საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

შავი არაგვის შავი დღე - გუდამაყრელები ჰესების წინააღმდეგ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:39 - 28 თებერვალი 2019 hits 24150

„გეოლოგიური საფრთხეების კუთხით გუდამაყრის ხეობა საკმაოდ დაძაბული ტერიტორიაა. მდინარე შავი არაგვის შენაკადები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ზონაა. ბურსაჭირის არაგვი ხასიათდება დიდი წყალმოვარდნებით და მძლავრი ღვარცოფული ნაკადებით“, - ეს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის, სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო-გეოლოგიის ჯგუფის უფროსის გიორგი გაფრინდაშვილის შეფასებაა. საშიში მდგომარეობის მიუხედავად, შპს „სოლო ენერჯი“ მთავრობასთან 2017 წლის ივლისში გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, გუდამაყრის ხეობაში 2 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს. ორივე ჰესს კაშხალი ექნება - შავ არაგვზე წყალს 9 მეტრის სიმაღლეზე დააგუბებენ, ბაკურხევში 7 მეტრზე. შავ არაგვს თითქმის 6 კილომეტრზე მილებში მოაქცევენ, ბაკურხევს 4 კილომეტრზე დაამწყვდევენ. გუდამაყრელები შიშობენ, რომ კაშხლებიდან გამოვარდნილმა ღვარცოფმა შესაძლოა მდინარის პირას მდებარე სოფლები წალეკოს.

საქართველოში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხა გუდამაყრის ხეობაში, მდინარე შავ არაგვზე ორი ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს: არაგვი ჰესი 1- დადგმული სიმძლავრე 6.75 მგვტ. და არაგვი ჰესი 2 - დადგმული სიმძლავრით 8.66 მგვტ.

ენერგეტიკის სამინისტროს 2017 წლის 29 დეკემბრის დოკუმენტის მიხედვით, მცხეთა-მთიანეთში კიდევ 11 ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, მათ შორის ფშავში - სოფელ უძილაურთაში, მდინარე თერგზე, ქვეშეთში ხადისწყალზე, ბარისახოში ხევსურეთის არაგვზე, ხადის წყალზე კიდევ 2 ჰესის მშენებლობაა გათვალისწინებული - ხადა ჰესი 1 და ხადა ჰესი 2. ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველოში 100-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგური აშენდება.

დაგეგმილი პროექტები სახელმწიფო პროგრამის „განახლებადი ენერგია 2008“ ნაწილია. პროგრამის მიხედვით, ჰესების მშენებლობის მიზანი ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. საქართველოს მთავრობამ აღნიშნული პროგრამა 2008 წელს დაამტკიცა. ასაშენებელი ჰესების ნუსხაში პერიოდულად ცვლილებები შედიოდა, ზოგ ჰესს ამატებდნენ, ზოგს სიიდან იღებდნენ.

გუდამაყრის ჰესების შესახებ

შავი არაგვი ჰესის კომპლექსური პროექტის განხორციელება, გუდამაყრის ხეობაში სოფელ თორელაანის ტერიტორიაზე, მდინარე შავ არაგვსა და მის შენაკად ბაკურხევზეა დაგეგმილი.

შავი არაგვი ჰესის დადგმული სიმძლავრე 5.2 მგვტ იქნება, ბაკურხევი ჰესის 3.2 მგვტ. შავი არაგვის საშუალო წლიური გამომუშავება 23.3 გვტ/სთ; ბაკურხევის 13.2 გვტ/სთ;

65 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიმაღლის ბეტონის კაშხლის მშენებლობას აპირებენ შავი არაგვი ჰესისთვის. ეს ნიშნავს, რომ მდინარეს 9 მეტრის სიმაღლეზე დააგუბებენ. ბაკურხევი ჰესისთვის 50 მეტრი სიგრძისა და 7 მეტრის სიმაღლის კაშხალს ააშენებენ.

მდინარე შავ არაგვს სოფელ ჩოხიდან თორელაანამდე, 5870 მეტრზე მილსადენში მოაქცევენ, რომლის დიამეტრი 1.4 მეტრია. სოფლები ჩოხი, გამსი, დიდებანი, ზანდუკი, კიტოხი და თორელაანი მდინარის გარეშე რჩება. კომპანია ვალდებულია მდინარის კალაპოტში ეკოლოგიური ხარჯი (დაახლოებით 10 %) დატოვოს, თუმცა სხვა ჰესებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ზაფხულში, როდესაც გვალვაა და წყლის დონე იკლებს, მდინარის კალაპოტში ეკოლოგიურ ხარჯსაც არ ტოვებენ. რაც შეეხება ბაკურხევს, მილსადენის სიგრძე 4 კილომეტრია, სიმაღლე 1.2 მეტრი.

სკოპინგის ანგარიშში, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ არის მომზადებული, ნათქვამია, რომ წინასწარი საინჟინრო-გეოლოგიური შეფასებით, საპროექტო ტერიტორიაზე თანამედროვე საშიში გეოლოგიური პროცესები, რომლებიც თავისი მასშტაბით საფრთხეს შეუქმნის კაშხლებისა და სალექარების ფუნქციონირებას, არ ფიქსირდება და არც გააქტიურებაა მოსალოდნელი.

მოსახლეობის უარი

ჟუჟუნა წიკლაური გუდამაყრის სკოლის დირექტორია. ბევრისგან განსხვავებით, თანამდებობას მისთვის ხელი არ შეუშლია ხმამაღლა ილაპარაკოს იმ საფრთხეებზე, რასაც გუდამაყრელები ჰესების მშენებლობის შემთხვევაში ელიან:

„სიმართლის მხარეზე უნდა ვიდგეთ. ყველგან, სადაც საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნება, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, ყველამ უნდა თქვას თავისი სიტყვა.

ზაფხულში, როცა გვალვაა, არაგვი ცოტა მოდის. მაგრამ,

2-3 დღე გაბმულმა წვიმამ ან დიდთოვლობამ, რაც წელს იყოს, დნობის დროს შეიძლება ისე გააგიჟოს, ნახევარზე მეტად მთებშია ხოლმე მოსახლეობა გახიზნული.

ფიჭვნარია ჩვენი სახლების ზემოთ და ხშირად ავსულვართ ჩაცმულები, სანამ არ ჩაწყნარებულა არაგვი. ღამეც გაგვითენებია ღია ცის ქვეშ. გვეშინოდა, რომ ნაპირს გადმოლახავს და ყველაფერს წაიღებს.

ზემოთ ნელი ჩოხელი ცხოვრობს. გაზაფხულზე, ხშირად სახლში ვერ შედის და სხვასთან ათენ-აღამებს, ვიდრე არაგვი თავის კალაპოტს არ დაუბრუნდება. ძალიან სწრაფია და ძალიან საშიში.

მილებში მოქცევა ამას ვერ მოაგვარებს. ის კაშხალი კი, მდინარე 9 მეტრის სიმაღლეზე რომ უნდა დააგუბონ, უარესს დაგვმართებს. ნაშალი მასალა რომ ჩამოწვება, ლოდებს რომ მოაგორებს, წარმოუდგენელი ამბავია რამემ დააკავოს, გამოხეთქავს აუცილებლად. ფასანაურიდან მოსული ხალხი, კიტოხში ხიდზე ვეღარ გადმოსულა, წყალს დაუფარვს გადმოსასვლელი, ისე იცის გაგიჟება“.

გუდამაყრელებისთვის შავი არაგვი და მისი ხეობა ტურიზმის განვითარების შესაძლებლობაა. სწორედ მდინარე იზიდავს დამსვენებლებს გუდამაყრის სოფლებში.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ხეობის 22 სოფელში 234 ადამიანი ცხოვრობს, ზამთარში ბევრად ნაკლები. ათნოხი და ბურსაჭირი უკვე ნასოფლარებია. ბაკურხევში, ბახანში, ბოსელში, დიდებანში, დიხჩოში, დუმაცხოში, საკერპოში, საჩალისჭალაში, სიჯანაანში, ფახვიჯში, ჩობალაურნსა და წინამხარში რამდენიმე ადამიანიღა შემორჩა, ძირითადად მოხუცები. მოსახლეობის 2002 წლის აღწერით, გუდამაყრის ხეობაში 682 ადამიანი ცხოვრობდა.

2015 წლიდან გუდამაყარში დამსვენებლებისა და ტურისტების რაოდენობა მზარდია. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს, თუმცა ადგილობრივების თქმით, გასული წლის ზაფხულში, ხეობას 1000-მდე დამსვენებელი სტუმრობდა. აშენდა რამდენიმე საოჯახო სასტუმრო. ახალგაზრდებიდან, რომლებმაც გუდამაყარში დაბრუნება და მცირე ბიზნესის დაწყება გადაწყვიტეს, ერთ-ერთი გია ბექაურია. გია ეკოტურიზმის განვითარებით არის დაინტერესებული, ხეობაში კოტეჯების მშენებლობას გეგმავს.

„მდინარე რომ აღარ იყოს, გუდამაყარს დაეკარგება ის სახე, რაც ახლა აქვს. მთელი ეს სოფლები, 6 კილომეტრი, მდინარის გარეშე რჩება. წითელწიკწკლება კალმახია არაგვში, თევზის ეს სახეობაც გაქრება. ძლივს ტურისტებმა დაიწყეს შემოსვლა. ზაფხულობით ძირითადად მდინარეზე არიან. ვიწრო ხეობაა, მთები, მდინარე და ერთიანად მიმზიდველია. ინფრასტრუქტურა რომ მოეწყობა, საოჯახო სასტუმრო, კოტეჯები, ინტერნეტი იქნება, ნელ-ნელა ეს კუთხე განვითარდება. ჰესები თუ ააშენეს, ყველაფერს თავდაყირა აყენებს. აქ ხალხს კი არ შემოიყვანს, ვინც აქ არის დარჩენილი, იმათაც აყრის აქედან და ხეობა ბოლომდე დაცარიელდება. რატომ? მდინარეში წყალი აღარ იქნება. ჰესების საპროექტო ტერიტორია გამოიყენება ადგილობრივი მოსახლეობის პირუტყვის საძოვრად. მშენებლობის პროცესში და პროექტის განხორციელების შემდგომ, შეეზღუდებათ გადაადგილება საძოვარ ტერიტორიებზე, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სოფლების დაცლასა და მიგრაციას.

ეკოსისტემა შეიცვლება. ტურიზმი ადგილობრივებისთვის შემოსავლის წყაროდ იქცა, რტასაც დაკარგავენ.

გასაგებია და გვესმის რომ ელექტროენერგია საჭიროა, მაგრამ რის ხარჯზე, ამას უნდა გააზრება და გაცნობიერება, არა მთელი ხეობის აოხრების ხარჯზე. ყველა ღონესა და ხერხს გამოვიყენებთ, რომ ეს პროექტი ამ ხეობაში არ განხორციელდეს.

აქ შარშან მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები გაიყვანეს, რომელმაც გუდამაყარს ძალიან დიდი დაღი დაასვა. საკმაოდ გვიან მოხდა მოსახლეობის ინფორმირება და ვეღარ ვცვლიდით ვერაფერს. მთები რომ გადათხარეს, ბევრ ადგილას მეწყრული ზონები წარმოიშვა. ამ ანძებსაც საფრთხე ემუქრება, აუცილებლად ჩამოვარდება. ეს პროექტი ადვილად განახორციელეს, წინააღმდეგობა ვერ დახვდათ და იფიქრეს, რომ ჰესების პროექტსაც ასე ადვილად გაატარებენ. ახლა დროულად გავიგეთ და სწრაფად დავიწყეთ რეაგირება. ბოლომდე მივყვებით ამ საქმეს“.

ორგანიზებული წინააღმდეგობის გასაწევად გუდამაყრელებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს, პეტიცია შეიმუშავეს და 5 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს. პეტიციით მთავრობას მიმართეს, რომ გუდამაყრის ხეობაში არ აშენდეს ისეთი ჰესები, რომლებიც კაშხლების მშენებლობას და მდინარის მილებში მოქცევას ითვალისწინებს. საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი თეკლა ბექაური ამბობს, რომ კომპანია „სოლო ენერჯმა“ პროცედურა დარღვევით წარმართა:

„სკოპინგის ანგარიშის ფორმალური განხილვა 11 იანვარს, კიტოხში მოეწყო. განხილვის შესახებ მოსახლეობას არ აცნობეს, შვიდი ადამიანი მიიყვანეს, მათი ნაწილი მოტყუებით და ხელი მოაწერინეს. არავის განუმარტავს მათთვის პროექტის შინაარსი და რისკები. გუდამაყრში 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს უკანასკნელი აღწერით. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია, 3-4 ოჯახის გარდა, რომლებსაც ეუბნებიან, რომ დაასაქმებენ ან მშენებელი კომპანიის წარმომადგენლის ნათესავები არიან“.

შპს „სოლო ენერჯი“, რომელიც მდინარე შავ არაგვზე ორი ჰესის მშენებლობას აპირებს, 2017 წლის 2 მაისს არის რეგისტრირებული. კომპანიის წილის 33 % შპს „სოლო დეველოპმენტს“ ეკუთვნის, 34 %-ის მფლობელი კახაბერ მანჯავიძეა, 33 %-ს გიორგი აფციაური ფლობს. გიორგი აფციაურია კომპანიის დირექტორიც. შპს „სოლო დეველოპმენტი“ რეგისტრირებულია 2015 წლის 10 აგვისტოს. 100 % წილის მფლობელი კახაბერ მანჯავიძეა.

იმ შემთხვევაში, თუ მთავრობამ გუდამაყრის ხეობის მოსახლეობის მოთხოვნა არ შეისმინა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შავ არაგვსა და ბაკურხევზე ჰესების მშენებლობის ნებართვა მაინც გასცა, ჟუჟუნა ბურდული და გუდამაყრელი ქალები ხეობის გადასარჩენად სადღეღამისო მორიგეობის დაწყებას აპირებენ.

„ხიდთან გავჩერდებით, ვიმორიგევებთ, არავის შემოვუშვებთ ხეობაში. ისეთი გული მაქვს მოსული, გინდა გამგეობა მოვიდეს, გინდა პოლიცია, ყველა ფიზიკურად დავდგებით. ეს დეპუტატი რომ ავირჩიეთ, სად არის, დახმარება გვჭირდება. არავინ მოსულა ჯერ“.

„ამ ხეობაში ერთადერთი ეს მდინარე გვაქვს, ეს არის ჩვენი მშვენება. ზაფხულში გადავსებულია ხოლმე აქაურობა, როცა მზე აცხუნებს, სავსეა არაგვი. ყველაზე მეტად ბავშვები დაზარალდებიან. ეს პროექტი თუ განხორციელდა, დაცლის ხეობას“, - გუდამაყრის სკოლის დირექტორს ახალგაზრდების იმედი აქვს: „იმ დიდი სიყვარულით, რაც ამ ხეობის მიმართ აქვთ, ხეობა უნდა გადავარჩინოთ. არ უნდა მოვკლათ“.

გელა მთივლიშვილი

Mtisambebi.ge-ს რედაქტორი. პროფესიით იურისტია. აშუქებს ადამიანის უფლებებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, კონფლიქტის ზონებთან და ტერორიზმთან დაკავშირებულ თემებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში