საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ფიცი არ გატყდება, ხაიში არ დაიტბორება - მოსახლეობა ხუდონჰესის აშენებაზე მინისტრს პასუხობს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:07 - 27 დეკემბერი 2022 hits 31150

„ან ჩვენ ვიქნებით ცოცხლები და ვიქნებით აქ, ან არ ვიქნებით ცოცხლები და მერე თუ განახორციელებენ, ნახავთ. ჩვენ ხატს ვერ გავტეხთ, გამორიცხულია. ძალით ხომ არ გაგვასახლებენ სახლებიდან?! იმ პარამეტრებით და იმ ადგილას არ დავუშვებთ ამ პროექტის განხორციელებას. ამიტომ, ვიფიქროთ ალტერნატივაზე“, - ასე ეხმაურება ახალი წლიდან ხუდონჰესის მშენებლობის დაწყების შესახებ ვიცე-პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას ხაიშის ნაფიცთა საბჭოს წევრი, ადგილობრივი მკვიდრი და მათემატიკის მასწავლებელი ზურა ნიჟარაძე. 19 დეკემბერს, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ სახელმწიფომ ხუდონჰესის პროექტი ინვესტორისგან 13.5 მლნ დოლარად გამოისყიდა და მისი მშენებლობა და 2023 წლიდან დაიწყება.

„ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მოვახერხებთ ეფექტიან კომუნიკაციას მოსახლეობასთან და გვექნება მათი მხარდაჭერაც იმიტომ, რომ ეს იქნება საქართველოს პროექტი და მოსახლეობა მიიღებს იმ ეკონომიკურ სიკეთეს, რაც ამ პროექტის განხორციელებით უნდა მივიღოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ზურა ნიჟარაძემ არ იცის, რა ან ვინ არწმუნებს ამაში ვიცე-პრემიერს, მაგრამ ნაფიცთა საბჭოს წევრებს სჯერათ ადგილობრივი მოსახლეობის სიმტკიცის, მოსახლეობა კი ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგია. 2013 წლის 8 მაისს, 200-მდე ოჯახიდან ხაიშის წმინდა გიორგის ეკლესიაში ხატზე დაიფიცეს, რომ არ დაუშვებენ ხაიშისა და მიმდებარე სოფლების, სასაფლაოების, ეკლესიების დატბორვას და წყლის ქვეშ მოქცევას, სანაცვლოდ უარს ამბობენ ნებისმიერ კომპენსაციაზე.

პროექტის მიხედვით, ხუდონჰესის კაშხლის სიმაღლე 200 მეტრია, წყალსაცავის მოსაწყობად კი 528 ჰექტარი ტერიტორია უნდა დაიტბოროს, მათ შორის, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელი გზის ნაწილი. 2000-მდე ადამიანი უნდა გაასახლონ. 2013 წელს, ხაიშის მცხოვრებლებმა ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვების მფლობელ კომპანიას საქმიანობის დაწყების უფლება არ მისცეს.

ზურა გვიხსნის, რომ წინააღმდეგობას ბევრი მიზეზი აქვს: „პირველ რიგში ამ სოფლის აყრით და აქედან ხალხის იძულებითი გასახლებით, ბევრად უფრო ცუდ შედეგს მიიღებს ქვეყანა, ვიდრე ამ სოფლის შენარჩუნებითა და ალტერნატიული ვარიანტის განხორციელებით. 1979 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ 2014 წლის სტატისტიკას, ზემო სვანეთი 60%-ით არის დაცლილი. დაახლოებით 15-20%-ით კიდევ დაიცლება იმ შემთხვევაში, თუ ეს პროექტი იმ ადგილას განხორციელდება, სადაც აპირებდნენ საბჭოთა კავშირის პერიოდში და აპირებენ დღესაც.

ხაიში საერთოდ გაქრება. სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, სკოლის წინ, აქედან 70-80 მეტრზე მაღლა იქნება წყლის დონე. დაბა ჯვარიდან დაწყებული ლახამულამდე, ეს დაახლოებით 70 კილომეტრიანი მონაკვეთია, მოსახლეობა აღარ დარჩება გზის პირას და გარშემო ყველაფერი გაჩანაგდება, სიცოცხლე ჩაკვდება.

რატომ უნდა გაუდაბურდეს ეს სოფელი? რატომ უნდა გაჩანაგდეს სვანეთი? არ მესმის. მიუღებელია აბსოლუტურად. 1000-ზე მეტი საფლავი უნდა ამოითხაროს და მიცვალებულები გადავასვენოთ. ეს პატარა ტრაგედია კი არ არის მოსახლეობისთვის. ბავშვები, ახალგაზრდები, ასაკოვანი ხალხი, უამრავი ადამიანია დაკრძალული ამ და სხვა სასაფლაოებზე. ტაძარი რატომ უნდა მოექცეს წყალქვეშ? რატომ უნდა დაინგრეს ყველა სახლი? აქაურობა უნდა გაუდაბურდეს იმის გამო, რომ ეს ვიღაცის ახირებაა და ალტერნატივის განხორციელება არ უნდა იმისათვის, რომ რაღაც ფინანსური სარგებელი ნახონ. ფინანსურ სარგებელს დახარბებული რომ ვყოფილიყავით, მაშინ ავიღებდით იმ თანხას და შესაძლოა, სადღაც გვეცხოვრა, ბევრად უკეთესადაც კი ეკონომიკური კუთხით, მაგრამ ვერ დავთმობთ ჩვენ ამ ტერიტორიას, ამ ქვეყანას. ჩვენ აქ უნდა დავრჩეთ და შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა“.

ხაიშში ახსოვთ, 2014 წელს, ხელისუფლებამ სოფელში როგორ შეიყვანა საპოლიციო ძალები, რომ ხუდონჰესის მშენებელ კომპანიას მუშაობა დაეწყო, მაგრამ ხალხმა მათ ამის უფლება არ მისცა.

„თუ მოვლენ მეგობრებად, დავხვდებით მეგობრებად, თუ მოვლენ მტრებად, რა თქმა უნდა ჩვენც მტრებად დავხვდებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზარბაზანს გამოვაგორებთ და თოფს დავცემთ. ჩვენს პრინციპებს ბოლომდე დავიცავთ“, - ამბობს ზურა.

19 დეკემბერს, მინისტრმა დავითაშვილმა თქვა, რომ ინვესტორ კომპანიასთან მიღწეული შეთანხმებით, 13.5 მილიონი აშშ დოლარის სანაცვლოდ, სახელმწიფომ პროექტთან ერთად დაიბრუნა ის მიწებიც, რაც კომპანიას ჰქონდა გადაცემული. კომპანია „ტრანს-ელექტრიკა“, რომელსაც ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვა აქვს, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული. კომპანიას, 2011 წელს, ხაიშის თემში 1536 ჰექტარი მიწა სიმბოლურ ფასად, 1 დოლარად გადასცეს. მას შემდეგ კომპანიას არანაირი აქტივობა არ განუხორციელებია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადების გარდა. მინისტრმა არ დააკონკრეტა, რაში გადავიხადეთ ბიუჯეტიდან 13.5 მილიონი აშშ დოლარი.

„მთის ამბები“ ხუდონჰესის თემაზე ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს და უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.

გირჩევთ, ნახოთ:

რა მიზნით იქმნება მითი სვანების სეპარატისტობის შესახებ

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში