საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ნამახვანის“ დამღა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

20:58 - 30 სექტემბერი 2023 hits 10446

რიონის ხეობა იცლება და ვინც ამ დრომდე იქ რჩება, მუდმივი შფოთვით ცხოვრობს. ბრძოლა „ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ დაუსრულებული გამოდგა. მთავრობა ჰესების კასკადის მშენებლობას ისევ აანონსებს.

„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს გაჩნდა, 1969 წელს. სოფელ ნამოხვანთან თაღოვან-კაშხლიანი გიგანტური ჰესის აშენებას საბჭოთა კავშირის ენერგეტიკის სამინისტრო აპირებდა. კაშხლის სიმაღლე 161 მეტრი უნდა ყოფილიყო, ჰესის სიმძლავრე 500 მგვტ. პროექტი საბოლოოდ 1985 წელს დამტკიცდა. იმ დროიდან მოყოლებული ლეჩხუმის სოფლების მოსახლეობა სრულ ბუნდოვანებაშია.

სოფელ მექვენას მკვიდრი მაკა სულაძე 53 წლისაა. სახლი, რომელშიც ახლა ცხოვრობს, მისი დაბადების წელს აშენდა.

„მაშინაც მამაჩემს ეუბნებოდნენ, ამას რომ აშენებ, „ნამახვანი ჰესი“ შენდება და შენ რისი იმედი გაქვსო?“, - იხსენებს მაკა, თუმცა საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებამ და საბჭოთა კავშირის დაშლამ, ჰესის მშენებლობა დიდი ხნით შეაჩერა.

2008 წელს საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბჭოთა პერიოდში ინიცირებული პროექტები „გაეცოცხლებინა“. ერთ-ერთი „ნამახვანი ჰესი“ იყო.

მაკა ამბობს, რომ სწორედ იმ დღიდან იწყება მისი და მისი ოჯახის ჯოჯოხეთი. მოსახლეობა კვლავ გაურკვეველ მდგომარეობაში ჩავარდა. არ იცოდნენ, შეძლებდნენ თუ არა ცხოვრების გაგრძელებას საკუთარ მიწაზე. თურქულ-კორეული კონსორციუმის მიერ, 2011 წელს გამოქვეყნებული პროექტი, საბჭოთა პერიოდში მომზადებულისგან განსხვავებით, სამი ჰესისგან შედგებოდა და სამი მუნიციპალიტეტის - ცაგერის, წყალტუბოსა და ტყიბულის ტერიტორიას მოიცავდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს, კონსორციუმმა მემორანდუმით აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და პროექტი შეჩერდა.

ნუგზარ გოდოლაძე სოფელ ქორენიშის მკვიდრია. ახსოვს, რას ჰპირდებოდა „ქართული ოცნება“ 2012 წელს ლეჩხუმის მოსახლეობას - „ნამახვანი ჰესი“ აღარასდროს აშენდებოდა. 2019 წელ კი, მთავრობამ თურქულ კომპანია „ენკა რინიუებლზს“ რიონის ხეობაში 600 ჰექტარზე მეტი ფართობი გადასცა, 300-ჰექტრამდე საკუთრებაში, დანარჩენი 99 წლიანი იჯარით. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამ განკარგულებას ხელი ისე მოაწერა, ჯერ კვლევებიც კი არ არსებობდა, შეიძლებოდა თუ არა საერთოდ ამ ტერიტორიაზე გიგანტური ჰესის მშენებლობა.

მაშინ რიონის ხეობის მცხოვრებლებმა იმერეთის გუბერნატორს მმართველი პარტიის მიერ დადებული პირობა შეახსენეს, რაზეც პასუხად მიიღეს: „ეს დაპირება 2012 წელს იყო და 2016 წლის არჩევნებისთვის ამას აღარ დაგპირებივართო“.

უკვე 2021 წელს, როცა ხალხის ძლიერმა პროტესტმა „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობა შეაჩერა, მთავრობამ ეს „ხალხთან სათანადო კომუნიკაციის არქონით“ ახსნა და „გამოსწორების“ პირობა დადო.

2022-2023 წლებში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერე განაცხადა, რომ დიდი ჰესები, როგორიცაა „ნამახვანი ჰესი“, „ხუდონჰესი“ და „ნენსკრა ჰესი“ სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. 

„მთის ამბებმა“ ამჯერად რიონის ხეობის ოთხ სოფელში - ორხვში, მექვენაში, ქორენიშსა და ნამოხვანში მოიკითხა, ამჯერად მაინც თუ აქვს მთავრობას კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომელთა სახლებიც უნდა დაიტბოროს და სხვაგან გადასახლდნენ.

ნუგზარ გოდოლაძე, ქორენიშის მკვიდრი: „არასდროს. არც მაშინ ყოფილან, არც ახლა მოსულან.“

ვალერი ასათიანი, ორხვის მკვიდრი: „არა, ვინ გველაპარაკება?! მაგას ვიბრძვით მთელი რიონის ხეობის მოსახლეობა, რომ ხელისუფლება დაგველაპარაკოს!“

მაკა სულაძე, მექვენას მკვიდრი: „ჩვენ ხომ საერთოდ არ გვთვლიან ადამიანებად. ჩვენ მაგათი ტოლი და სწორი არა ვართ და კომუნიკაცია როგორ ექნებათ.“

ლალი ეფრემიძე რიონის ხეობაში 48 წელია ცხოვრობს. მისთვის წარმოუდგენელია, როგორ უნდა შეძლოს სახლ-კარის მიტოვება და მამაპაპისეული ადგილიდან აყრა:  

„ხალხისთვის რა არის კარგი, ერთი ეს მაინტერესებს! წყალში ჩაძირული ხეობა?! განადგურებული სოფლები?! გაქცეული ხალხი?!“

„ჩვენ ვართ უარზე, ვიქნებით უარზე იმიტომ, რომ ვიცით, აქ რაც დაგვემართება და რაც დაემართება დასავლეთ საქართველოს“, - ვალერი ასათიანი წინააღმდეგია აშენდეს გიგანტური ჰესი, რომელიც ბოლო პროექტის თანახმად, ორი ჰესს მოიცავდა - „ზემო ნამახვანი ჰესს“ 100 მგვტ დადგმული სიმძლავრით და „ქვემო ნამახვანი ჰესს“ - 324 მგვტ დადგმული სიმძლავრით. „ზემო ნამახვანი ჰესის“ კაშხლის აშენება დაგეგმილია სოფელ ტვიშის მიმდებარედ. კაშხლის სიმაღლე 56 მეტრია. ჰესისთვის დაახლოებით 1000 ჰექტარი ტერიტორია დაიტბორება. „ქვემო ნამახვანი ჰესის“ სათავე ნაგებობისთვის 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობაა დაგეგმილი სოფელ ნამოხვანის ზემოთ, მდინარე რიონის ვიწრო ხეობაში. აქ 500 ჰექტარზე მეტი იტბორება. „ქვემო ნამახვანის ჰესისთვის“ დაგეგმილია 4 400 მეტრის გვირაბის მშენებლობა (დიამეტრი 9 მეტრი), რომელშიც მდინარე რიონს მოაქცევენ.

ჰესების კასკადის მშენებლობის შედეგად, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონის ხეობაში კულტურული მემკვიდრეობის 19 ძეგლი, აქედან 14 ეკლესია, ჰესების კასკადის უარყოფითი ზეგავლენის არეალში ექცევა. მთლიანად წყლით იფარება სოფლები მოლეკურა, ქვედა ონჭეიში და მექვენა-ვანისჭალა, ასევე 13 არქეოლოგიური ობიექტი, რომელთა ნაწილიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე V-IV ათასწლეულს, ენეოლითის ხანას განეკუთვნება.

„ნამახვანი ჰესის“ მშენებლობის იდეამ რიონის ხეობას დამღა დაადო. ყველა რესპონდენტი გვეუბნება, რომ ხეობაში დაძაბული სიჩუმეა.

„სოფელში ვარ მე და ცალკე ჩემი მეზობლები. რაღაც არის ჩვენს შორის, რაც გაწყდა და ის ძველი ურთიერთობა აღარაა, რაც იყო იქამდე, ვიდრე ხეობაში „ენკა“ შემოვიდოდა. მოსახლეობა ორად არის გაყოფილი: ვინც ჰესის მშენებელ კომპანიას სახლ-კარი მიჰყიდა და ვინც მიწა არ დათმო“, - მაკა სულაძემ „ნამახვანი ჰესის“ წინააღმდეგ ბრძოლას პირადი ცხოვრება შესწირა. დაკარგა ოჯახის წევრებიც:

„დედა ამაზე განცდით გარდაიცვალა. მამაჩემი, სრულიად ჯანმრთელი ადამიანი იყო და შეეწირა იმ ნერვიულობას, რომ მე ისეთ პირობებში ვიბრძოდი. თან გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. უნდა მებრძოლა იმისთვის, რომ ის აქედან არ გაეყვანათ.

ვერ ავიტანდი, რომ მამაჩემი აქედან, მისი სახლიდან პოლიციას გაეთრია. მე ჩემი ცხოვრებით შევეწირე ამ პროექტს.“

პროექტს შეეწირა რიონის ხეობის სოფლების მომავალიც - ქორენიშში, ორხვში, ვანისჭალაში, მექვენაში 6 წლამდე ასაკის არცერთი ბავშვი აღარ არის. ერთმანეთის მოყოლებით დაიხურა სკოლები ჟონეთში, მექვენაში, ნამოხვანში. ხეობაში უამრავ მიტოვებულ სახლს ნახავთ. ნამოხვანს ზემოთ ალპანამდე ხეობაში გამავალი სამანქანო გზაც ძალიან დაზიანებულია, მთავრობა მის რეაბილიტაციას არ გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისიდან რაჭაში ტრანსპორტი ამ გზით მოძრაობს. „ნამახვანი ჰესის“ პროექტის მიხედვით, ეს გზა იტბორება.

ვალერი ასათიანი ფიქრობს, რომ რთული ინფრასტრუქტურული პირობები სპეციალურად არის შექმნილი: „რომ შესძულდეს ჩვენს მოსახლეობას სოფლები, შესძულდეს ეს ხეობა, დატოვონ და ამის შემდეგ თვითონ [მთავრობა] მოვიდნენ, დატბორონ ეს ხეობა და ისარგებლონ ისე, როგორც მათ უნდათ. ერთადერთი, რითაც ადამიანმა შეიძლება აქ თავი გადაირჩინოს, მევენახეობა, მეღვინეობის განვითარებაა. რამდენიმე ვენახი მაქვს. კიდევ მინდოდა გამეშენებინა, მაგრამ მთელი ხეობა, ტვიშის მიმდებარე სოფლები ამ პროექტის გამო ვართ დაბრკოლებული. ეს არის უნიკალური მიკროზონა, სადაც ნახევრად ტკბილი ღვინო, ტვიში მოდის. ზემოდან დასცქერის ხვამლის მთა და ამ გარემოთია გამორჩეული. ჰესის აშენების შემთხვევაში ეს მიკროზონაც განადგურდება. აქ ისეთი ქანებია, დატბირვის შემთხვევაში ხვამლის მთა დაშლას დაიწყებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რაც შოვში მოხდა. აბა, რომელი საქართველოსთვის უნდათ ეს განვითარება ერთი გამაგებინონ!“

მთავრობა მოსახლეობას არც სვანეთში დალაპარაკებია, სადაც „ნენსკრა ჰესის“ და „ხუდონჰესის“ აშენებას გეგმავენ.

ავტორი: დავით თამაზაშვილი

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში