საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

„მთის ამბების“ რედაქტორმა შს სამინისტროს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:56 - 11 ოქტომბერი 2023 hits 3757

ონლაინგამოცემა „მთის ამბების“ რედაქტორმა შინაგან საქმეთა სამინისტროს და დუშეთის პოლიციის სამმართველოს განყოფილების უფროსის ტარიელ ჩიხაშვილის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. გელა მთივლიშვილი ცილისწამების ფაქტის დადგენას და პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას ითხოვს.

დუშეთის პოლიციის განყოფილების უფროსმა ტარიელ ჩიხაშვილმა „მთის ამბების“ რედაქტორი მოსახლეობისთვის ფულის გამოძალვაში 2023 წლის 9 სექტემბერს დაადანაშაულა. ჟურნალისტი ხევსურეთში უშუქოს სოფლების მცხოვრებლების მიერ გამართული აქციის გასაშუქებლად იყო ჩასული.

პოლიციელები უკანონოდ ზღუდავდნენ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მათ გზა მანქანებით გადაკეტეს, მოქალაქეები და ჟურნალისტები აქციის ადგილამდე რომ არ მისულიყვნენ.

„შენ ხალხს ფულს სძალავ. შენ არც საქართველოზე ფიქრობ, არც ხალხზე ფიქრობ. ფულის მეტს არაფერს შოულობ ამ გაშუქებით. სოფლელ ხალხს ფულს სძალავ. შენა ხარ ეგ კაცი. ...მაღლა ფრინავ. შენ ხევსურეთში არ უნდა გიშვებდნენ“,

ასე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს დუშეთის სამმართველოს განყოფილების უფროსმა ჟურნალისტს. ცილისწამების დროს პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობებს ასრულებდა.

ჟურნალისტმა პოლიციის განყოფილების უფროსს იქვე უთხრა, რომ ცილისწამებისთვის სასამართლოს მიმართავდა, რასაც სამათალდამცავმა ირონიით უპასუხა: „აბა, სხვა შანსი შენ არ გაქვს. შენ სხვა მეტი რა იცი“.

ფულის გამოძალვა სისხლის სამართლის კოდექსის გათვალისწინებული დანაშაულია და სასჯელის სახით, ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

15 სექტემბერს „მთის ამბებმა“ წერილობით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს და დუშეთის სამმართველოს განყოფილების უფროსის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული სათანადო ღონისძიებების გატარება მოითხოვა. სამინისტრომ რეაგირება არ მოახდინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გელა მთივლიშვილის მიმართ, ფულის გამოძალვის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ასევე, არ იძებნება რაიმე სახის საჩივარი ან განცხადება, „მთის ამბების“ რედაქტორის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, „მთის ამბების“ რედაქტორის ან გამოცემის სხვა რეპორტიორის მიმართ, 2020 წლიდან ეთიკის ქარტიისთვის არ მიუმართავთ არცერთი განცხადებით პროფესიული სტანდარტების დარღვევასთან დაკავშირებით.

„მთის ამბების“ რედაქტორი ითხოვს დაევალოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და დუშეთის სამმართველოს განყოფილების უფროსს ტარიელ ჩიხაშვილს, უარყონ გელა მთივლიშვილის მიმართ გავრცელებული პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცია, ცილისწამების ფაქტი იმავე საშუალებით, რა საშუალებებითაც მოხდა მისი გავრცელება, კერძოდ, „მთის ამბების“ და „მთავარი არხის“ მეშვეობით.

ცილისწამებასთან დაკავშირებულ სარჩელებს თბილისის საქალაქო სასამართლო სწრაფად იხილავს მაშინ, როდესაც ჟურნალისტებს მმართველი პარტიის ლიდერები, მათი ოჯახის წევრები ან სხვა მაღალი თანამდებობის პირები უჩივიან. ამიტომ, ყურადღებით დავაკვირდებით, ვისარგებლებთ თუ არა ამ შემთხვევაში სწრაფი მართლმსაჯულებით, როცა ცილისწამების უარყოფას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვითხოვთ.

საჯარო უწყებების და თანამდებობის პირების მხრიდან ეს საინფორმაციო ცენტრების ქსელის („მთის ამბების“ გამომცემელი ორგანიზაცია) მიმართ ცილისწამების, მითუფრო სისხლის სამართლის დანაშაულის დაბრალების პირველი შემთხვევა არ არის. 2015 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა, კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მუქარით ფულის გამოძალვაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც გამოცემამ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც მოგვითხრობს როგორ იყენებდა კახეთის გუბერნატორის ოჯახი საკუთარი საწარმოების მშენებლობის პროცესში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სპეცტექნიკას უფასოდ და ბიუჯეტის ხარჯზე; როგორ ავალდებულებდნენ დასუფთავების სამსახურის მუშებს ანაზღაურების გარეშე ემუშავათ შიოლაშვილის ოჯახის კუთვნილ ნაკვეთებში, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ; როგორ გარდაიცვალა გუბერნატორის მამის გენადი შიოლაშვილის მიწის ნაკვეთში დედოფლისწყაროს დასუფთავების სამსახურის ერთ–ერთი მუშა ნუგზარ ჯინაშვილი და რატომ არ გამოიძია ეს საქმე პოლიციამ; როგორ დაისაკუთრა კახეთის გუბერნატორის მამამ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული სახელმწიფო ქონება; როგორ იყენებდა უსასყიდლოდ გუბერნატორის დედა დედოფლისწყაროს გამგეობის შენობაში არსებულ ფართს კომერციული მიზნით და ა.შ. ჟურნალისტს სამი წელი დასჭირდა, რათა სამართლებრივად დაემტკიცებინა, რომ გუბერნატორმა მას გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ ცილი დასწამა. 2018 წლის 17 იანვარს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და გუბერნატორს ცილისწამების უარყოფა დაავალა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში