საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

პაპუაშვილი EU-სგან განმარტებას ითხოვს, რატომ მოხვდა შოვზე საგამოძიებო მასალა ფინალისტებში

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:01 - 20 თებერვალი 2024 hits 2962

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან განმარტებას ითხოვს, როგორ მოხვდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით „მთის ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის სტატია, ევროკავშირის პრიზის ფინალში, საუკეთესო საგამოძიებო ნამუშევრების კატეგორიაში.

პაპუაშვილისთვის ამ საკითხზე კითხვა არავის დაუსვამს. პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარის გაკეთებას საგნობრივი შინაარსის მქონე საკითხებზე საუბარი ურჩევნია.

ჟურნალისტს რომ უწოდებენ, მთივლიშვილს ვგულისხმობ, რომელიც სტიქიის დღეებში პანიკას აწყობდა ტყუილებით და შემდეგ, სამწუხაროდ, ევროკავშირის კონკურსში ფინალშიც კი გავიდა ე.წ. საგამოძიებო ჟურნალისტიკის კატეგორიაში სტატია, რომელშიც ეწერა ტყუილები.

ახლა ევროკავშირის კონკურსში რომ ფინალამდე აღწევს ასეთი სახის სტატია და ეს ხომ არ არის უბრალოდ ტყუილი? ამის მიზანი იყო პანიკის დათესვა საზოგადოებაში, განსაკუთრებით სტიქიის დღეებში ისტერიის შექმნა და ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანების განწყობა. როდესაც ასეთი სამუშაოთი არის დაკავებული ადამიანი, რომელიც თავს ჟურნალისტს ეძახის და შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც ჟურნალისტურმა სამყარომ ამხილოს ასეთი დეზინფორმაცია, ეთიკის საბჭომ იმსჯელოს ამასთან დაკავშირებით და ამხილოს, ევროკავშირის კონკურსში ფინალამდე აღწევს ტყუილებით სავსე სტატია. თან განზრახული ტყუილი იყო.

ამიტომ, მე მაქვს მოლოდინი, რომ... თუკი განზრახვა იყო, რომ ტყუილებით სავსე სტატია ყოფილიყო კონკურსის ფინალში... ის, რომ თითქოს წლებია ცნობილი იყო, რომ იქ სტიქია იქნებოდა, იყო ტყუილი; ის, რომ მდინარე იყო დაგუბებული დღეების განმავლობაში, იყო ტყუილი; ის, რომ იქ ჯებირების კონსტრუქცია რომ ყოფილიყო, გადაარჩენდა სიცოცხლეს, იყო ტყუილი. ყველაფერი რაც კი იქ იყო, თითქმის ყველაფერი იყო ტყუილი და როდესაც ასეთი ტყუილი სტატია ევროკავშირის ორგანიზებულ კონკურსში გადის ფინალამდე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, განმარტება გაკეთდეს, ვინ იყო იქ კომისიაში და რამდენად იღებს პასუხისმგებლობას ევროკავშირი ასეთ კონკურსებზე“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა.

„მთის ამბების“ რედაქტორის, გელა მთივლიშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადება იმ აგრესიული კამპანიის გაგრძელებაა, რომელიც მან და ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა „მთის ამბების“ მიმართ, შოვის ტრაგედიის პირველივე დღეებში დაიწყეს.

„მაშინაც ვთქვით, რომ ეს თავდასხმები საფრთხეს უქმნის ჩვენი ჟურნალისტების ფიზიკურ ხელშეუხებლობასა და პროფესიულ საქმიანობას, ახალისებს ძალადობას, რაც უკვე არაერთხელ გამოვცადეთ, მათ შორის, 23 იანვარს, როცა პოლიციელებმა უკანონოდ დამაკავეს და მერე სისტემის მსახურმა მოსამართლე შჩერბაკოვმა, სრულიად უსაფუძვლოდ, მხოლოდ პოლიციელის ცრუ ჩვენებით, 2000 ლარით დამაჯარიმა. ჩვენ ვაგრძელებთ შოვის ტრაგედიის ჟურნალისტურ გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ამ დრომდე არ გვაძლევს საჯარო ინფორმაციას და სასამართლოში რამდენიმე სარჩელი გვაქვს“, - აღნიშნავს მთივლიშვილი.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას პაპუაშვილის განცხადებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კურორტ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები. „მთის ამბები“ შოვის ტრაგედიას სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან აშუქებს. ხელისუფლების მხრიდან ხელშეშლის მიუხედავად, გამოცემამ ოქტომბერში გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება - დანაშაული შოვში.

გამოიძიებამ აჩვენა, რომ სტიქია შოვში ათწლეულების განმავლობაში მოსალოდნელი იყო. ამას ათობით დოკუმენტი, კვალიფიციური კვლევები, გეოლოგიური რუკები და მომხდარი სტიქიები მიუთითებდა. მიუხედავად ამისა, საკურორტო ზონაში ერთი საევაკუაციო გეგმა, დაფა, ფირნიშიც კი არ არსებობდა. ხელისუფლების დანაშაულებრივი გულგრილობის გამო სრულად არ აშენდა ჯებირი მდინარე ბუბაზე, რომელმაც გადაარჩინა „სანსეტის“ დამსვენებლები და ურომლისოდაც დაიღუპა მამისონის კოტეჯების ყველა ბინადარი. სტიქიის შემდეგ სამაშველო ოპერაცია არაკოორდინირებული იყო. არ არსებობდა პროტოკოლი, მაშველებს არ ჰქონდათ საჭირო აღჭურვილობა, დაიკარგა ყველაზე ძვირფასი პირველი საათები. ადამიანები სიკვდილთან პირისპირ დარჩნენ. სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის დაგვიანებით დაიწყო, 3 აგვისტოს შებინდებისთანავე კი შეწყდა. მთელი ღამის განმავლობაში არ უფრენია ვერტმფრენს, არ უმუშავია მაშველს, არ გამოუყენებიათ დრონები. არ ჩატარდა სათანადო საგამოძიებო მოქმედებები, ცხედრები პროზექტურაში სავალდებულო პროცედურების გარეშე გადაასვენეს, რამაც სიკვდილის ზუსტი მიზეზისა და დროის დადგენა შეუძლებელი გახადა.

„მთის ამბების“ საგამოძიებო ფილმმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისგან საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიების ჯილდო მიიღო. მასალა მოხვდა კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ფინალისტებს შორის, კატეგორიაში „საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი“, თუმცა კონკურსი სხვა ავტორის მიერ, სხვა თემაზე მომზადებულმა გამოძიებამ მოიგო.

შოვის ტრაგედიის სიღრმისეულად და კრიტიკულად გაშუქების გამო „მთის ამბები“ არაერთხელ გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მხრიდან თავდასხმის სამიზნე.

5 აგვისტოს შალვა პაპუაშვილმა „მთის ამბებს“ მოუწოდა, წაეშალა ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია. გამოცემა წერდა, რომ ფოტოზე მდგომი კაცი ერთ-ერთი დაკარგულის მამა იყო, რომელიც მეორე დღეა თავისი შვილის ამბის გაგებას ელოდა.

8 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარემ საბოტაჟში დაადანაშაულა დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე, გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ და ონლაინგამოცემა „მთის ამბები“.

„როდესაც საქმე გვაქვს ბუნებრივ კატასტროფასთან და კრიზისულ მომენტებზე, როდესაც ხდება პირდაპირ საბოტაჟი ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით, აქ რა თქმა უნდა სერიოზული კითხვის ნიშნები ისმის ამ ორგანიზაციების დონორების მიმართ - „მწვანე ალტერნატივა“ და „მთის ამბები“, მათი დონორების მიმართ, უცხოელი დონორები არიან.

ჩვენ ბევრი სამძიმარი მივიღეთ სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს სამძიმარი კარგია, მაგრამ როდესაც აფინანსებენ ორგანიზაციებს, რომლებიც პირდაპირ საბოტაჟს უწყობენ, კრიზისულ მომენტში ცდილობენ, რომ პანიკა დათესონ, დეზორიენტაცია საზოგადოების, ეს რა ქცევაა ან რისი დაფინანსებაა საერთოდ.

არ ვიცი, ვინ არიან ახლა ამ ორგანიზაციების დონორები, მაგრამ ვინც არიან, მოვუწოდებ, რომ ჩახედონ რას აფინანსებენ და რა არის. ეს არის მეგობრობა ხალხის მიმართ? როდესაც კრიზისულ მომენტში მათ მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები პირდაპირ საბოტაჟს უწევენ მთლიანად პროცესს და ცდილობენ პანიკის დათესვას. აი, ეს არის მთავარი პრობლემა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დეზინფორმაციაზე, რომელსაც სხვა დროს კიდევ შეიძლება რაღაცნაირად ვუმკლავდებოდეთ და ნაკლებად ემოციურიც ვიყოთ ამის მიმართ, შეჩვეულიც ვართ, მაგრამ ამ დროს, როცა ტრაგედიაზე გვაქვს საუბარი და კატასტროფიდან გამომდინარე კრიზისული მომენტების მართვა არის, ამ დროს როდესაც ხდება ზურგში დანის ჩაცემა, აი, ასეთი მედიასაშუალებების მხრიდან და ასეთი ენჯეოების მხრიდან, რა თქმა უნდა, აქ არის პასუხისმგებლობა მათი დონორების და მოვუწოდებ მათ, რომ ამაზე დაფიქრდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

იმავე დღეს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთის ამბების“ რედაქტორს „არაკაცი“ უწოდა.

შალვა პაპუაშვილი „მთის ამბებს“ თავს დაესხა 9 აგვისტოს და 14 სექტემბერსაც.

„ჩვენ კრიზისულ სიტუაციაში ვნახეთ თვითგამოცხადებული ჟურნალისტი, რომელიც ტყუილის გავრცელებით პანიკას თესდა მოსახლეობაში“, - თქვა პაპუაშვილმა 14 სექტემბერს და „მთის ამბები“ „ცალმხრივი და გადაუმოწმებელი ჟურნალისტიკის“ მაგალითად დაასახელა.

„გელა მთივლიშვილი საერთოდ სამარცხვინო კაცია. ...ასეთ ადამიანებზე ლაპარაკი მედიის კონტექსტში არის აბსოლუტურად არასწორი. არაფერი კავშირი არ აქვს მედიასთან და ჟურნალისტიკასთან გელა მთივლიშვილს“, - აღნიშნა კობახიძემ იმავე დღეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში