საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

დაუდევრობა რბილი ნათქვამია, ეს დანაშაულია. უკვე 19 დაღუპული - გეოლოგი შოთა ადამია

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:03 - 09 აგვისტო 2023 hits 34554
გეოლოგი, მეცნიერი შოთა ადამია
ახალი ამბები
გეოლოგი, მეცნიერი შოთა ადამია

„შოვი იყო საფრთხის შემცველი ადგილი, გეოლოგები სულ ვამბობდით ამას. რატომ ასახლებ იქ ხალხს? თუ აქ ვინმეა დამნაშავე, პირველ რიგში ცენტრალური ხელისუფლებაა, შემდეგ ადგილობრივი, მერე ის, ვინც იმ ადგილას ბიზნესი გააკეთა. სად არის გარემოს დაცვის მინისტრი, რომელმაც უნდა დაიცვას გარემო, თავის მცხოვრებლებთან ერთად. ამათ დაცვა არ უნდათ, ექსპლუატაცია უნდათ, რაც უფრო მეტს ამოიღებენ, ესაა მათი პოლიტიკა. მოსახლეობის მოტყუების მცდელობაა იმის თქმა, რომ ხელისუფლება არაფერ შუაშია“, - აცხადებს „მთის ამბებთან“ ინტერვიუში გეოლოგი, მეცნიერი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი შოთა ადამია.

ინტერვიუ ინგლისურ ენაზე - Negligence is Putting it Mildly. This Amounts to Crime. 19 Dead Already – Geologist Shota Adamia

„მთელი რაჭა და სვანეთი გეოლოგიური რუკებითაა დაფარული. ყველგან არის ნაჩვენები სად არის დაგროვილი ისეთი ნამსხვრევი მასალა, რომელიც თუ წყლით გაიჟღინთა, როგორც კი რაღაც კრიტიკულ მასას მიაღწევს, დაიძვრება და ქვემოთ ჩამოვა იმიტომ, რომ ფერდობია. იქ სადაც ჩამოვა, არ უნდა დასახლდე. ხომ ვიცით, სად ჩამოდის ბუბას წყალი, ხომ ვიცით სად იწყება. თბილისას მყინვარი ჰქვია იმას, საიდანაც ეს ყველაფერი წამოვიდა. გლოლამდე არ მისულა. გლოლელებმა იციან, რომ ხეობაში არ უნდა დასახლდნენ. იგივე შოვში, ფერდობზე, ცოტა მაღლა რაც იყო, იმას არაფერი დაუშავდა, არ დაუნგრევია ამ ჩამოქცეულ მასალას. ბუბას წყალი სამი კილომეტრის სიგრძეზეა, საშუალოდ 100 მეტრი აქვს სიგანე და 10 მეტრი მასალა უკვე დაფენილი, დამსხვრეული ლოდების ქვიშა. ეს ყველაფერი გაიჟღინთა. წყალი საიდან მოვიდაო, ვიღაც კითხულობს, მყინვარი დნება იქ, წვიმებიც არის. უკვე რამდენი ხანია დნება, არამარტო ჩვენთან, სხვაგანაც. თქვენ რომ ნახოთ ტოპოგრაფიული რუკები, რომელიც 50-იან წლებში გამოვიდა და დღევანდელ ვითარებას შეადაროთ, ნახავთ, რამდენადაა უკან დახეული მარადიული თოვლის და მყინვარების კონტურები. რა არის უცნაური, რომ ამდენი მასალა, ნამსხვრევი დაგროვდა, წყლით გაიჟღინთა და მობილური გახდა? ვერ იტყვი, ეს დღეს მოხდება თუ ხვალ, მითუმეტეს, როცა სამსახურები არ მუშაობენ, არავითარი მონიტორინგი არ არსებობს.

როცა აქტიურად ვმუშაობდით, უწყვეტი მონიტორინგი ხდებოდა, ეტაპობრივად რუკებსაც ვანახლებდით. ვაკვირდებოდით, რა შეიცვალა და არაჩვეულებრივი მასალები გვქონდა. ვიცოდით, რომ შოვში, ჭალაში არ უნდა ჩადგა კოტეჯები, არ უნდა შეიყვანო სტუმრები, ფრთხილად უნდა იყოს ფეხით მოსიარულეც, რადგან არავინ იცის, კრიტიკულ ზღვარს როდის მიაღწევს და მეწყერი როდის ამოძრავდება. ზემოთ დაგროვილია და თავზე ბომბივით გვადევს.

სახელმწიფოს პირველი მოვალეობა ადამიანის უსაფრთხოებაა, რომ არ დაიღუპოს, არ დაშავდეს, მისი ქონება არ განადგურდეს - არაფერს ჩვენი სახელმწიფო არ იღებს საკუთარ თავზე.

ახლა რასაც ვუსმენ, ამბობენ, მე რა შუაში ვარ, მე არაფერი ვიცოდი, ამის პროგნოზირება არ შეიძლებოდაო და ა.შ. როგორ არ შეიძლებოდა! არ უნდა მოკლა მეცნიერება, არ უნდა გაანადგურო ის დარგები, რომლებიც ბუნებრივ მოვლენებზე უწყვეტ მონიტორინგს ახდენს. განა არ გვაქვს უწყვეტი მონიტორინგი, მაგალითად, ამინდის ბიურო მუშაობს, ობსერვატორიები მუშაობს სხვადასხვა რეგიონში. ყველა ინსტიტუტი არსებობდა და ახლა საცოდავ დღეში არიან. მეცნიერება ფაქტობრივად არც უნივერსიტეტებში ფინანსდება. სამი უნივერსიტეტი ზრდის ახალგაზრდა გეოლოგებს, მომავალ თაობას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი. დაამთავრებენ და ვერ საქმდებიან, არ არის სამსახურები.

წინა ხელისუფლება იმიტომ არ გააჩერეს, რომ შეცდომები დაუშვა, შენ, რომ მოხვედი და 11 წლის განმავლობაში აქ ხარ, გადადგი ნაბიჯი? ვინმე გულუბრყვილო ფიქრობს, რომ ეს ხელისუფლება მეცნიერებისთვის და მონიტორინგისთვის ფულს გაიღებს? ბოდიშს ვიხდი, მაგრამ შოვს, რომ თავი დავანებოთ, რა დაგვემართა ვერეს ხეობაში, 2015 წელს - 22 ადამიანი ხომ დაიღუპა.

- ხელისუფლება, მათ შორის, გარემოს დაცვის მინისტრი, გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარე, ამბობენ, რომ შეუძლებელი იყო მომხდარის თავიდან აცილება.

- ერთი ბეწო დეპარტამენტია გარემოს ეროვნული სააგენტო, ძალიან მცირე პერსონალით, დაფინანსებაც მიზერულია. დავუშვათ, არ შეგიძლია პროგნოზი. მჯერა, რომ არ შეგიძლია, მაგრამ რატომ დაასახლე იქ ხალხი, რატომ თქვი, რომ იქ კურორტია. ორი წლის წინ არის დამტკიცებული იქ კურორტის განთავსება.

- ბატონო შოთა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2022 წლის 22 დეკემბერს დაამტკიცა კურორტ შოვის განაშენიანების რეგულირების გეგმა. ამ დადგენილებით, შოვში, ზუსტად იმ ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ, რომელიც ახლა ღვარცოფმა გაანადგურა, უმეტესად „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა ჯგუფებმა 18 მეტრიანი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის უფლება მიიღეს.

- სწორედ ეს არის პასუხი. თუ იქ არავინ იქნებოდა, არავინ დაიღუპებოდა. იტყოდნენ, რომ სადღაც, დაუსახლებელ ადგილას ჩამოწვა მეწყერი და გათავდებოდა. იტყოდნენ, რომ არ შეგვეძლო პროგნოზი. ახლა მთელი ამბავი არის, როგორ იმართლონ თავი, ჩემი ბრალი არ არის, იმის ბრალია, ღმერთის, რომ ეს დაუშვა, ჩვენ არაფერი შეგვეძლო. როგორ არ შეგეძლო, რატომ დაასახლე იქ ხალხი. გეოლოგები ამბობდნენ ამას, შოვი იყო საფრთხის შემცველი ადგილი, სულ ამბობდნენ ამას. რატომ ასახლებ იქ ხალხს?

- ამაზეც თქვეს, რომ კურორტის ტერიტორიაზე შენობები და კოტეჯები, ძირითადად, საბჭოთა კავშირის პერიოდშია აშენებული.

- დავუშვათ, არის საბჭოთა კავშირში აშენებული, დაინგრა ის საბჭოთა კავშირი, აღარ არის. შენ რომ მოხვედი, დამოუკიდებელი საქართველოს მერამდენე ხელისუფლება, შენ რას ამბობ, რომ საბჭოთა კავშირმა ააშენა, შენ რატომ აძლევ ახალი მშენებლობების უფლებას.

უამრავი ახალი კოტეჯია იქ, ხომ ჩანს ეს. ვიღაც ფულს აკეთებს.  იმედი ჰქონდა, რომ გააკეთებდა ფულს. თუ ფულის კეთება არის სადმე, ფული ყველაფერს გადაწონის ჩვენი ხელისუფლებისთვის და მათ ირგვლივ, ვინც არის. პრობლემა ამაშია.

- ახალგაზრდა ჰიდროლოგმა ნიკა წითელაშვილმა გაავრცელა სატელიტური ფოტოები, რომელიც ასახავს მდინარე ბუბას წყლის ხეობაში 2005, 2018 და 2020 წლებში არსებულ მდგომარეობას. ვნახეთ, რომ 2005 წელს, ხეობა მეტნაკლებად სტაბილური იყო, ჭალა კი ხეებით, მეჩხერად შევსებული. 2018 წლის სატელიტური ფოტოებით უკვე აშკარაა ღვარცოფული ნაკადის გავლის კვალი. გაუარესების ტენდენცია ჩანს 2020 წლის სატელიტურ გამოსახულებაზეც. შესაბამის სამსახურებს უნდა მიექციათ თუ არა ყურადღება? კი, შეიძლება დიდი რესურსი არ ჰქონდეთ, არ დაგვითვლია ჯერ, რამდენი თანამშრომელი ჰყავთ და რა დაფინანსება აქვთ, მაგრამ სატელიტის ასეთი ფოტოების მოპოვებას და ანალიზს, განსაკუთრებული ძალისხმევა ხომ არ სჭირდება? მითუფრო, ისეთი ადგილების, სადაც მყინვარებია, ვიცით, რომ დნობის პროცესშია, თან ზაფხულია, შოვია, ბევრი ხალხია ყოველდღიურად. უნდა დაკვირვებოდნენ თუ არა?

რასაკვირველია. არსებობს დისტანციური ზონდირება, როდესაც აეროფოტოებითა და კოსმოსურათებით უყურებ, რა ხდება დედამიწაზე. მათ შორის, გვყავს სპეციალისტებიც, ახალგაზრდები, რომლებიც კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში ამ რუკებზე მუშაობენ. ვინმე დაინტერესდა ხელისუფლებიდან, იკითხეს, არის თუ არა სპეციალისტი, რომელსაც შეუძლია გვაჩვენოს, რას ვხედავთ კოსმოსიდან, აეროფოტოებიდან? არავის არაფერი აინტერესებს. ყველა ადგილას ფიზიკურად ვერ მიხვალ, ზემოდან კი ასეთი რაღაცები ჩანს.

- რასთან გვაქვს საქმე, დაუდევრობასთან...

- დაუდევრობა რბილი ნათქვამია. ეს დანაშაულია. უკვე 19 დაღუპული, მათ შორის, ბავშვები, 15 ვერ ვიპოვეთ. ყველაფერი ერთ უბანში მოხდა, ეს ხომ არ არის მთელი შოვის ტერიტორია. ვიღაცებმა იქ სახლები ჩადგეს, ხალხი ჩასაახლეს, ფულს იღებდნენ. ვინ მისცა ნებართვა? სად არის გარემოს დაცვის სამინისტრო, არ მუშაობს?  მდინარე ვერეზე 21 ადამიანი რომ დაიღუპა, ვინ იყო მაშინ მერი, ახლა სად არის? რატომ მოხდა, რომ 21 ადამიანი დაიხრჩო იმ ერთი ბეწო გზაზე? ვინ აგო მაშინ პასუხი? არავინ პასუხს არ აგებს.

ახლა უფრო მეცოდება გაფრინდაშვილის სააგენტო [გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი], შავ დღეში არიან. ცდილობენ, ისეთი არაფერი თქვან, ხელისუფლებას რომ დაბრალდეს, იმიტომ, რომ იმ წუთში მოხსნიან. შეიძლება საერთოდ დახურონ ეს სააგენტო.

თუ აქ ვინმეა დამნაშავე, პირველ რიგში ცენტრალური ხელისუფლებაა, შემდეგ ადგილობრივი, მერე ის, ვინც იმ ადგილას ბიზნესი გააკეთა. ასე ადვილად ვერ მიიღებდნენ იქ სახლების ჩადგმის ნებართვას. სად არის გარემოს დაცვის მინისტრი? ეს სამინისტრო არის უწყება, რომელმაც უნდა დაიცვას გარემო, თავის მცხოვრებლებთან ერთად. ამათ დაცვა არ უნდათ, ექსპლუატაცია უნდათ, რაც უფრო მეტს ამოიღებენ, ესაა მათი პოლიტიკა.

- როგორც უკვე გითხარით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გუშინ გაიმეორა ის, რაც მანამდე პრემიერ-მინისტრმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და პარლამენტის სპიკერმა თქვეს - რომ ამ ტრაგედიას თავიდან ვერ ავიცილებდით და სტიქია ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება.

- ვინ ირჩევს ამ ხელისუფლებას? ვირჩევთ გონივრულად? რამდენიც ავირჩიეთ, იმდენი უკან-უკან მივდივართ. ეს [ხელისუფლება] კიდევ მეტისმეტი გამოგვივიდა.

- ჩვენ არაერთი ადგილობრივი მცხოვრებისგან მოვისმინეთ, დამადასტურებელი მასალებიც ვნახეთ, რომ მდინარე ბუბას წყლის კალაპოტში ღვარცოფი მოვარდა 2017 წელსაც, ინფრასტრუქტურაც დააზიანა, გზები. შოვამდე არის სოფელი ჯინჭვისი, მანქანით დაახლოებით 7-10 წუთის სავალია. 2023 წლის 2 აგვისტოს, ჯინჭვისში მდინარე გომრულაც ადიდდა და ღვარცოფი მოვარდა. ვიდეომასალა იმავე დღეს გავრცელდა. შოვში მთელი ღამის განმავლობაში წვიმდა, 3 აგვისტოს, დილით გამოიდარა და შუადღეს ეს უბედურება მოხდა. ადგილობრივებისგან ვიცით, რომ ამ უბედურებამდე მდინარე ბუბას (იგივე ბუბას წყალი) კალაპოტში, წყლის დონე რამდენიმე დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად იყო შემცირებული. ვარაუდობენ, რომ მეწყერმა ხეობა ჩაკეტა, წყალი დააგუბა და ერთიანად წამოიღო ყველაფერი, უკვე ღვარცოფად წარმოქმნილი. ხელისუფლება ამას უარყოფს. თქვეს, რომ დაგუბება არ მომხდარა. თქვენ რას ფიქრობთ, დღეს არსებულ მასალებზე დაყრდნობით, რა შეფასების გაკეთება შეგიძლიათ?

- ჩვეულებრივი მოვლენაა, ვიდრე ღვარცოფი კრიტიკულ მასას მიაღწევდა, წინ აუცილებლად იქნებოდა უფრო ლოკალური, მცირე მოვლენები. ყინული რომ დნება, აბა, წყალი სად მიდის? თავიდან მასა არის წყლიანი ღვარცოფი, რომელიც უძრავია. სანამ დაიძვრება, ის არის წყლით გაჯერებული ნამსხვრევები, კავკასიონის მასალა, მყინვარებიდან, ფერდობებიდან, პატარა მდინარეებიდან ჩამოცვენილი. ეს მასა გროვდება, რადგან ბუბას წყალი პატარაა და ვერ ერევა, რომ მაშინვე გაიტანოს. ამიტომ გროვდება, როგორც მყარი მასალა წყლით. ეს ტალახი, როგორც კი დაძლევს იმ წინააღმდეგობას, რაც აკავებს, წამოვა.

მოსახლეობის მოტყუების მცდელობაა იმის თქმა, რომ ხელისუფლება არაფერ შუაშია. იქ რომ არავინ ყოფილიყო, მსხვერპლი არ გვექნებოდა.

- გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი შეფასება ასეთია - კლდეზვავის მასა ჩამოიშალა, მიენარცხა მყინვარს, ჩამოანგრია მისი ნაწილი, რამაც შესაძლოა, გამოიწვია მყინვარქვეშა დაგუბებული წყლების გადმოდინება, რის შემდეგაც წარმოქმნილმა ღვარცოფულმა ნაკადმა შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე მიაღწია, სავარაუდოდ, 8-10 წუთში.

- 1972 წლის რუკიდანაც კი ჩანს, იქ რამდენ ხანს და რამხელა მასალა გროვდებოდა. მყინვარები რომ დნება, სად მიდის წყალი. ძირითადად დაგროვილი მასალა იჟღინთება წყლით და როგორც კი მოერევა იმას, რაც აკავებს, გადმოხეთქავს.

ამიტომ, იქ არ უნდა გაჩერდე. რა მნიშვნელობა აქვს, რამდენჯერ მოხდა, ერთხელ თუ ხუთჯერ. დანაშაულია, ის რაც ახლა მოხდა, დაიღუპა 19 ადამიანი. გარემოს ეროვნული სააგენტო აქამდე არ მალავდა ინფორმაციას, ახლა იძულებული არიან ხელისუფლების რისხვა თავიდან აიცილონ.

დაგუბებულია ტალახი, წყალი კი არა, მყინვარული ნალექები. ეს ყველაფერი რომ დაგუბდა, როგორც კი გადააჭარბა კრიტიკულ ზომას და ბარიერს მოერია, გადმოხეთქა და წამოვიდა. ხალხი დაიღუპა, ეს გვაწუხებს. მსხვერპლი რომ არ მოჰყოლოდა, ვერ გავიგებდით, რამდენჯერ მოხდა. იქ სპეციალისტები არ მუშაობენ, დაკვირვება, მონიტორინგი არ გვაქვს. ეს ერთი ბეწო გარემოს ეროვნული სააგენტო მთელ საქართველოზეა გათვლილი.

მარტო კავკასიონი კი არ არის პრობლემა, თბილისიც პრობლემაა, რიკოთიც, ხარაგაულიც. როგორც ვიცი, კატასტროფების რისკების მართვის გეგმებიც არ გვაქვს. დარწმუნებული ხართ, რომ კიდევ არ მოხდება? მოხდება - იქ, სადაც კავკასიონია, სიმაღლეებია, ხეობებია, სადაც დასახლებაა და არ უნდა იყოს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში