საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, დიალიზის ცენტრები თიანეთსა და ყაზბეგშიც გაიხსნა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:37 - 05 იანვარი 2023 hits 3094

თიანეთსა და ყაზბეგში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ჰემოდიალიზზე დამოკიდებულ პირებს, სიცოცხლისთვის აუცილებელი პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში სამჯერ თბილისში ჩასვლა უწევდათ, რაც მათ ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახებოდა. ზოგიერთი პაციენტი ტრანსპორტირებისთვის არასაკმარისი ხარჯების გამო პროცედურებს აცდენდა კიდეც. ახალგახსნილი დიალიზის კაბინეტები ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებს.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თიანეთის სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტისას აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტია და 2022 წელს, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში 5 დიალიზის ცენტრი  გაიხსნა. მისივე თქმით, 2023 წელს დიალიზის სერვისზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო გაიზრდება.

დიალიზის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში 1996 წლიდან ხორციელდება. 2022 წელს პროგრამის ბიუჯეტი 53 მილიონი ლარი იყო, მიმდინარე წელს 56 მილიონი ლარია. პროგრამით ქვეყანაში 3400-მდე ადამიანი სარგებლობს.

დიალიზი რამდენიმე მიზეზის გამო შეიძლება დაგვჭირდეს. ყველაზე ხშირად ეს თირკმლის უკმარისობის გამო ხდება. დიალიზის დაწყება ცხოვრების წესის მკვეთრ ცვლილებას გულისხმობს - ადამიანი აპარატზე ხდება დამოკიდებული. თითოეული პროცედურა 3-4 საათს გრძელდება და კვირაში სამჯერ ტარდება.

სახელმწიფო პროგრამის არსებობის 26 წლის განმავლობაში დიალიზის სერვისი საქართველოს არცერთ მაღალმთიან რეგიონში არ იყო ხელმისაწვდომი.

„აყრა ან სიკვდილი“ - ასე ჰქვია „მთის ამბების“ ფილმს, რომლის სამივე გმირი ზემო სვანეთში ცხოვრობდა. სიცოცხლის გადასარჩენად სამივეს დიალიზი დასჭირდა. ორი მათგანი სვანეთიდან აიყარა, ერთი დარჩა და 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ფილმის გამოქვეყნების შემდეგ, „მთის ამბებმა“ პეტიცია  შექმნა, 10 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა და ერთდროულად სამ უწყებაში შეიტანა - მთავრობის ადმინისტრაციაში, პარლამენტსა და სახალხო დამცველის აპარატში. მთავრობისგან ვითხოვდით, განეხილა აღნიშნული პეტიცია და რაც შეიძლება სწრაფი და ეფექტური ნაბიჯები გადაედგა, რომ სვანეთის მცხოვრებლებს მესტიის საავადმყოფოში შეძლებოდათ დიალიზის სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა; არ გაგრძელებულიყო მათი დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის და გეოგრაფიული ხელმისაწვდომის მიხედვით. ამ პრობლემას აქტიურად აშუქებდა ცენტრალური მედიაც.

აყრა ან სიკვდილი მხოლოდ მესტიელების „არჩევანი“ არ იყო. დიალიზის პრობლემამ მეზობელ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მცხოვრები პაციენტებიც ლტოლვილებად ან მომთაბარეებად აქცია. „მთის ამბებმა“ მაღალმთიან რეგიონებში დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ხელმისაწვდომობის მიზნით, ადვოკატირების კამპანია გააფართოვა და მესტიასთან ერთად, დიალიზის ცენტრის გახსნა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთშიც მოითხოვა.

ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში, „მთის ამბებმა“ დიალიზის სახელმწიფო პროგრამაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა საქართველოს 20-ზე მეტ მუნიციპალიტეტში შეისწავლა.

ზოგიერთი მუნიციპალიტეტი დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებს ყოველთვიურად, 150, 200, 250 ლარით ეხმარება იმისათვის, რომ პაციენტებმა კვირაში 3-ჯერ სერვისის მისაღებად, საცხოვრებელი ადგილიდან სხვა ქალაქის კლინიკებში ტრანსპორტირება შეძლონ. მაღალმთიან რეგიონებში მუნიციპალური ტრანსპორტის არქონის პირობებში, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები დიალიზდამოკიდებულ პირებს ერთი კვირის განმავლობაშიც არ ჰყოფნით კლინიკაში სიარულისთვის. რამდენიმე მუნიციპალიტეტში კი ბენეფიციარები ამ დახმარებასაც ვერ იღებენ.

2022 წლის 2 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ მესტიაში, ამბროლაურში, თიანეთში, ყაზბეგსა და ლანჩხუთში დიალიზის ცენტრები გაიხსნებოდა. დიალიზის სერვისი 2 მაისს ამოქმედდა მესტიაში, აგვისტოში ამბროლაურში, დეკემბრის ბოლოს ლანჩხუთში, თიანეთსა და ყაზბეგში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში