საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გუდამაყარსა და ფშავ-ხევსურეთში არაგვის დაცული ლანდშაფტი შეიქმნება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:21 - 11 დეკემბერი 2018 hits 12183

საქართველოს მთავრობამ არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის შესახებ მომზადებული კანონპროექტი მოიწონა და დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს უგზავნის. არაგვის დაცული ლანდშაფტი დუშეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნება და მოიცავს მდინარეებისგუდამაყრის არაგვის, ფშავის არაგვისა და ხევსურეთის არაგვის ხეობებს. მისი საერთო ფართობი 99 802 ჰექტარი იქნება.

კანონპროექტის მიხედვით, არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ასევე, უზრუნველყოს არაგვის დაცულ ტერიტორიაზე ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით - გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; უზრუნველყოს მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; ეკოლოგიური განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული ძეგლების დაცვა და შენარჩუნება; ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ადამიანის მიერ სახეცვლილ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას.

არაგვის დაცული ლანდშაფტის დაარსების პარალელურად, ჩეხეთის განვითარების სააგენტო და ჩეხეთის საელჩო საქართველოში, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად მუშაობს პროგრამაზე „მთიანი რეგიონების და ადგილობრივი მოსახლეობის მდგრადი განვითარება ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის მხარეებში“. პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 1 000 000 ევროა, 2018 წელს დაიწყო და 2023 წელს დასრულდება.

არაგვის დაცული ლანდშაფტის სამართავად ადმინისტრაცია დუშეთის მუნიციპალიტეტმა უნდა შექმნას. ლანდშაფტის მართვაში მონაწილეობს საბჭო, რომელსაც ქმნის დუშეთის საკრებულო კანონმდებლობის შესაბამისად. საბჭოს წევრთა შემადგენლობა, უფლებამოვალეობები და სხვა პროცედურული საკითხები საბჭოს წესდებით განისაზღვრება, რომელსაც დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ამტკიცებს.

საქართველოში ორი დაცული ლანდშაფტია, ახმეტის და ქობულეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე. „თუშეთის დაცული ლანდშაფტი“ 2003 წელს შეიქმნა, 2009 წელს კი „კინტრიშის დაცული ლანდშაფტი“ დაარსდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში