საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პროკურატურამ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მისი დაკავების საქმეზე დაზარალებულად ცნო

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:02 - 03 ივლისი 2024 hits 3147

გენერალურმა პროკურატურამ მთის ამბები / საქართველოს ამბების რედაქტორი, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი დაზარალებულად ცნო პოლიციელების მიერ მისი დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ფიზიკური ძალადობის საქმეში, რომელზეც გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-1 და 333-3-ბ მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გელა მთივლიშვილი 2024 წლის 23 იანვარს დააკავეს. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ. ჟურნალისტი თბილისში, კეკელიძის ქუჩის N1-ში, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების პროცესის გასაშუქებლად 2 წუთის მისული იყო, როდესაც დააკავეს.

გელა მთივლიშვილის თქმით, დაკავების შემდეგ, პოლიციის ავტომობილში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს და ახრჩობდნენ. ჟურნალისტს თავისუფლება 6 საათის განმავლობაში შეზღუდული ჰქონდა, რის შემდეგაც ხელწერილით გაათავისუფლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 იანვარს გამართულ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებად წარადგინა კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს გადაღებული ვიდეო, თუმცა დროის იმ მონაკვეთში გელა მთივლიშვილი კეკელიძის ქუჩაზე საერთოდ არ ყოფილა. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა გაიზიარა დამკავებლებიდან ერთ-ერთი პოლიციელის, ანრი ფხაკაძის ცრუ ჩვენება.

სასამართლო სხდომაზე პოლიციელმა თქვა, რომ მთივლიშვილი მათ დედას აგინებდა, ხმამაღლა მონებს უწოდებდა და ოთხი პოლიციელისთვის დაკავებული პირის წართმევას, „ხელით წაგლეჯვას“ ცდილობდა.

შსს-მ სასამართლოს ვერ წარუდგინა მთივლიშვილის მხრიდან კანონის დარღვევის დამადასტურებელი რაიმე ჩანაწერი, რომელიც სამხრე კამერით ან კეკელიძის ქუჩაზე არსებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემით იქნებოდა გადაღებული. სანაცვლოდ, ჟურნალისტის ადვოკატებმა მარიამ პატარიძემ და ვლადიმერ ქუთათელაძემ მოსამართლეს წარუდგინეს თავად ჟურნალისტის მიერ, ტელეფონით გადაღებული უწყვეტი ვიდეო, საიდანაც ჩანს, რომ მთივლიშვილს საერთოდ არ ჰქონია სიტყვიერი კომუნიკაცია და მითუფრო ფიზიკური შემხებლობა პოლიციელებთან, მათგან 3-4 მეტრით იყო დაშორებული, არაფერი უთქვამს და მხოლოდ აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავების პროცესს იღებდა. ამასთან, სხდომაზე ჟურნალისტის ადვოკატების მიერ მოწვეულმა თვითმხილველმა, სასამართლოს დაუდასტურა, რომ მთივლიშვილს პოლიციელებთან კონტაქტი საერთოდ არ ჰქონია, ის უცებ დააკავეს და წაიყვანეს. ამის მიუხედავად, მოსამართლე შჩერბაკოვმა, რომელიც ცნობილია ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ მიკერძოებული, ხელისუფლებისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებით, გელა მთივლიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. ჟურნალისტმა გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, მაგრამ ზემდგომმა ინსტანციამ ის უცვლელი დატოვა.

უკანონოდ დაკავების, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის და ფიზიკური ძალადობის ფაქტებზე, ჟურნალისტმა დაკავების დღესვე მიმართ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. გამოძიებამ მოიპოვა კეკელიძის ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის სამეთვალყურეო სისტემიდან ვიდეოჩანაწერი, რომელიც მთლიანად ადასტურებს მთივლიშვილის უდანაშაულობას.

მოწმემ, რომელიც ასევე დაკავებული იყო და პოლიციის ავტომობილში მთივლიშვილთან ერთად იმყოფებოდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დაუდასტურა, რომ პოლიციელებმა ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს.

გენერალურმა პროკურატურამ გელა მთივლიშვილი დაზარალებულად გამოძიების დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ ცნო.

გელა მთივლიშვილი იმ ოთხი პოლიციელის სამსახურიდან გათავისუფლებას და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს, რომლებმაც ის უკანონოდ დააკავეს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და პოლიციის ავტომობილში მასზე ფიზიკურად იძალადეს. მთივლიშვილი პოლიციელებს პროკურატურაში უჩივის სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის გამოც. ჟურნალისტი უკანონოდ მიიჩნევს ორივე ინსტანციის გადაწყვეტილებას მისი დაჯარიმების შესახებ, თუმცა ამგვარ საქმეზე გადაწყვეტილებები უზენაეს სასამართლოში აღარ საჩივრდება.

უახლოეს დღეებში, სოციალური სამართლიანობის ცენტრის დახმარებით, გელა მთივლიშვილი სარჩელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

მთივლიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში აქვს გასაჩივრებული მისი დაკავების კანონიერების ოქმიც, მაგრამ სამინისტროს ამ დრომდე გადაწყვეტილება არ მიუღია.

ჟურნალისტი მის უკანონოდ დაკავებას და პოლიციელების მხრიდან გამოვლენილ აგრესიას, შოვის ტრაგედიაზე ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლების პირველი პირების მიერ, მის მიმართ გაკეთებულ, სიძულვილის ენის შემცველ და ანგარიშსწორების წამახალისებელ განცხადებებს უკავშირებს.  

14 მაისს, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ, თბილისში, პარლამენტთან გამართული მშვიდობიანი დემონსტრაციის დროს, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ კონტექსტში გელა მთივლიშვილის სახელსა და გვარს სკანდირებდნენ და ხელების ფიზიკური მოძრაობით ერთმანეთს მასზე მიუთითებდნენ. ჟურნალისტი იმ დროსაც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში