საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ჯორჯიან მანგანეზის“ საქმის მოსამართლეს ჭიათურაში ვითარების ადგილზე გაცნობას სთხოვენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:02 - 20 ივნისი 2023 hits 4629

„მწვანე ალტერნატივამ“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ნინო ბუაჩიძეს და ჭიათურაში შექმნილი ვითარების ადგილზე გაცნობა სთხოვეს. საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოსამართლის მიერ, რამდენიმე დღის წინ, „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეციალური მართვის რეჟიმის კიდევ 2 წლით გაგრძელება უკანონოა და ჭიათურაში არსებული ისედაც მძიმე სიტუაცია ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიჰყავს.

„მთის ამბები“ უცვლელად გთავაზობთ „მწვანე ალტერნატივის“ და „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ განცხადებას:

„როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 მაისის განჩინებით, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 8 მაისის განჩინებით შემოღებული სპეციალური მართვის რეჟიმის მოქმედება იმავე წესითა და პირობებით, 2 წლის ვადით, 2025 წლის 9 მაისამდე გაგრძელდა.

მიგვაჩნია, რომ სპეციალური მმართველობის რეჟიმის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ეწინააღმდეგება სალიცენზიო და სანებართვო პირობების დროული შესრულების მიზანს, რომლის მისაღწევადაც იყო საწარმოში შემოღებული მართვის ეს რეჟიმი; მეტიც, ეს გადაწყვეტილება ხელს უწყობს ჭიათურაში ადამიანების საარსებო გარემოს უკიდურეს დაზიანებას, საცხოვრებელი და სოციალური სამყოფელის განადგურებას და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში პირობების შექმნას.

საწარმოში სპეციალური მმართველის დანიშვნის შემდეგ, პრაქტიკულად შეწყდა სალიცენზიო და სანებართვო პირობების სახელმწიფო კონტროლი. ზედამხედველობის ორგანოები, მათ შორის, თქვენც (სასამართლო), თავს იკავებთ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის მონიტორინგისგან და სრულად ეყრდნობით სახელმწიფო მმართველის მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს (დღემდე არ ვიცით, 2017 წლის შემდეგ, რა ზიანი მიადგა გარემოს, საწარმოს საქმიანობის შედეგად), რაც ჭიათურაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებასა და გამდიდრებას უკიდურესად ჩაკეტილ და გაუმჭვირვალე პროცესად აქცევს. აღსანიშნავია, რომ მმართველის მიერ წარმოდგენილი გეგმის შესრულების ანგარიშები, გარდა იმისა, რომ მის მოვალეობასთან სრულიად შეუსაბამო ინფორმაციას შეიცავს, ხშირად, არსებითად მცდარ და ჭიათურის რეალობისგან სრულიად აცდენილ სურათს წარმოაჩენს.

საწარმოში სპეციალური მმართველობის რეჟიმის შემოღების შემდეგ,  მდგომარეობა როგორც მდინარის, ასევე, ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით არათუ გამოსწორდა, არამედ რადიკალურად დამძიმდა, რაც ადგილზე ფაქტობრივად ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფას სიტუაციას ქმნის.

სწორედ თქვენს მიერ დანიშნულმა მმართველმა დაიწყო მასობრივად სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ახალი მეთოდებისა და „სტანდარტების“ დანერგვა. მარეგულირებელ უწყებებთან წიაღით სარგებლობის გეგმების შეთანხმების გარეშე, მადნის ამოღების სისწრაფის რეკორდულმა გაზრდამ და ღია კარიერების გაჩენამ, პირდაპირპროპორციულად გაზარდა ადგილობრივ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე  ზიანი. დროებითი მმართველობითი რეჟიმის შემოღებიდან 6 წლის შემდეგ, კომპანიის საქმიანობის შედეგად შეუქცევადი დაზიანებისა და განადგურების წინაშე დადგა სოფლები ითხვისი და შუქრუთი, რომლის ქვეშაც მიმდინარეობს წიაღის მოპოვებითი სამუშაოები; შედეგად სოფელს პრაქტიკულად საძირკველი აღარ გააჩნია, მიწა სკდება და საცხოვრებელი სახლები ათობით მეტრის სიღრმეზე ვარდება. ამ სოფლებში ბევრი სახლი, რომლებიც მიწაში ჯერ კიდევ არ არის ჩავარდნილი, დაბზარულია ან ისეა გადახრილი, მასში ცხოვრება შეუძლებელია. ადგილობრივი მცხოვრებლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი საფრთხის ქვეშ ექცევა.

სასამართლოს (თქვენს) მიერ გადაწყვეტილების (განჩინების) მიღებისას, საერთოდ არ ხდება ჭიათურაში დღეს არსებული ერთ-ერთი მთავარი პრობლემის კვლევა და შეფასება, რაც  მდგომარეობს კომპანიის მიერ დასახლებულ პუნქტებში მადნის ღია კარიერული წესით მოპოვებაში.

სპეციალური მმართველის დანიშვნისა და კომპანიის მიერ დასახლებულ პუნქტებში ღია კარიერული წესით მადნის მასობრივად მოპოვების შედეგად შეუქცევადი ზიანის წინაშე დგას არაერთი სოფელი - ხალიფაური, თაბაგრები, მღვიმევი, დარკვეთი, რგანი და სხვა. ამ დასახლებებში ზოგიერთ უბანთან, სადაც უკიდურესად მძიმე პირობების მიუხედავად, ხალხი დღემდე ცხოვრობს, ავტომობილით მისასვლელი უსაფრთხო გზაც აღარ არსებობს. მანგანუმის ამოსაღებად ტერიტორიების მასობრივად გადათხრის შედეგად, სოფლების შიდა გზები იმდენად არის დაზიანებული, რომ ცუდი ამინდის შემდეგ ფეხით გადაადგილებაც სახიფათოა. დასახლებულ პუნქტებში, საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში მიმდებარე ტერიტორიებზე, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიტოვებული უზარმაზარი თხრილები წყლით არის სავსე. ე.წ. კარიერების სიახლოვეს ხშირია მიწის ჩაქცევები. დღის ბნელ მონაკვეთში ტერიტორია არ არის განათებული. ზუსტად ასეთ შემთხვევას ემსხვერპლა 2020 წელს, სოფელ დარკვეთში, 30 წლის გიორგი ღუღუნიშვილი.

ადრე არსებული შიდა სასოფლო გზების უმეტესობა სანაყაროდ არის ქცეული, რაც ხელს უწყობს მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მცხოვრებლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მათ შორის, ბავშვების, რომლებსაც ხალიფაურში დაახლოებით 3 კილომეტრის გავლა ფეხით უწევთ, რომ სავალდებულო სასკოლო განათლების მისაღებად სკოლაში იარონ.

ხელოვნურად მოწყობილი საფეხმავლო ბილიკები სამრეწველო ნარჩენებზე გადის, სადაც განსაკუთრებით მაღალი ტენიანობისას, ხანგრძლივ უამინდობაში მძაფრი სუნი დგას.  სავარაუდოდ, ნიადაგის ქვედა ფენების ზემოთ მოხვედრის შემდეგ, მძიმე მეტალების სულფიდები თანდათანობით განიცდიან ჰიდროლიზს და გამოიყოფა გოგირდწყალბადი, რომელიც სუნს განაპირობებს.

ხალიფაურსა და თაბაგრებში არაერთ უბნამდე სამანქანო გზების ფაქტობრივად არქონის გამო, ფიზიკურად შეუძლებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო და სამაშველო ბრიგადების გადაადგილება დანიშნულების ადგილებამდე. შესაბამისად, ამ უბნებში მუდმივად თუ სეზონურად მცხოვრებ, გარკვეული სამუშაოების ჩასატარებლად მოკლე ვადით თუ ხანგრძლივად მყოფ ადამიანებს, საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი დახმარების სახელმწიფო სერვისებზე ხელი არ მიუწვდებათ.

რაც შეეხება მოპოვებული მადნის გამდიდრების სანებართვო პირობებს, როგორც მოგეხსენებათ, აქ არცერთი პირობა შესრულებული არ არის; ახალი გამამდიდრებელი ქარხანა კვლავ არ ფუნქციონირებს და შლამების განთავსების საკითხი ისევ გადაუწყვეტელია. მეტიც, სპეციალურმა მმართველმა თავს უფლება მისცა ვალდებულების შესრულების ნაცვლად, საწარმო გაეყიდა.

სპეციალურმა მმართველმა გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა მდინარე ყვირილიდან შლამის ამოღება და ეს ქმედება გარემოსდაცვით ღონისძიებად გაასაღა. ამოღებული შლამი კანონის უხეში დარღვევით ე.წ. „დალახაურის“ შლამების სანაყაროზე განათავსა. 

ჭიათურაში არსებული მდგომარეობა არღვევს მოსახლეობის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებას, რაც ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, წარმოადგენს კონვენციის მე-2 და მე-8 მუხლების დარღვევას.

გარდა იმისა, რომ 2023 წლის 16 მაისს, სასამართლოს (თქვენს) მიერ მიღებული განჩინება არ ასახავს ჭიათურაში არსებულ ვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, ის არ გამომდინარეობს მოქმედი საკანონმდებლო მოთხოვნებიდანაც.

მიგვაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არსებობს ძირითადი სარჩელი და დავა გადაწყვეტილია, არსებითად გაუგებარია, რისი უზრუნველყოფისთვის იყენებს დროებით განჩინებას სასამართლო; ასევე, მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის 29-ე მუხლს ეწინააღმდეგება ლიცენზიებისა და ნებართვების შეახებ კანონის 22-ე მუხლის მე-17 პუნქტის, თქვენს (სასამართლოს) მიერ ჩამოყალიბებული მიდგომა და განმარტება. აღნიშნული ნორმა  გამოყენებულია და განმარტებულია ისე, რომ  სასამართლოს შეუძლია დროებითი მმართველის ვადის (დროებითი მმართველობის რეჟიმის)  შეუზღუდავად,  პრაქტიკულად, უვადოდ გაგრძელება, როდესაც ის თავს ვერ ართმევს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ადგილზე არსებული მდგომარეობა არ სწორდება. არსებული მიდგომით, მნიშვნელობა არ აქვს, მმართველი რატომ არ/ვერ ართმევს თავს, ან მის მმართველობის პერიოდში მიყენებულ იქნა თუ არა ზიანი გარემოსთვის.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ დროებითი მმართველობის რეჟიმმა ვერ გაამართლა და ჭიათურაში არსებული ისედაც მძიმე სიტუაცია ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანა. შესაბამისად, არ არსებობდა ვადის გაგრძელების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

გთხოვთ, აღნიშნული განცხადება მიიღოთ ცნობად და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ელი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად, დაათვალიეროთ ჭიათურაში (სულ მცირე, წინამდებარე განცხადებაში აღნიშნულ სოფლებში) არსებული მდგომარეობა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 123-ე და 204-ე მუხლებიდან  გამომდინარე, მზად ვართ, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე დათვალიერებაში ჩავერთოთ სპეციალისტების სტატუსით, დაგეხმაროთ და გაგაცნოთ დროებითი მმართველის ხელმძღვანელობით კომპანიის მიერ ჩადენილი დანაშაულები და არაადამიანური ქმედებები“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში