ღუდან ერთი ბავშვი დადიოდა მეზობელი სოფლის, ლაილაშის სკოლაში. მეათეკლასელი ნია ჩორგოლიანი სკოლაში წასასვლელად 23 მარტსაც გაემზადა, მაგრამ სკოლის მანქანამ სოფელში ვეღარ მიაკითხა, გზა აღარ იყო. დამეწყრილ ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილებაც საშიშია. მეწყრულ ზონაშია ებრაელთა ძველი სასაფლაო. მეწყერმა რამდენიმე საფლავის ქვა წაიღო.
83 წლის სონა სილაგაძე 65 წელზე მეტია, რაც ღუში ცხოვრობს. ამ სოფელში რომ გამოთხოვდა, ლაჯანურჰესი ჯერ აშენებული არ იყო. „მე რაც მახსოვს ღუ, ულამაზესი იყო, მშვენიერი სათიბებით, საძოვრებით, წისქვილებით, მაგრამ ამ მეწყერმა ნელ-ნელა დაგვინგრია და დაგვიშალა ყველაფერი. რაც ხეობა დატბორეს, მას შემდეგ უფრო მოიმატა“.
გია ჩორგოლიანი იმ ადგილს გვაჩვენებს, სადაც 2004 წლამდე საუკუნეზე მეტი ხნის კაკლის ხეები იდგა. ახლა იქ არცერთი ხე აღარ დგას, ტერიტორია მთლიანად დამეწყრილია. მეწყერი საცხოვრებელ სახლებს სულ უფრო უახლოვდება.
სონა ბებოს სახლის ბოლოს ყანა აქვს, რომელიც ბოლო ათი წელია წყლით ივსება. სახლები დაბზარულია ან კედლები გადახრილი, ტენიანობაც მომატებულია. ამის გამო ბევრი ოჯახი აიყარა და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა. 2002 და 2014 წლების აღწერებს შორის პერიოდში მოსახლეობა განახევრდა და ახლა ღუში 30-მდე მცხოვრებია. „სოფლის ზედა მხარეს ვინც ცხოვრობდა, ყველა წავიდა. ჩემს ბავშვობაში, აქედან ლაილაშის სკოლაში 30 ბავშვი დადიოდა, ახლა ერთი ბავშვია. ისიც ვეღარ დადის ამ მეწყერის შემდეგ. ვინ გაგიჩერდება აქ, ზემოდან მეწყერი, ქვემოდან მეწყერი, შუაში წყალი და ტალახი“, - გია ჩორგოლიანს ეგონა, რომ გეოლოგები სოფლის საშიშ მდგომარეობას 23 მარტის ძლიერი მეწყრული პროცესების შემდეგ მაინც შეაფასებდნენ და ხელისუფლებას ეტყოდნენ, რომ მოსახლეობა განსახლებას უნდა დაექვემდებაროს.
„გეოლოგები ჩვენამდე არც მოსულან, არადა, ახლაც წვიმს. მეწყერი გუშინ ღამითაც ჩამოვიდა და ამბროლაური-ცაგერის საავტომობილო გზა გადაკეტა. საშიშია აქ ყოფნა და ვითხოვთ, რომ დროულად მოგვხედონ“.
ერთადერთი, რასაც ხელისუფლება დაზარალებულ მოსახლეობას დაპირდა, სამანქანო გზის შეყვანაა ლაჯანადან.
„რამე რომ დასჭირდეთ, სასწრაფო, სახანძრო, ვიდრე მთავარი გზა აღდგება, ამიტომ გადავწყვიტეთ ალტერნატიული გზის გაკეთება. სამუშაოები დავიწყეთ, მაგრამ ცუდი ამინდის გამო შევჩერდით. დიახ, ამ გზაზეც არის მეწყრული პროცესები, მაგრამ მისი პრევენცია შეიძლება. სანიაღვრე არხებით წყალს მიმართულებას მივცემთ და გადაადგილებას უსაფრთხოდ შეძლებენ“, - რაჭა, ლეჩხუმ, ქვემო სვანეთის გუბერნატორს, პარმენ მარგველიძეს ვკითხეთ, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილობრივ ხელისუფლებას მისცეს თუ არა რეკომენდაცია ღუდან 10 ოჯახის განსახლების შესახებ - „მეწყერი სოფელს არ ემუქრება. გზა არის წაღებული, მაგრამ მოსახლეობისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს“.
ღუსკენ მიმავალი ახალი გზა ციცაბო აღმართებს მიუყვება, მსუბუქი მანქანისთვის სულ მცირე ძნელად გასავლელი იქნება.
გარესამყაროს მოწყვეტილ ღუში დარჩენილი 10 ოჯახისთვის სოფელში პროდუქტის შეტანის ერთადერთი საშუალება, ხარებია. „ახალგაზრდა კაცი გაგვიხდა ავად ორი სამი დღეა და ხარებით ჩავიყვანეთ ძირს“, - გვიყვებიან ადგილობრივები და შიშობენ, რომ გზა კიდევ დიდხანს არ ექნებათ.
ღუს მოსახლეობას სამანქანო გზის გაყვანაში დახმარება ნამახვანჰესის მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ შესთავაზა. უარი უთხრეს. გია ჩორგოლიანი მიზეზს ასე განმარტავს:
„რაც ღუს სჭირს, ნამახვანჰესის მშენებლობის შემთხვევაში, ის დაემართება ნებისმიერ იქ ახლომდებარე სოფელს, სადაც კაშხლის ტერიტორია იქნება. ის, რაც ჩვენ დაგვემართა, არ გვინდა სხვასაც დაემართოს. ეს ლეჩხუმის ტრაგედია იქნება. დიდი კაშხლების მშენებლობა რიონის და ლაჯანურის ხეობებს დაანგრევს“.
113.7 მგვტ სიმძლავრის ლაჯანურჰესი ერთ-ერთი დიდი ჰიდროელექტროსადგურია საქართველოში, რომელიც ექსპლუატაციაში 1960 წელს შევიდა. კაშხლის სიმაღლე 69 მეტრია. ეს პირველი თაღოვანი კაშხალია საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ლაჯანურჰესისთვის მდინარე ლაჯანას ხეობა 3.2 კილომეტრზე დაიტბორა. წყალსაცავის უდიდესი სიგანე ერთი კილომეტრია, საშუალო კი 500 მეტრი. ლაჯანურის წყალსაცავს ასაზრდოებს მდინარეები: ლაჯანური, ხელეშურისღელე, ლიამღვრიე, უსახელოღელე. აგრეთვე, მდინარე ცხენისწყლიდან არხით და გვირაბით გაყვანილი წყალი. „ლაჯანურჰესი“ სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ეკუთვნის.
წყალსაცავის გარშემო ათამდე სოფელია. ყველა სოფელში მეწყრული პროცესებია განვითარებული. გეოლოგიის დეპარტამენტს სოფლები ღუ, ლაცორია, უსახელო მთლიანად და სურმუშის, ჩხუტელისა და ლაილაშის ნაწილი სტიქიური გეოლოგიური პროცესებით განსაკუთრებით დაძაბული უბნების სიაში აქვს შეტანილი.
კითხვაზე - ხელს უწყობს თუ არა ლაჯანურჰესის წყალსაცვი გარშემო მდებარე სოფლებში მეწყრული პროცესების გააქტიურებას, გარემოს ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ გეოლოგიის დეპარტამენტს ეს საკითხი არ შეუსწავლია. „კვლევა იმის შესახებ, რა იწვევს მეწყრული პროცესების უფრო მეტად გააქტიურებას თუნდაც მაგ კონკრეტულ ხეობაში, არ არსებობს და ასეთი კვლევა სააგენტოს არ ჩაუტარებია. პირველ რიგში ვუკავშირებთ კლიმატის გლობალური ცვლილების გავლენას. შესაბამისად, ღრმა კვლევების გარეშე, ასე ცალსახად რთულია თქვა, რა ზემოქმედებს მეწყრული პროცესების უფრო მეტად გააქტიურებაზე“, - განმარტეს სააგენტოში.
ერთ-ერთი მიზეზი, რაც მეწყერს წარმოშობს, გაზრდილი ტენიანობაა. ზრდის თუ არა ტენიანობას ლაჯანურის ხეობაში წყალსაცავი? რა თქმა უნდა ზრდის - ასეთია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის თეა გოდოლაძის პასუხი.
„რაც უფრო მეტია წყალსაცავის სარკე, მით მეტია აორთქლება და ტენიანობა. წყალსაცავი არღვევს ნალექების მოსვლის, წყლის შეწოვისა და ჩადენის რეჟიმს. ეს ხელს უწყობს მეწყრის ჩასახვასა და განვითარებას.
ასეთ რეგიონებში მოსარიდებელია დამხმარე რეზერვუარების გაკეთება ასე ხელაღებით. მე წარმოშობით რიონის ხეობიდან ვარ და იქ ისეთი ნესტია დღისით და ღამით, ყველაფერს ობი ეკიდება. ასეთი მაღალი მაჩვენებლის პირობებში კიდევ აორთქლების ზედაპირების გაზრდა, ძალიან ცუდ გავლენას ახდენს“, - აღნიშნავს თეა გოდოლაძე.
ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც მდინარე რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ, სწორედ 105 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობა და 1500 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის დატბორვაა.
მეწყერი შეიძლება გადაადგილდეს ნელა (წელიწადში რამდენიმე ათეული სანტიმეტრი), თუმცა მისი საშიშროება იმაშია, რომ ის თანდათანობით შეიძლება გადავიდეს სწრაფ გადაადგილებაში და კატასტროფა გამოიწვიოს.
ავტორი: ლაშა ორჯონიკიძე