე შეაფასა, როგორც ხარვეზი საქმეში „ძერკორაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

 

საქმის სამართლიანი განხილვის უფლება

მომჩივანი ამტკიცებს, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება, რომელსაც კონვენციის მე-6 მუხლის მიხედვით სისხლის სამართლის საქმის ხასიათი აქვს, უსამართლო იყო, რადგან ადგილობრივმა სასამართლოებმა დაარღვიეს მხარეთა თანასწორობის პრინციპი, უსაფუძვლოდ მიანიჭეს უპირატესობა პოლიციელის ჩვენებას მისი მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ და მტკიცების ტვირთი მას დააკისრეს.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომლისთვისაც ჟურნალისტი იქნა მსჯავრდებული, ითვალისწინებს 2000 ლარიდან 3000 ლარამდე ადმინისტრაციულ ჯარიმას და 15 დღით ადმინისტრაციულ დაკავებას. მსგავს საქმეებში ევროპული სასამართლოს მიდგომის გათვალისწინებით (მიხაილოვა რუსეთის წინააღმდეგ; კასპაროვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ), ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა უნდა კლასიფიცირდეს, როგორც „სისხლის სამართლის“ სამართალდარღვევა, მისი ზოგადი ხასიათის, სანქციის მიზნის (რომელიც სადამსჯელო და შემაკავებელი ხასიათისაა) და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ის დასჯადია თავისუფლების აღკვეთით, რაც დამახასიათებელია სისხლის სამართლის სფეროსთვის.

ევროპულ სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ როდესაც ეროვნული სასამართლოები არ იკვლევენ პოლიციის ბრძანების „კანონიერებას“ და სჯიან პირებს კონვენციით დაცული ქმედებებისთვის, პოლიციისგან ჩარევის გამართლების მოთხოვნის გარეშე, ეს ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს (ნემცოვი, ნავალნი და იაშინი რუსეთის წინააღმდეგ).

ადგილობრივი სასამართლოები დაეყრდნენ მხოლოდ დამკავებელი პოლიციელის ჩვენებას, მათ მიერ შედგენილ და ხელმოწერილ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის და დაკავების ოქმებს, რომელთაც პირდაპირი ინტერესი ჰქონდათ მომჩივნის მსჯავრდებაში. ამრიგად, სასამართლომ მტკიცების ტვირთი აჰკიდა მომჩივანს, რათა დაემტკიცებინა თავისი უდანაშაულობა სისხლის სამართლის ხასიათის სასამართლო პროცესში. სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო მომჩივნის მოთხოვნა, შეესწავლათ ვიდეოთვალთვალის კამერიდან ჩანაწერი, რომელიც ადასტურებდა მის უდანაშაულობას. ამასთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო ხაზს უსვამს, რომ სასამართლოს ამოცანაა, დაადგინოს, იყო თუ არა წარმოება, მთლიანობაში, სამართლიანი, როგორც ეს მოთხოვნილია კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტით (ფრუმკინი რუსეთის წინააღმდეგ). უფრო მეტიც, როდესაც მომჩივნის წინააღმდეგ ერთადერთი მტკიცებულება წარმოდგენილია პოლიციელების მხრიდან, რომლებიც აქტიურ როლს ასრულებდნენ სადავო მოვლენებში, აუცილებელია, რომ ადგილობრივმა სასამართლოებმა ამოწურონ ყველა გონივრული შესაძლებლობა მათი ბრალმდებელი განცხადებების გამოსაკვლევად (კასპაროვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ).

გარდა ამისა, მომჩივანი ამტკიცებს, რომ სასამართლოს ამგვარი დასკვნა გააკრიტიკა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2013 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებაში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიციელების ჩვენებებისთვის უპირატესობის მინიჭება არღვევს მიუკერძოებლობისა და მხარეთა თანასწორობის ფუნდამენტურ პრინციპებს.

 

გამოხატვის თავისუფლება

მომჩივანი გელა მთივლიშვილი აცხადებს, რომ როდესაც პოლიციამ იძულებით გაიყვანა საპროტესტო აქციის ადგილიდან, დააკავა ექვს საათზე მეტი ხნის განმავლობაში და როდესაც სასამართლოებმა ადმინისტრაციული წესით დამნაშავედ ცნეს და 2000 ლარით დააჯარიმეს, დაირღვა კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების უფლება. ჩარევა უკანონო და თვითნებური იყო და არ ეფუძნებოდა ლეგიტიმურ მიზანს, რადგან მას არ ჩაუდენია პოლიციის ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ადგილობრივმა სასამართლოებმა ვერ მოიყვანეს საკმარისი მიზეზები იმის დასადასტურებლად, რომ მისი დაკავება და მსჯავრდება აუცილებელი იყო დემოკრატიულ საზოგადოებაში, შესაბამისად, ვერ ასაბუთებენ ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზეგავლენის მოხდენის მართებულობას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მსგავს საქმეებში დაადგინა, რომ იმ არსებითი ფუნქციის გათვალისწინებით, რომელსაც მედია ასრულებს დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგალითად, ხელისუფლების მიერ საჯარო დემონსტრაციების მართვისა და არეულობის შეკავების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში, ჟურნალისტების დემონსტრაციების ადგილიდან გაყვანის ნებისმიერი მცდელობა უნდა იყოს „მკაცრი შემოწმების“ საგანი (სელმანი და სხვები ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ; ბუტკევიჩი რუსეთის წინააღმდეგ).

 

უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები

მომჩივანი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაციული დაკავება და დაჯარიმება იმ სამართალდარღვევისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია, მიზნად ისახავდა მის დასჯასა და გაჩუმებას მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რაც არღვევს კონვენციის მე-18 მუხლს მე-5 და მე-10 მუხლებთან მიმართებით.

მომჩივანი აცხადებს, რომ მისთვის თავისუფლების აღკვეთას შეფარული მიზანი ჰქონდა, რაც გამომდინარეობს მისი აშკარად თვითნებური დაკავებიდან და პოლიციელების მხრიდან მის მიმართ პოლიციის მანქანაში განხორციელებული არასათანადო მოპყრობიდან.

ეს ფაქტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ საქმის კონტექსტუალური ფაქტორების, კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული უწყვეტი სიტყვიერი თავდასხმებისა და მუქარის გათვალისწინებით მომჩივნის მიმართ, მისი „აგენტად“ მოხსენიებით უარყოფით კონოტაციაში, მმართველი პარტიის დეპუტატის, დიმიტრი სამხარაძის დავალებით.

მომჩივანი ამტკიცებს, რომ მისი საქმე არ შეიძლება განიხილებოდეს იზოლირებულად და სასამართლოს ყურადღებას ამახვილებს იმ სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიების მზარდ ტენდენციაზე, რომლებიც გამოხატავენ უთანხმოებას ან აკრიტიკებენ ხელისუფლებას. მომჩივანი ასევე ამტკიცებს, რომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობისა და დაფინანსების მკაცრი და შემზღუდველი „რუსული კანონი“ და მმართველი პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ შემდგომი თავდასხმები, რომლებიც არასამთავრობო და კრიტიკულ მედია ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და სამოქალაქო საზოგადოებაში მომუშავე ადამიანებს, მათ შორის, მომჩივანს, წარმოაჩენს, როგორც ერის მტრებს, მოღალატეებს და უცხოელ აგენტებს. ამ ბრალდებებს ხმამაღლა აცხადებენ სახელმწიფოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ავრცელებენ ორგანიზებული და კარგად მომზადებული კამპანიის სახით. საჩივრის თანახმად, ეს ფაქტები, ქვეყნის თანამდებობის პირების ზემოაღნიშნულ განცხადებებთან ერთად, ადასტურებს მომჩივნის არგუმენტს, რომ მისი დაკავება, პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობასთან ერთად, მის მიმართ თვეების მანძილზე განგრძობადი სიტყვიერი მუქარა და დისკრედიტაცია იყო დამოუკიდებელი მედიის გაჩუმებისა და საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ფართომასშტაბიანი მცდელობის ნაწილი.

დამკავებელმა პოლიციელმა ანრი ფხაკაძემ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე დაადანაშაულა, რომ ის აგინებდა პოლიციელებს, ეძახდა მათ მონებს, ხელს უშლიდა მუშაობაში და ცდილობდა პოლიციელებისთვის გამოეგლიჯა, წაერთმია ერთ-ერთი დაკავებული პირი. სინამდვილეში, კეკელიძის ქუჩაზე ვიდეოსამეთვალყურეო სისტემიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებული უწყვეტი კადრებით, დასტურდება, რომ ჟურნალისტს პოლიციელებთან არც ფიზიკური და არც ვერბალური კომუნიკაცია არ ჰქონია. ის მისვლისთანავე დააკავეს. პროკურატურამ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მისი დაკავების საქმეზე დაზარალებულად ცნო ივლისში, თუმცა ამ დრომდე არცერთი პოლიციელი არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. პირიქით, ერთ-ერთი მათგანი დააწინაურეს და სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში