საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მიწისძვრების გული - რეპორტაჟი სამებიდან

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:25 - 18 თებერვალი 2022 hits 24443

საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარე პატარა სოფელი სამება ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 13 თებერვალს, იქ მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ დიდი ქალაქები - თბილისი და ბათუმიც შეაზანზარა. მიწისძვრას სოფელში ადგილობრივი ხელისუფლებიდან სატელეფონო ზარიც მოჰყვა - ვინმე ხომ არ მოკვდა, რამე ხომ არ დაინგრა.

სამებაში შეჩვეულები არიან. მარტო 13-დან 16 თებერვლის ჩათვლით, 7 მიწისძვრა მოხდა, გასული წლიდან დღემდე - 54.

დაზიანებული სახლების აღდგენაზე არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლებიდან არავის უზრუნია. არადა, სახლების საყრდენი კედლები დაბზარულია და არავინ იცის, გაუძლებს თუ არა კიდევ ერთ ძლიერ ბიძგს.

„დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ, რომ საქართველოში მაგნიტუდა 5 სიმძლავრის მიწისძვრა ყოველ ოთხ-ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება. კავკასია მთლიანად სეისმურად აქტიური რეგიონია, მაგრამ აქ არის რამდენიმე გამორჩეული უბანი, მათ შორის, ერთ-ერთი ჯავახეთია, სადაც მიწისძვრები საკმაოდ ხშირია“, - სამებაში, 16 თებერვალს, ილიას უნივერსიტეტის პროფესორთან, სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილთან ერთად ჩავედით.

დილის ათის ნახევარია. მადათაფის ტბასთან, რომლის ნაპირზეც სოფელი სამებაა, ტემპერატურა -7 გრადუსს აჩვენებს. ტბა, რომელიც ზაფხულში გადამფრენი ფრინველებითაა სავსე და ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია, ახლა მთლიანად გაყინულია. თოვლის სიმაღლე ნახევარ მეტრს აღწევს. ადამიანები არ ჩანან.

180 წლის წინ, ჯავახეთის ზეგანზე, დუხობორების მიერ გაშენებული სოფლები თანდათან ხალხისგან იცლება. სამებაშიც 60-მდე ადამიანი ცხოვრობს, 25 %-ით ნაკლები, ვიდრე 20 წლის წინ.

- საიდან ხართ, რომელი ტელევიზიიდან? - მოგვაძახა, როგორც კი კამერებით აღჭურვილები დაგვინახა. ახალგაზრდა ქალია, გზაზე უცებ გამოჩნდა და სადღაც მიიჩქარის, - გუშინაც იყვნენ ჟურნალისტები, იმის წინა დღესაც. სამება დმანისის სოფელი არაა, სწორად მაინც გამოაცხადეთ.

- „მთის ამბებიდან“ ვართ.

- თქვენი მაყურებელი ვარ. მოიცა, მამიდას დავუძახებ და ის მოგიყვებათ მიწისძვრის ამბებს. მე სკოლაში ვაგვიანებ, დაწყებითი კლასის მასწავლებელი ვარ.

საქართველოში სამება რვა სოფელს ჰქვია - ქობულეთში, ხელვაჩაურში, ჩოხატაურში, ზესტაფონში, ნინოწმინდასა და წალკაში. დმანისში არცერთი არ არის. იმ დღეს, როდესაც ძლიერი მიწისძვრა მოხდა, მედიის ნაწილი, ეპიცენტრად მაინც დმანისის არარსებულ სამებას ასახელებდა.

ის სამება, სადაც მიწისძვრა თითქმის ყოველდღიურად ხდება, ჯავახეთშია - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში.

ციცინო ნათენაძე 32 წელია სამებაში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ, რამდენიმე ოჯახი ასპინძიდან და ადიგენიდან, აქ გადმოასახლა. ამჟამად სოფელში ეთნიკური სომხები, ქართველები და დუხობორების ერთი ოჯახიღა ცხოვრობს.

„13 თებერვალს, ღამე იყო. თავიდან ისე დაიგრუხუნა, ვიფიქრე, ომი ხომ არ დაიწყო მეთქი. შუშები რომ აზანზარდა, მერე მივხვდი, რაც იყო. წამოვხტი, ქურთუკი ჩავიცვი და გარეთ გამოვიქეცი. ყველა კარი ღია იყო. მალევე გაიმეორა. შედარებით სუსტი იყო. ცოტა ხანი გავიდა და მესამედ შეგვაზანზარა. გარეთ ვერ გავჩერდებოდი დიდხანს, მგლები არიან. სახლში დავბრუნდი. ღამის ოთხის ნახევარზეც მოჰყვა. მთელი ღამე ვმოძრაობდი, რომ არ ჩამძინებოდა. მეშინოდა, სახლი არ ჩამონგრეულიყო. მეორე დღეს, როცა გაიგეს, რომ ტელევიზიები იყვნენ მოსულები, მაშინ მობრძანდა საკრებულოს თავმჯდომარე, გამოჩნდა, ტერიტორიაზე რომ იყო. ორი წუთით სკოლაში შემოვიდნენ, როგორ ხართო, გვკითხეს და წავიდნენ. ვინ შეიწუხებს თავს უბრალო ხალხისთვის?!“, - ბზარები ციცინოს სახლსაც აქვს, თუმცა აღარ იცის, რომელი მიწისძვრის შედეგია.

წელს სამებასთან მაგნიტუდა 3-ის ზემოთ მიწისძვრა უკვე 10-ჯერ აღრიცხა სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა, რომელიც საქართველოში მიწისძვრებს 34 სეისმოგრაფის საშუალებით აფიქსირებს. სეისმოგრაფი დედამიწის ქერქის ყველაზე უმნიშვნელო რხევებსაც კი აღბეჭდავს. მაგნიტუდა 3 სიმძლავრის მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყვება, თუმცა ადამიანები გრძნობენ. მაგნიტუდა 2 სიმძლავრის მიწისძვრა, მსუბუქი რხევით მხოლოდ მაღალ შენობებში შეიძლება იგრძნოს ადამიანმა. მაგნიტუდა 1 სიმძლავრის მიწისძვრას ადამიანები ვერ გრძნობენ, მისი გაგება მხოლოდ სეისმოგრაფს შეუძლია. ასეთი მსუბუქი მიწისძვრები ჯავახეთში დღეში რამდენჯერმე ხდება. სეისმური მონიტორინგის ცენტრი თავის ვებგვერდზე მხოლოდ მაგნიტუდა 3-ის ზემოთ სეისმურ აქტივობაზე აქვეყნებს ინფორმაციას.

მაგნიტუდა 5 საკმაოდ ძლიერი მიწისძვრაა. რხევა შენობებშიც იგრძნობა და გარეთაც. ფანჯრები ზანზარებს. ხშირად შენობები ზიანდება. 2021 წლის 16 აგვისტოს, ღამით, სამებასთან მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 5.1 მაგნიტუდა იყო. ძველი სახლები მაშინაც დაიბზარა, თუმცა სოფლის მცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებიდანაც კი არავის მოუკითხავს. ხარაიშვილების სახლი, რომელიც 100 წელზე მეტი ხნის წინ, დუხობორებმა ააშენეს, შარშანაც დაზიანდა და ახლაც. სახლს ბზარები ოთხივე მხარეს აქვს, უკანა კედელი და სახურავი ჩამონგრევაზეა. ოჯახს რამდენიმე სული ძროხა ჰყავს - ესაა მთელი ქონება. სახლის კაპიტალურად შეკეთებას ვერ ახერხებენ, წასასვლელიც არსად აქვთ.

მაგნიტუდა 6 სიმძლავრის მიწისძვრა ძლიერია - კედლებს ბზარები უჩნდება, ძველი შენობების უმეტესობა ინგრევა. შესაძლოა, დაზიანდეს ახალი შენობებიც. მაგნიტუდა 7 სიმძლავრის მიწისძვრა ძალიან ძლიერია. ბზარები ჩნდება მიწაზე და კლდეებზეც, სახლები ინგრევა, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. კავკასიაში ყველაზე მძლავრ მიწისძვრად, 1991 წლის 29 აპრილს, ზემო იმერეთსა და რაჭაში მომხდარი მიწისძვრაა  მიჩნეული - 6.9 მაგნიტუდა. ეპიცენტრი საჩხერის სოფელ ხახიეთში იყო. სოფელი მთლიანად დაიმარხა - ყველა მცხოვრები, 42 ადამიანი დაიღუპა. ნასოფლარის ადგილას ახლა ტბაა.

მაგნიტუდა 8 სიმძლავრის მიწისძვრას დამანგრეველი ძალა გააჩნია, ინგრევა შენობები, იბზარება მიწა, ჩნდება ზვავები და ტბები. მაგნიტუდა 9 ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. მიწა ტალღასავით ირხევა. ინგრევა დასახლებული პუნქტები, შენობები. შესაძლოა, ამოიფრქვეს ვულკანიც.

ამერიკელი მეცნიერის, ჩარლზ რიხტერის შექმნილი სკალა, რომელსაც მისივე სახელი ჰქვია, სულ 9 ერთეულისგან შედგება. მიწისძვრის სიმძლავრე სეისმოგრაფზე 1935 წლის შემდეგ რიხტერის სკალით იზომება.

„მიწისძვრის გარეშე ვერავინ გაიგებს, რომ აქ სოფელია და ხალხი ვცხოვრობთ. ბოლო მიწისძვრამ ისე დაგვაზარალა, კიდევ რომ განმეორდეს ასეთი, დაინგრევა სახლები. სამი წელია მუდმივად გვიტევს.

ადგილობრივი ხელისუფლება უნდა დაგვეხმაროს, რომ კედლები და სახურავები გავამაგროთ. მე შეიძლება ეს დამოუკიდებლადაც მოვახერხო, მაგრამ ვისაც არც საქონელი ჰყავს, არც სხვა შემოსავალი, როგორ უნდა მოახერხონ ეს? თუ არ დაგვეხმარებიან და სახლები არ გავამაგრეთ, კიდევ რომ მოხდება ასეთი მიწისძვრა, ზედ დაგვენგრევა და დავიხოცებით“, - სამების სხვა მცხოვრებლების მსგავსად, არც ანდრეი ტუმასიანმა იცის, როგორ უნდა მოიქცეს მიწისძვრის დროს, - „სახლში ვისხედით. ტელევიზორს ვუყურებდი. ისეთი რყევა დაიწყო და ისეთი ხმა ჰქონდა, კარადაში ჭურჭელი ერთმანეთს ეხეთქებოდა. ეგრევე მეორე ოთახში გავედი, პატარა ბავშვს ეძინა. ხელში ავიყვანე და გარეთ გამოვედით. მალევე გაჩერდა. 10 წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ მეორე დაიწყო. სახლის სახურავიდან ნალესი ჩამოცვივდა, კედელი გაიბზარა. ქუჩაში გამოვიქეცით“.

სამება საქართველოში მომხდარი მიწისძვრების გულია. ამ პატარა დასახლებაში ვერავინ მოაბა თავი, რჩევები მიეცათ მიწისძვრის დროს საფრთხის თავიდან ასაცილებლად როგორ უნდა მოიქცნენ. სეისმოლოგ ზურაბ ჯავახიშვილისგან რეკომენდაციები პირველად მოისმინეს:

თუ შენობაში ხართ:

  • დარჩით ადგილზე! შეძვერით მაგიდის ან სხვა ავეჯის ქვეშ და ხელები ქვემოდან მიაბჯინეთ. მოშორდით ფანჯრებს, ბუხრებს, მძიმე ავეჯსა და ხელსაწყოებს;
  • თავი შორს დაიჭირეთ ისეთი ნივთებისგან, რომლებიც შესაძლოა, ჩამოვარდეს, მაგალითად ჭაღი, კედლის კარადები და სხვა.
  • სასწრაფოდ დატოვეთ სამზარეულო, რადგან შეიძლება კედლიდან ავეჯი ჩამოცვივდეს;
  • არ გაიქცეთ კიბეებისკენ ან არ გავარდეთ გარეთ, ვიდრე ბიძგები არ შეჩერდება. როგორც კვლევებმა აჩვენა, ადამიანების დიდი ნაწილი დაზიანებებს ძირითადად შენობების დატოვების დროს იღებს;
  • არ გამოიყენოთ ლიფტი.

 თუ ქუჩაში ხართ:

  • თუ ქუჩაში ხართ, ეცადეთ მოშორდეთ შენობებს, შუქნიშნებს, ელექტროგადამცემ კაბელებს და გადით შედარებით ღია, ცარიელ სივრცეში.

თუ საჭესთან ხართ:

  • თუ საჭესთან ხართ, შეჩერდით, მაგრამ ფრთხილად. შეეცადეთ, თქვენი მანქანა მოძრაობის ზონიდან რაც შეიძლება შორს გაიყვანოთ;
  • არ გაჩერდეთ ხიდზე ან მის ქვეშ, ესტაკადების, შუქნიშნების, ხეების, განათების ბოძებისა თუ საგზაო ნიშნების ქვეშ;
  • დარჩით მანქანაში ბიძგების შეწყვეტამდე;
  • მოძრაობის გაგრძელებამდე გაეცანით ახალ ამბებს, რათა შეიტყოთ, რაიმე დაზიანება ხომ არ მოხდა გზის იმ მონაკვეთზე, საით წასვლასაც აპირებთ.

 თუ ნანგრევებში მოჰყევით:

  • არ აანთოთ ასანთი;
  • არ იმოძრაოთ ან არ სცადოთ მტვრის მოშორება;
  • პირზე აიფარეთ ტანსაცმელი;
  • შეეხეთ მილს ან კედელს, რათა მაშველებმა ადვილად მოგაგნონ. იყვირეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ დროს, შესაძლოა, მავნე მტვერი გადაგეყლაპოთ.

რაც შეეხება გავრცელებულ მითებს, რომ მიწისძვრისას კარის ჭრილში უნდა გაჩერდეთ, სიცრუეა - ეს არ არის უსაფრთხო ადგილი.

„გაგვიმართლა, რომ 13 თებერვალს, ეპიცენტრი სრულიად დაუსახლებელ ადგილას იყო, სამებასთან 9 კილომეტრში. არათუ მაგნიტუდა 6-იანი, უფრო სუსტი მიწისძვრაც კი, მაგნიტუდა 5-იც, ნებისმიერი მჭიდროდ დასახლებული მაღლივი შენობების არსებობის შემთხვევაში, სერიოზულ დაზიანებებს გამოიწვევდა, ძალიან სახიფათო იქნებოდა ჩვენი ქალაქებისთვის.

თვითონ სამებაში, კლდოვანი გრუნტია. მყარ გრუნტზეა შენობები აგებული, თუმცა დაზიანებულ სახლებს გამაგრება აუცილებლად სჭირდება. რაც შეეხება ბათუმს, საერთოდ, ზღვისპირა ქალაქებში გრუნტი ძალიან ცუდია და მიწისძვრები უფრო საგრძნობი ხდება. ამასთან, მაღალსართულიანი შენობების არსებობა მნიშვნელოვანი ფაქტორია. ავარიულ შენობაში ძნელია რაიმე რჩევის მიცემა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ყველაფერს ყურადღება მიწისძვრამდე მივაქციოთ. ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ მყარ ნაგებობაში. ეს არის დღისათვის მიწისძვრისგან დაცვის ერთადერთი შესაძლებლობა“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში