საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ტყეს ახასიათებს ხანძარი და ტრაგედია არ უნდა ვეძებოთ – გოგი იჩუაიძე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:35 - 04 სექტემბერი 2017 hits 8964

„თუშეთის ტყეებში დაახლოებით 9000 ჰექტარი ფიჭვნარია. ყველა ფართობზე ერთხელ მაინც გავლილია ხანძარი, მაგრამ გარედან არაფერი ეტყობა. საშუალოდ 50 წელიწადში ერთხელ მაინც ექცევა ფიჭვნარი ხანძრის ქვეშ. ტყეს ახასიათებს ხანძარი და ამაში ტრაგედია არ უნდა ვეძებოთ. სადაც ახლა იწვის, ამ ტყეს დიდი ღირებულება არა აქვს. არ არის ნაკრძალის ტერიტორია, მეჩხერი ტყეა“, – ამბობს პროფესიით სატყეო მეურნეობის ინჟინერი, 74 წლის გოგი იჩუაიძე, რომელსაც მეტყევედ მუშაობის 50 წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის 14 წლის განმავლობაში თუშეთის, ბაწარისა და ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალს ხელმძღვანელობდა.

გოგი იჩუაიძე იხსენებს, რომ წლების განმავლობაში თუშეთის ტყეში დაახლოებით 18–19 ხანძრის ჩაქრობაში აქვს მონაწილეობა მიღებული და ცეცხლი არცერთხელ არ ჩამქრალა ხალხის საშუალებით, მას საბოლოოდ მაინც წვიმა აქრობდა.

„თითოეული ხანძარი დაახლოებით 2 კვირამდე გრძელდებოდა და არასდროს არ ჩამქრალა ხალხის საშუალებით. ქრებოდა ყოველთვის წვიმით. მუშაობდა ხალხი, ძალიან ვცდილობდით ჩაქრობას, მაგრამ თუშეთში ისეთი მიუვალი ადგილებია, კლდეებია, ბევრგან ეს შეუძლებელი იყო.

თანაც, ფიჭვი მერქანში შეიცავს ფისს, კუპრს, რაც აალებადია, ცეცხლი ადვილად ეკიდება, მითუმეტეს როდესაც გამხმარია. თუშეთის ტყეები შეიძლება ითქვას რომ ფეხდაუდგმელია ადამიანის მიერ, გზები არ არის და ჩახერგილია უზომოდ, რადგან მერქანი არ გამოდის. ჩახერგილ ტყეში ხმელი ტოტები და წიწვები ბევრია. სიგარეტის ნამწვი საკმარისია, რომ ჰექტრობით ტყე დაიწვას. ტყისთვის ხანძარი დამახასიათებელი თვისებაა, თან გზები მიუვალია, ადამიანი ვერ უდგება. სამაგიეროდ, კლდეების ნაპრალებს შორის ცეცხლი ადვილად მიძვრება და ახალ–ახალ კერებს აჩენს. ადამიანის მიერ ხანძართან ბრძოლა ძალიან ძნელია და თითქმის შეუძლებელი. ამიტომ, ყოველთვის რაც მახსოვს, ჩაქრა წვიმით. 

რაც შეეხება ორი დღის წინ გაჩენილ ხანძარს, აბრალებენ მეხს. არავითარი დივერსია. შეიძლება მართლაც მეხი იყო, ჭექა-ქუხილი იყო იმ საღამოს. შესაძლოა გამვლელმა ნამწვი გადააგდო, ან მწყემსმა. იქ საძოვარიც არის, ცხვარიც ძოვს და ძროხაც, ცოტ-ცოტა ტურისტებიც დადიან.

მეტყევეებმა შეცდომა ის დაუშვეს, რომ სანამ ერთი ხე იწვოდა და ბოლავდა, არ ჩააქრეს. გავრცელება რომ დაიწყო, მერე ატეხეს განგაში.

- ბატონო გოგი, ვიდრე ხანძარი დიდ ტერიტორიას მოიცავდა, მანამდე იცოდნენ მეტყევეებმა, რომ ტყეში ცეცხლი იყო?

- მთელმა თუშეთმა იცოდა და იმათ არ იცოდნენ? მცირე რაოდენობით კვამლი ამოდიოდა და მაშ ვერ ხედავდნენ?

გუშინ ვერტმფრენი მუშაობდა, წყალს ასხამდა და სხვათაშორის საკმაოდ ჩაქრა კიდეც, გავრცელება აღარ გაგრძელდა, წყალმა უშველა.

ის ფართობი, რაც იწვის, თუშეთის დაცულ ლანდშაფტს ეკუთვნის. თუშეთში სამი კატეგორიაა და დაცული ლანდშაფტი ხალხის მიერ ყველაზე უფრო შეღწევადია, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს და სამეურნეო საქმიანობას ეწევა. ეს არის სუბალპური ტყე, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე. ეს იმას ნიშნავს, რომ მეჩხერია და საძოვარია. დიდი ღირებულება ამ ტყეებს არა აქვს.

თუშეთის ტყეები იყოფა ღირებულებების მიხედვით: დიდი მერქნის მქონე, ან სამეცნიერო თვალსაზრისით ძვირფასი. გვაქვს ასეთი კორომები თუშეთში, მაგრამ ეს ადგილი, სადაც ხანძარია, არის მეჩხერი. ძირითადად საძოვარია და გადაწვის შემდეგაც ისევ საძოვარი იქნება. ისე რომ, დიდი უბედურება იქ არ მომხდარა. კარგია, ვერტმფრენი რომ გამოგზავნეს და დასხმულმა წყალმა ნაწილობრივ ჩაააქრო, რადგან არ გავრცელდა მეზობლად, ნაკრძალის მხარეს, სადაც საკმაოდ ხშირი და მართლაც ღირებული ტყეა.

- ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლის გადასვლის საფრთხე არსებობდა?

- კი, დაიწყო იქით ცეცხლმა გადასვლა, ნაკრძალის საზღვრებზე შეიჭრა კიდეც. ვერტმფრენი ზუსტად იქ ასხამდა წყალს და დღეს იქ ბოლი აღარ ამოდის.

ბოლოს, თუშეთის ტყეში ხანძარი 1999 წელს იყო. 4 ხანძარი გაჩნდა მაშინ. ორმა თითქმის არაფერი არ დაწვა და ორმა ჯამში 5 ჰექტარი გადაწვა. 18 წელია გასული ხომ? ახლა იქ ახალგაზრდა ფიჭვნარია, მშვენიერი, შესანიშნავი, ლამაზი. ისე რომ, ბევრი არაფერი გაფუჭებულა იმ ტყისთვის. პირიქით, განახლება წავიდა.

მე ვფიქრობ, თუშეთის ტყეების უბედურება ის არის, რომ გადაბერებულია. 100 წელზე პატარა ხე ტყეში აღარ დგას. 100-დან 400 წლამდე ხეებია და არის ფისიანი. ტყის ხანძრების დროს ცეცხლი ადვილად და სწრაფად ეკიდება.

ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ სატყეოშიც და გარემოს დაცვაშიც მეტყევე სპეციალისტები აღარ ჰყავთ, ან იურისტები მუშაობენ, ან ბიზნესის მენეჯერები. ტყის მცველების ინსტიტუტი აღარ არსებობს საქართველოში, რომელიც მიხედავს ტყეს და პასუხს აგებს ტყეზე. იცით როგორი სპეციალისტები სხედან, რომლებიც იძახიან, რომ ღმერთის ნებაა ყველაფერი – ღმერთი თვითონ გადაწყვეტს ტყეში ხანძარი მოხდეს თუ ხე წაიქცეს. ასეთ დონეზე ვართ.

რეინჯერებს რომ ეძახიან, ისინი კი არიან, მაგრამ ძირითადად აწყობენ რეიდებს. გზაზე გაივლიან და თუ ვინმეს შეშა მოაქვს, წაართმევენ, დააჯარიმებენ. ეს არის მათი მოვალეობა. ტყეში კი არ შედიან, ტყეს არ აქცევენ ყურადღებას. არავინ პასუხს არ აგებს ტყის ჭრაზე, იქ ხანძრის გაჩენაზე და ა.შ.

ყველა ტყე თუშეთში, საშუალოდ 50 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც ექცევა ტყის ხანძრის ქვეშ. ძალიან ხშირად ხდება, რომ არ იწვის მთელი ტყე, მარტო მკვდარი საფარი იწვის. წიწვები და ხმელი ტოტები რომ ყრია, დაბლა ფენას გასდევს ეს ხანძარი, დაბლარი ხანძარი ჰქვია. არის მაღლარი ხანძარიც. თუშეთში მაღლარი ხანძარი არ ხდება, მთლიანი ტყე არ იწვის ხოლმე. აქა–იქ შეიძლება მთლიანი ხეც დაიწვას, მაგრამ ძირითადად დაბლა გასდევს.

წლების განმავლობაში თუშეთის ტყეებში ბევრ ხეს ვსწავლობდი და ყველგან ერთი და იგივე შედეგი იყო. ცეცხლი გაივლის, ჩაქრება თუ არ ჩაქრება, ამ ხეს გასცდება და ქსოვილის ნაწილი ცოცხალი რჩება, რომელიც სიცოცხლეს ინარჩუნებს, კავშირს ფესვებს შორის და ხე აგრძელებს სიცოცხლეს.

მე თუშეთის სატყეოში ვიმუშავე 1992 წლიდან 2006 წლამდე. ხანძრები მაშინ უფრო ხშირი იყო, ყველა გვალვის დროს. მაშინ ნაკლებად უფრთხილდებოდა ხალხი ტყეს. კაცი ცხენით მთვრალი დარბოდა, სიგარეტს ყრიდა და ამის გამო ჩნდებოდა ცეცხლი. ახლა ეს შეცვლილია.

ხანძარს ხელს უწყობს ჰაერის სიმშრალე და გვალვა. ჰაერში ფარდობითი ტენიანობაა მთავარი, რაც ახლა თუშეთში ძალიან დაბალია, ე.ი ხეები, მკვდარი საფარი მშრალია და ფიჭვები აალებადია.

ხანძარს კიდევ ის უწყობს ხელს, რომ ფიჭვი ფისიანია. წიფლნარში არ გაჩნდება ასე ხანძარი, არც ფოთლოვანში, არც ნაძვში, იმიტომ რომ მათ ნაკლები აქვთ ფისი. ფიჭვს მეტი ფისი აქვს, თუმცა ფიჭვი ისეთი სახეობაა, რომელსაც მოსწონს კატასტროფები“.

თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან ტყეში ხანძარი 2 სექტემბერს გაჩნდა. ხანძრის ლოკალიზებას ერთი ვერტმფრენი და ასზე მეტი ადამიანი ცდილობს. ხანძარმა დაახლოებით 15–17 ჰექტარი მოიცვა.

 

ამ თემაზე:

როდემდე უნდა ვიყოთ დამოკიდებული მეხანძრეებისა და ტყის მცველების პირად გმირობაზე?

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში