საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გეოლოგიური დასკვნა ითხვისში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:27 - 10 მაისი 2022 hits 6204

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „მთის ამბებს“ მოაწოდა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიური დასკვნა, ჭიათურის სოფელ ითხვისში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. აღნიშნულ დოკუმენტს 14 აპრილიდან ვითხოვდით, თუმცა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ მის გაცემაზე თავდაპირველად უარი გვითხრა, რის გამოც, „მთის ამბებმა“ ადმინისტრაციული საჩივრით მინისტრს მიმართა.

დასკვნას თან ერთვის გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ოთარ ქურციკიძის განმარტება:

„გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფმა, კომპეტენციის ფარგლებში, ადგილზე, ვიზუალური დათვალიერებით, შეაფასა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში არსებული მდგომარეობა.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ განხორციელდა გართულებული გეოდინამიკური პირობების წინასწარი ვიზუალური შეფასება, რომლის საფუძველზე შედგენილი იქნა შესაბამისი პირველადი დასკვნა, რომელიც განვითარებული მოვლენების გამომწვევ მიზეზ/ფაქტორების ზუსტად დადგენის საშუალებას არ იძლევა. გამოიკვეთა გარკვეული ოჯახების გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის აუცილებლობა და ამ ეტაპზე სტიქიის ზონიდან გადაყვანას დაექვემდებარა 20 ოჯახი. აქვე აღვნიშნავთ, რომ სტიქიით დაზარალებული ოჯახების კომპენსაციის და განსახლების უზრუნველყოფის საკითხი სცილდება გარემოს ეროვნული სააგენტოს კომპეტენციას.

რაც შეეხება დეტალურ (სიღრმისეულ) შეფასებას, არსებული მდომარეობის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, აუცილებელია გადაუდებლად შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შესაბამისი დარგის სპეციალისტებით (სამთო ინჟინერი, მარკშეიდერი, გეოფიზიკოსი, კონსტრუქტორი, გეოლოგი და სხვა). სხვადასხვა დარგობრივი სპეციალისტის მხრიდან მოხდება ტერიტორიის დეტალური შესწავლა, რის შედეგადაც მომზადდება საბოლოო დასკვნა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა მიზეზების დადგენისა და შემდგომში განსახორციელებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით, გაეგზავნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას და სხვა სახელმწიფო უწყებებს შემდგომი რეაგირებისთვის“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისში მეგრელიშვილების, გოგატიშვილებისა და მახათაძეების უბანში, რამდენიმე ადგილას, მიწა მარტის ბოლოს ჩაიქცა და საცხოვრებელი სახლები ჩაიყოლა. ითხვისში მიწა ახლაც ვარდება, ნაპრალების ზომა და რაოდენობა იმატებს.

მუნიციპალიტეტის მერიამ 20 ოჯახს, დროებით, ბინები ჭიათურაში უქირავა. ხელისუფლების წარმომადგენლები უსახლკაროდ დარჩენილ ადამიანებს დაჰპირდნენ, რომ აუცილებლად დაეხმარებიან - უსაფრთხო ადგილას ახალ სახლებს აუშენებენ ან კომპენსაციას მისცემენ.

ჭიათურის მერის, გივი მოდებაძის განცხადებით, დაზარალებული ოჯახების განსახლებაზე ზრუნვა სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა. მოქმედი კანონმდებლობით, თუ მთავრობამ დაზარალებულები ეკომიგრანტებად მიიჩნია, თითოეულ ოჯახი სახლის შესაძენად მაქსიმუმ 30 ათას ლარს მიიღებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ითხვისში განვითარებულ პროცესებში „ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხისმგებლობა გამოიკვეთება და დადასტურდება, დაზარალებულებს უფლება აქვთ კომპანიას მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება მოსთხოვონ, რაც ბევრად მეტია 30 ათას ლარზე.

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის საქმიანობასაც უკავშირებენ ითხვისის მცხოვრებლები სოფელში შექმნილ უმძიმეს ვითარებას, განაცხადა, რომ ითხვისის ქვეშ მადანს არ მოიპოვებს. ადგილობრივების, მათ შორის, იმ ადამიანების მტკიცებით, რომლებსაც მაღაროში მუშაობის 30-40 წლის გამოცდილება აქვთ ან ახლაც მუშაობენ, ითხვისში მიწა სწორედ იმის გამო ჩაიქცა, რომ კომპანიამ სოფლის ქვემოდან მანგანუმის ის ნაწილიც გაიტანა, რომელიც 80-იან წლებში სპეციალურად არ აითვისეს, რათა სოფელი სიცარიელეზე არ დარჩენილიყო და არ ჩანგრეულიყო.

გეოლოგიურ დასკვნაში, ითხვისში განვითარებული პროცესების ერთ-ერთ მიზეზად, ბოლო პერიოდში, იმერეთის რეგიონში გახშირებული სეისმური ბიძგები - მიწისძვრებია დასახელებული. ამ ფაქტორის ნამდვილობა „მთის ამბებთან“ ინტერვიუში კატეგორიულად უარყო სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ, რომელიც ილიას უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად, ითხვისში გუშინ იმყოფებოდა.

„მთის ამბები“ დაინტერესდა, გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილის საფუძველზე (წერილი 12 აპრილით არის დათარიღებული), შექმნა თუ არა საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორისო კომისია, რომელიც სრულყოფილად შეაფასებდა და დაადგენდა პროცესების გამომწვევ მიზეზ-ფაქტორებს. როგორც გამოვარკვიეთ, უწყებათაშორისი კომისია შექმნილი ჯერ კიდევ არ არის.

დღეს, 20 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სოციალური სამართლიანობის ცენტრის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, მწვანე ალტერნატივის, მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ხელმძღვანელებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი შეფასებით,  წინასწარი დასკვნის საფუძველზე, „ჯორჯიან მანგანეზის“ პასუხისმგებლობის იმთავითვე გამორიცხვა, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სახელმწიფო კომპანიას პასუხისმგებლობას არიდებს.

არასამთავრობოებმა მოუწოდეს გარემოს ეროვნულ სააგენტოს - გაასაჯაროოს პირველადი დასკვნა, რომელიც მომზადებულია სოფელ ითხვისში გოგატიშვილებისა და მეგრელიშვილების უბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. წარმოადგინოს ინიციატივა უწყებათაშორისი კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც დაკომპლექტდება დარგის სპეციალისტებით. სრულყოფილად შეაფასოს როგორც პროცესების გამომწვევი მიზეზები, ასევე, დაზიანების ხარისხი და საშიშროების რისკები.

„ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ სახელმწიფო გარემოსდაცვით მმართველს - ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან და გაასაჯაროოს ყველა ინფორმაცია, რაც სოფელ ითხვისში მოპოვებითი საქმიანობის შესახებ არსებობს და უსაფრთხოების პირობების შესაფასებლად არის აუცილებელი.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - განმარტოს ამ უწყების წარმომადგენლების ჩართულობა და სტატუსი ადგილობრივ დონეზე წარმოებულ მოლაპარაკებებში.

მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს - შეისწავლოს ითხვისის ქვეშ და მიმდებარედ არსებული სამთო-მოპოვებითი ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების ეფექტური ზედამხედველობა.

ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს - ჩაატაროს ითხვისის მაღაროს სრული ტექნიკური ინსპექტირება.

 

ნახეთ რეპორტაჟი

ითხვისის უბედურება - როგორ არიდებს სახელმწიფო „ჯორჯიან მანგანეზს“ პასუხისმგებლობას

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში