საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების ლიცენზია 17 წლის განმავლობაში პირველად გასაჩივრდა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:09 - 08 დეკემბერი 2023 hits 7864

ჭიათურის სოფლებში დარკვეთში, მღვიმევში, ხალიფაურში, რგანში, თაბაგრებში და სხვაგან საგანგაშოდ მძიმე მდგომარეობაა. ასობით ჰექტარი მანგანუმის ღია კარიერული წესით მოპოვების შედეგად გადათხრილი და წლების განმავლობაში მიტოვებულია, გაჩეხილი და განადგურებულია ტყეები. წყლით სავსე თხრილში ადამიანიც დაიხრჩო. მადნის მომპოვებელი საბადოებიდან 30 კმ-მდე დაშორებულ სოფლებშიც კი, ატმოსფერული ჰაერი დაბინძურებულია და ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. ნიადაგში მძიმე ლითონების - დარიშხანისა და ტყვიის კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმებზე ბევრად მაღალია. მძიმე მეტალებით საგანგაშოდ არის დაბინძურებული მდინარე ყვირილა და მისი შენაკადებიც. ზოგიერთ სოფელში აღარ არსებობს სამანქანო გზები და გადაუდებელ შემთხვევებში ადამიანებს ხელი არ მიუწვდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სერვისებზე. ბავშვებს სკოლაში სიარული საფეხმავლო ბილიკებით უწევთ, რაც კარიერებზე გადის. ნალექიან ამინდში მანგანუმის მოსაპოვებლად გადათხრილ ადგილებში მძაფრი სუნი დგას, რის გამოც ადამიანები გონებას კარგავენ.

„მთის ამბების“ ჟურნალისტური გამოძიებით დადასტურდა, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“, რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებით კოლოსალურ ფინანსურ სარგებელს ნახულობს (ოფიციალური მონაცემებით, წლიურად 96 მილიონიანი მოგება), ტოტალურად უგულებელყოფს კანონებს, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ბუნებას, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას, პირდაპირ მიწაში მარხავს მათ ქონებას და მომავლის პერსპექტივას. ამ დანაშაულებრივ საქმეში „ჯორჯიან მანგანეზის“ მოკავშირე და მფარველი სახელმწიფოა.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის მუნიციპალიტეტში 16430 ჰექტარზე მანგანუმის მოპოვების ლიცენზიას 2006 წლის 19 დეკემბრიდან ფლობს, 40 წლით. ლიცენზია ისე გაიცა, რომ გადაწყვეტილების მიღების არცერთ ეტაპზე მოსახლეობას და გარემოსდაცვით ორგანიზაციებს არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2013-2017 წლებში კომპანიას გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის 416 მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა. ამ საბაბით, 2017 წელს სახელმწიფომ „ჯორჯიან მანგანეზში“ სამი წლით, სპეციალური მმართველი შეიყვანა - „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ნიკოლოზ ჩიქოვანი, რომელიც წარსულში ფინანსური დანაშაულისთვის იძებნებოდა. ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ კომპანიას ჯარიმა, თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი ჩამოაწერეს.

მე-7 წელია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ბუაჩიძის დროებითი განჩინებით საწარმოს სპეციალური მმართველი ისე მართავს, რომ სასამართლოში სარჩელი შეტანილი არ არის და რაიმე დავა არ მიმდინარეობს, რაც იურისტების თქმით, უკანონოა.

„მთის ამბების“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ საწარმოში სპეციალური მმართველობის რეჟიმის შემოღების შემდეგ ჭიათურის მუნიციპალიტეტში გარემოს მდგომარეობა რადიკალურად დამძიმდა და ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი სიტუაციაა შექმნილი.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მმართველის შეყვანის შემდეგ, გარემოსთვის მიყენებულ ზიანს აღარ იკვლევს და დარღვევებზე არ რეაგირებს.

ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით, საქართველოს მთავრობას საჩივრით სოფელ ხალიფაურში მცხოვრებმა 87 წლის გურამ გაფრინდაშვილმა მიმართა.

გურამ გაფრინდაშვილი ერთადერთი ადამიანია მთელ ჭიათურაში, რომელმაც ამ პრობლემაზე სამართლებრივი დავის დაწყება გაბედა და ლიცენზიის გაუქმებას ღია კარიერული წესით მოპოვების ნაწილში ითხოვს.

ის ერთხელ, 30 წლის წინ, უკვე გახდა იძულებული სხვაგან გადასახლებულიყო, რადგან მადნის მოპოვების გამო მის უბანში მეწყრული პროცესები განვითარდა. მას და მის მეზობლებს, 25 ოჯახს, ახალი სახლების ასაშენებლად ტერიტორია იმავე სოფელში გამოუყვეს, იქ, საიდანაც მადანი უკვე ამოღებული ჰქონდათ. 10 წლის წინ, გურამ გაფრინდაშვილის სახლის მიმდებარედ, ერთხელ დამუშავებულ ტერიტორიას „ჯორჯიან მანგანეზის“ ექსკავატორებით მეორედ მიადგნენ და მის სახლსაც ნელ-ნელა მიუახლოვდნენ. „მადანი ჩემს ირგვლივ ეზოებსა და სახლების ქვეშაც ყოფილა დარჩენილი. ამ ადგილების გადათხრაც სურთ. არ მინდა, რომ გადასახლება მეორედ მომიწიოს“, - უთხრა „მთის ამბებს“ გურამ გაფრინდაშვილმა. მას მხარდაჭერას არასამთავრობო ორგანიზაციები „მწვანე ალტერნატივა“, „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ და „მომავლის ჭიათურა“ უწევენ.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. „მთის ამბების“ საგამოძიებო ფილმი აჩვენებს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში კონსტიტუციის ეს მუხლი არ მოქმედებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2017 წელს მიღებული აქვს გადაწყვეტილება საქმეზე „ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. მომჩივნები დავობდნენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლების სიახლოვეს მდებარე თბოელექტროსადგური საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა:

„იმ შემთხვევაშიც, თუ დავუშვებთ, რომ ჰაერის დაბინძურებას არ გამოუწვევია განმცხადებლების ჯანმრთელობის არსებითი დაზიანება, ისინი, სულ მცირე, გახდნენ მოწყვლადები სხვადასხვა დაავადების მიმართ. ეჭვგარეშეა, რომ ამან უარყოფითად იმოქმედა მათი ცხოვრების ხარისხზე საკუთარ სახლში.

განმცხადებელთა უფლებებში ჩარევამ საკმარის ხარისხს მიაღწია იმისათვის, რომ მოექცეს კონვენციის მე-8 მუხლის დაცვის ფარგლებში. ამ საქმის მთავარი არსი არის თბოელექტროსადგურის საშიშროების შემცველი საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობა და ამის შედეგად, ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოუგვარებლობა ხელისუფლების მიერ.

სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, საშიშ საქმიანობებთან დაკავშირებით, მათი სპეციფიკური მახასიათებლებისა და შესაძლო რისკების დონის გათვალისწინებით, მიიღონ შესაბამისი რეგულაციები; კერძოდ, უნდა იყოს მოწესრიგებული ლიცენზიების გაცემა, სადგურის მოწყობა, ფუნქციონირება, უსაფრთხოება და საქმიანობის ზედამხედველობა.

რეგულაციები სავალდებულო უნდა იყოს ყველა შესაბამისი სუბიექტისთვის, რათა მათ მიიღონ ზომები იმ პირთა დასაცავად, რომლებიც, შესაძლოა, საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ. განსახილველ საქმეში ასეთი საკანონმდებლო მოწესრიგების არარსებობამ გამოიწვია თბოელექტროსადგურის ფუნქციონირება საჭირო უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე.

არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა მთავრობის პასიურმა დამოკიდებულებამ მცხოვრებლების პრობლემის მიმართ. სადავო მდგომარეობა მოვლენათა უეცარი განვითარების შედეგი არ ყოფილა, არამედ წარმოადგენდა დიდი ხნის განმავლობაში არსებული პრობლემით გამოწვეულ ვითარებას, რომელიც ცნობილი იყო შესაბამისი უწყებებისთვის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ თბოელექტროსადგურს დაევალა შესაბამისი ფილტრებისა და გამწმენდი მოწყობილობების დამონტაჟება, რათა შემცირებულიყო ჰაერში გამოყოფილი ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედება კორპუსის მცხოვრებლებზე, აღნიშნული მოთხოვნის შესრულების კონტროლის მიზნით კომპეტენტურ უწყებებს არასოდეს მიუღიათ ეფექტიანი ზომა.

იმის მიუხედავად, რომ ეროვნულ ხელისუფლებას გააჩნია თავისუფალი შეფასების არეალი გარემოს დაცვის საკითხებში, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სახელმწიფომ ვერ მოახერხა სამართლიანი ბალანსის დაცვა საზოგადოების ინტერესსა, რომ ჰქონოდათ მოქმედი თბოელექტროსადგური და განმცხადებელთა მიერ საკუთარი საცხოვრებლითა და პირადი ცხოვრების უფლებით სარგებლობას შორის“.

„ჯორჯიან მანგანეზის“ უკონტროლო საქმიანობით ჭიათურის სოფლებში ჰაერის დაბინძურებას ადასტურებს პროკურატურაში ფორმალურად აღძრული სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეც. სწორედ იმაზე აპელირებით, რომ ჰაერის ხარისხის შემოწმების დასკვნები სისხლის სამართლის საქმის მასალების ნაწილია და „მისი გასაჯაროება გამოძიებას ხელს შეუშლის“, „მთის ამბებს“ უკანონოდ უთხრეს უარი დოკუმენტების გადმოცემაზე. ამიტომაც, გამოცემას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წინააღმდეგ, უკვე 6 თვეა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი. კანონმდებლობით მოსამართლე ვალდებულია საქმე მაქსიმუმ 5 თვის განმავლობაში განეხილა, არადა ჯერ პირველი სხდომაც არ არის ჩანიშნული.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში