საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

საპროტესტო მოძრაობა რაჭაში რუსი ოლიგარქის პარტნიორისგან ტყეების დასაბრუნებლად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

10:06 - 30 სექტემბერი 2023 hits 3758

„გაუქმდეს მთავრობის გადაწყვეტილება, რომლითაც რუსი ოლიგარქის პარტნიორს დავით ხიდაშელს რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეები, 104 712 ჰექტარი, მათ შორის, სასაზღვრო ზოლთან და საოკუპაციო ხაზთან მდებარე ტყის მასივები 49 წლით გადაეცა; ახალშექმნილი რაჭის ეროვნული პარკის დაგეგმვა მოხდეს მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით“, - ეს არის ორი მთავარი მოთხოვნა, რომლითაც ზემო რაჭის მცხოვრებლებმა და ორგანიზაციამ „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საპროტესტო მოძრაობა დაიწყეს.

„ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს იქამდე, ვიდრე ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და ეს პროტესტი იქნება, როგორც ნამოხვანში იყო, იმ ფორმით“, - უთხრა „მთის ამბებს“ ვარლამ გოლეთიანმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელმა. სწორედ ამ ორგანიზაციის სახელს უკავშირდება 600 დღიანი უწყვეტი წინააღმდეგობა „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მიმართ, რის შემდეგაც შეწყდა პროექტის განხორციელება, რომელიც ზემო იმერეთისა და ლეჩხუმის რამდენიმე სოფლის დატბორვას ითვალისწინებდა.  

„ვეწინააღმდეგებით მთელი რეგიონის ერთ კაცზე გასხვისებას. ტყეები მისცეს კაცს, რომელიც პირდაპირ რუსეთთან არის დაკავშირებული.  

ხიდაშელისთვის გადაცემულ ტყის მასივებში შედის სასაზღვრო ზოლთან მდებარე ტერიტორიები. ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ ხალხისგან ფარულად მიიღო და ის საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამის შემდეგ შექმნეს რაჭის ეროვნული პარკი, რომელიც არ მოიცავს რაჭის ტყეების ძირითად ნაწილს, არ ფარავს არცერთ მდინარეს. პარკი შექმნეს მთის რაჭის მოსახლეობის საარსებო გარემოს ხარჯზე - საძოვრებზე, ყანებზე, მამაპაპისეულ მიწებზე, რაც ადგილობრივ მოსახლეობას უზღუდავს ტყეებზე წვდომას, ართმევს არსებობის შესაძლებლობას“, - აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

საპროტესტო აქციაში, რომელიც ქალაქ ონში გაიმართა, 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა. თავდაპირველად აქციის ორგანიზატორებს პოლიციამ უარი უთხრა, ქალაქის ცენტრში, საკრებულოს შენობის გვერდით კარავი დაედგათ, თუმცა მოგვიანებით დასთანხმდნენ. მოძრაობის წევრები იმ პირთა რეგისტრაციას მოახდენენ, ვინც ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს და მზად არის, სხვადასხვა დროს, პროტესტს შეუერთდეს.

აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ონის მერიიდან მათთან არავინ გამოსულა.

აქციაზე ხალხს სიტყვით მიმართა საზღვრისპირა სოფელ ღების მკვიდრმა, პავლე ბოხაშვილმა.

„ღების სახელით შემიძლია ვთქვა, რომ არავინ, ვინც დღეს აქ ვართ, არაფერი ვიცოდით ამ ტყეების გადაცემასთან დაკავშირებით. სიტყვიერი თანხმობაც კი არ ჰქონიათ ჩვენგან, ხალხისგან.

ნუ წყდება კაბინეტებში ერთეულებისგან ასეთი საკითხები, მითუფრო, იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც შეიძლება მთაში ფეხიც არ დაუდგამთ ერთხელ. ჩვენი მთები მათი გასასხვისებელი არ არის.

7 შვილი მყავს, ღების მეტი ფეხის დასადგმელი არსად გამაჩნია. ჩემი შვილები ღებში უნდა გაიზარდონ და ღებში უნდა იყვნენ. სულ არ მიხარია, რომ გავიდნენ ღებიდან და მითუმეტეს  საქართველოდან. უკან დასახევი აღარ მაქვს მე.

შოდა [მთა, ნასოფლარი] არის ჩემი წინაპრების საძვალე და რასაც ითვალისწინებს დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ კანონის ყველაზე მსუბუქი პუნქტი, სწორედ ის მიკრძალავს, რომ ავიდე შოდას, რაღაც პატარა საცხოვრებელი გავაკეთო, საქონელი ავიყვანო, იქ ვიცხოვრო, რომ ოჯახი ვარჩინო. მე-18 საუკუნემდე ჩემი წინაპრები იქ ცხოვრობდნენ, 25 კომლი. მათთვის არავის დაუშლია იქ არსებობა. იმის მაგივრად, რომ ხელშეწყობა იყოს, ესენი რა გადაწყვეტილებებს იღებენ. სკოლაში ორი მასწავლებელი არ გვყავს, ამაში შეგვიწყონ ხელი.

არ გავჩერდებით იმიტომ, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ხვალ და ზეგ მეტი ვიქნებით. ნურავის ექნება იმედი, რომ მოსწყინდებათ და დაიშლებიანო. გამოვალთ სოფელი, მაცხოვრის ხატის წინაშე დავიფიცებთ ყველა, რომ ვინც სოფელს უღალატებს, ქვეყნის მოღალატე იქნება და სოფლიდან მოვიძულებთ საშვილიშვილოდ“, - თქვა პავლე ბოხაშვილმა.

ხელისუფლებამ რაჭისა და ქვემო სვანეთის ტყეები პუტინის კარის ოლიგარქის პარტნიორს დავით ხიდაშელს რომ გადასცა, ეს ამბავი „მთის ამბებმა“ გასული წლის აპრილში გაახმაურა. ორი თვის წინ კი, „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა საგამოძიებო ფილმი - რაჭის ტყეების ოკუპაცია. მთავრობამ ტყეების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მრავალი კანონდარღვევით მიიღო - ამ ტყეებით მოსარგებლე ადამიანებისგან საიდუმლოდ, გარემოსდამცველების, სათემო ორგანიზაციების, მედიისთვის ფარულად. ათობით ათასი ჰექტრის გადაცემამ საფრთხე შეუქმნა რაჭველების კერძო საკუთრებას. ეს გადაწყვეტილება არღვევს როგორც ეროვნულ კანონებს, ისე ევროპულ კონვენციებს, ქმნის ეკოლოგიურ და ისტორიულ აბსურდებს - საკუთარი ნებით, საკუთარი ხელით, საკუთარი გადაწყვეტილებით გავაფორმოთ ოკუპანტის კონტროლი ქვეყანაში.

„მწვანე ალტერნატივას“ და რაჭის სათემო ორგანიზაციას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ხელმოწერილი გადაწყვეტილება და ხიდაშელისთვის ტყეების გადაცემის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული და გაუქმებას ითხოვენ.

„მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ გენერალურ პროკურატურასაც მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ონის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერის ემზარ საბანაძისა და მისი პირველი მოადგილის დიმიტრი საყვარელიძის მიმართ, სამსახურებრივი სიყალბისა და ქრთამის აღების შესაძლო ფაქტებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში