საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ონში - ეროვნული პარკი, ხოლო ამბროლაურში აღკვეთილი შეიქმნება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:27 - 21 მარტი 2017 hits 46914

რაჭაში, ცენტრალური კავკასიონის ტერიტორიაზე, სამი სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორია იქმნება: ონის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, ეროვნული პარკი შეიქმნება, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში კი - აღკვეთილი. გარდა ამისა, რამდენიმე ტერიტორიას ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭება. დაცული ტერიტორიების სავარაუდო საზღვრები უკვე მონიშნულია.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების მთავარი სპეციალისტი, ავთანდილ მიქაბერიძე „მთის ამბებთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეროვნული პარკი, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში შეიქმნება, მდინარე რიონის ზემო წელს და მთიანი რაჭის სოფლების: გლოლას, ჭიორას და ღების მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს. „დაცული ტერიტორია ზემო რაჭაში ძირითადად ტყეების ხარჯზე შეიქმნება. ამბროლაურის რაიონში, აღკვეთილის საზღვრებში მოექცევა რაჭის ქედის ტერიტორია - მდინარე შარეულას და შაორის წყალსაცავის სამხრეთ ნაწილი. საუბარია სულ დაახლოებით 70 000 ჰექტარზე. თუმცა, შესწავლის დასრულების შემდეგ, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შესაძლებელია, დაცული ტერიტორიის ფართობი შემცირდეს ან გაიზარდოს,“ - ამბობს მიქაბერიძე.

როგორც „მთის ამბებისთვის“ გახდა ცნობილი, ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭება ონში, სოფელ გლოლაში არსებულ ლოდებს, შქმერში თამარ მეფის კლდის უნიკალურ მღვიმეებს და ნიკორწმინდის გამოქვაბულ-საყინულეს.

რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნა პროექტის - „საქართველოში არსებული უნიკალური ტყეების კონსერვაცია დაცული ტერიტორიების დაარსების გზით“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტს ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) საქართველოს წარმომადგენლობა ახორციელებს.

WWF-ის წარმომადგენლის, ზაზა გამცემლიძის თქმით, დაცული ტერიტორიები ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება: „საქართველოში ბუნებაზე ადამიანის უარყოფითი ზემოქმედების მასშტაბი ძალიან დიდია. ვცდილობთ, რაც დაგვრჩა, ის მაინც დავიცვათ და დაცული ტერიტორიების შექმნით რაჭის უნიკალური ტყეები და ბუნება შევინარჩუნოთ. პირველადი ტყეების შენარჩუნებას სამეცნიერო ღირებულება აქვს. არის შემთხვევები, როცა მოსახლეობა დაცული ტერიტორიის შექმნას ეწინააღმდეგება: ფიქრობენ, რომ იქ ბევრი შეზღუდვები იქნება. თუმცა, გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ ეროვნული პარკების შექმნა მოსახლეობისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის სიკეთის მომტანია. თუშეთის ეროვნული პარკი ამის კარგი მაგალითია: შენარჩუნდა რეგიონის ბუნება, გაუმჯობესდა მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები და ქვეყნის სახელი გავიდა მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე.“

ახალი დაცული ტერიტორიების მოწყობისთვის რაჭა უნიკალური ბიომრავალფეროვნების და ლანდშაფტის გამო შეირჩა. პროექტის მთავარი მიზანი ამ კუთხეში არსებული ეკოსისტემების დაცვა და შენარჩუნებაა.

რაჭაში დაცული ტერიტორიების შექმნა ორ ეტაპად მიმდინარეობს. პირველ ეტაპს, რომელიც კონკრეტული ადგილების შესწავლას გულისხმობს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრო (BMZ) აფინანსებს. ზოოლოგები, ბიოლოგები, გეობოტანიკოსები, ბოტანიკოსები, მეტყევეები და გეოგრაფები მომავალ დაცულ ტერიტორიებს გასული წლის აპრილიდან სწავლობენ. მეორე ეტაპი უშუალოდ პროექტის განხორციელებას გულისხმობს. როგორც WWF-ის საქართველოს წარმომადგენლობაში აცხადებენ, პროექტში ჩართვით გერმანიის ბუნების დაცვის საერთაშორიოს ფონდიც დაინტერესდა. 

ყველა რეგიონში, სადაც მსგავსი პროექტი ხორციელდება, WWF პარტნიორ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. მათი გამოვლენა კონკურსის მეშვეობით ხდება. რაჭაში თანამშრომლობისთვის WWF-მა ორი არასამთავრობო ორგანიზაცია შეარჩია: „ზეკარი“- ამბროლაურში და „რაჭის სიძველეთა შესწავლისა და დაცვის ფონდი“ ონში. მათ მარტის ბოლოს გრანტების მენეჯმენტის მართვაში ტრენინგი ჩაუტარდებათ, სადაც ისინი მცირე გრანტების მართვას შეისწავლიან. მოსახლეობა მცირე გრანტებს გარემოსდაცვითი, ენერგოდაზოგვითი, ტურისტული, სოფლის მეურნეობის და ეკოლოგიური პროექტების განსახორციელებლად მიიღებს. როგორც კვლევებმა აჩვენა, შესაძლებელია მეფუტკრეობის, მეკარტოფილეობის და საოჯახო სასტუმროების დაფინანსებაც.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს დახმარებით, რაჭის ტერიტორიაზე საბაზისო კვლებებს 2018 წლამდე ჩაატარებს. პროექტის საბოლოო მიზანი დაცული ტერიტორიების იურიდიული დაარსებაა. დაცული ტერიტორიები შექმნისთანავე სამართავად დაცული ტერიტორიების სააგენტოს გადაეცემა.

ამჟამად საქართველოში 87 სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიაა: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 11 ეროვნული პარკი, 41 ბუნების ძეგლი, 19 აღკვეთილი და 2 დაცული ლანდშაფტი. დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 600 597 ჰექტარია, რაც ქვეყნის ტერიტორიის 8 პროცენტია.

ეროვნული პარკი იქმნება ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, შედარებით დიდი, ბუნებრივი მშვენიერებით გამორჩეული ეკოსისტემების დასაცავად და არსებული ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის მიზნით. აღკვეთილის კატეგორიის დაცულ ტერიტორიაზე კი დაშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება.

სალომე ცისკარაული

mtisambebi.ge-ს მოქალაქე რეპორტიორი. აშუქებს ხევსურეთის და რაჭის ამბებს. პროფესიით ჟურნალისტია. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში