საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

მდინარე რიონი დაცულ ტერიტორიებში ვერ მოხვდა - ვის ინტერესებს ეწირება რაჭის ბუნება

22:25 - 30 აპრილი 2020 hits 17250

რატომ ვერ მოხვდა რაჭის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში მდინარე რიონი და მისი ჭალები, ასევე, მდინარეები ზოფხიტური და ჩვეშური? რომელი მაღალჩინოსნების ინტერესები იკვეთება და ხელისუფლებასთან დაახლოებული რომელი ბიზნესმენები ფლობენ ჰესების მშენებლობის ნებართვასა და ძვირფასი ლითონების მოპოვების ლიცენზიებს? რატომ ატარებს მალულად დაცული ტერიტორიების სააგენტო კანონპროექტის „საჯარო განხილვებს“?

საქართველოში დაცული ტერიტორიების სივრცითი სტრუქტურის განვითარების პირველი სქემა, რომლის შემუშავებაშიც როგორც ქართველი, ასევე, გერმანელი ექსპერტები მონაწილეობდნენ, 1990-1991 წლებში დამუშავდა. ეს სქემა ითვალისწინებდა ეროვნული პარკების დაარსებას საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კოლხეთის დაბლობი, ცენტრალური კავკასიონი, ფშავ-ხევსურეთ-თუშეთი, მთიანი კახეთი, ივრის ზეგანი, ბორჯომი და აჭარა-გურია-იმერეთი. დღეის მდგომარეობით დაარსებულია „კოლხეთის ეროვნული პარკი“, „ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი“, „თუშეთის ეროვნული პარკი“, „ვაშლოვანის ეროვნული პარკი“, „ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი“. დარჩენილია ეროვნული პარკების დაარსება ცენტრალურ კავკასიონსა და ერუშეთში.

2016-2017 წლებში, გერმანიის მთავრობის დაფინანსებით და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ტექნიკური ხელშეწყობით, ჩატარდა კვლევები ცენტრალური კავკასიონის ნაწილში, რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსების მიზნით.

გადაწყდა რაჭის ეროვნული პარკის, შოვის აღკვეთილისა და რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (დამხმარე ზონის) შექმნა.

რაჭის ეროვნული პარკი ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე იქმნება და მისი საერთო ფართობი 26 569 ჰექტარია.

შოვის აღკვეთილიც ონის მუნიციპალიტეტის საზღვრებშია და მისი ფართობი 25 622 ჰექტარს შეადგენს.

რაჭის  მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) მოიცავს ონის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: უწერა, გლოლა, ჭიორა, ღები, პატარა ღები, გონა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის თომა დეკანოიძის განცხადებით, რაჭაში დაცული ტერიტორიების დაარსება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ერთი მხრივ, ეს ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ,  ეკოტურიზმის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაჭის დაცული ტერიტორიებისთვის 1 057 200 ლარი უნდა გამოიყოს. რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის ადმინისტრაციაში 27 ადამიანი დასაქმდება - დირექტორი (ხელფასი 2000 ლარი), დაცვის უფროსი (1300 ლარი), 4 უბნის უფროსი რეინჯერი (1000  ლარი), 17 რეინჯერი (900 ლარი), 1 ბუნებრივი რესურსების სპეციალისტი, ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი, 1 ბუღალტერი და 1 ვიზიტორთა სპეციალისტი.

საქართველო 1994 წელს მიუერთდა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ საერთაშორისო კონვენციას (CBD - Convention on Biological Diversity), რომლის ახალი სტრატეგიაც ადგენს, რომ „2020 წლისთვის, ხმელეთისა და შიდა წყლების ფართობის, სულ მცირე 17 % და სანაპიროსა და საზღვაო ფართობის 10 %, განსაკუთრებით ის ტერიტორიები, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ბიომრავალფეროვნებისა და ეკოსისტემური სერვისების თვალსაზრისით, დაცული ტერიტორიების საზღვრებში უნდა იყოს მოქცეული. 

ამის მიუხედავად, მდინარე რიონი და მდინარის ჭალები რაჭის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

ონის ჰესების კასკადისთვის განწირული ეკოსისტემა

„ძალიან მარტივი პასუხია ამაზე, სწორედ იმიტომ, რომ დაცულმა ტერიტორიამ ხელი არ შეუშალოს სხვა კომპანიებს თავის ფინანსურ საქმიანობაში. ამ შემთხვევაში დაცული ტერიტორიებიდან ამოღებულია ის ადგილები, სადაც იგეგმება ონის ჰესების კასკადის მშენებლობა, ასევე, გაცემულია წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია ან იგეგმება მისი გაცემა“, - უთხრა „მთის ამბებს“ ირაკლი მაჭარაშვილმა, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ კონსერვაციის პროგრამის კოორდინატორმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რაჭაში, მდინარე რიონზე ონის ჰესების კასკადის მშენებლობაზე ნებართვა 2020 წლის 17 მარტს გასცა. ამ პერიოდში საქართველოში კორონავირუსის 34 შემთხვევა უკვე დადასტურებული იყო; ხალხს მოუწოდებდნენ, რომ სახლებში დარჩენილიყვნენ; მოსახლეობა მასობრივად იმარაგებდა სურსათსა და მედიკამენტებს; მაღაზიებსა და აფთიაქებში პროდუქციის დეფიციტი იყო, 4 დღეში კი მთავრობამ მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და სხვა შეზღუდვებთან ერთად, ადამიანების შეკრება აკრძალა.

მდინარე რიონზე, ჰესების კასკადის მშენებლობა სააქციო საზოგადოება „ონის კასკადს“ სურს.

ონის ჰესების კასკადი მოიცავს „ონი 1 ჰესს“ (122.46 მგვტ) და „ონი 2 ჰესს“ (83.7 მგვტ). მშენებლობის შემთხვევაში დაგეგმილია ათასობით ძირი ხის მოჭრა; მშენებლობის ტერიტორიაზე მეწყერი აქტიურ დინამიკაშია; მდინარე რიონი 21 კილომეტრზე გვირაბებში უნდა მოაქციონ; მდინარის რეჟიმის ცვლილება ზრდის სტიქიური პროცესების საფრთხეს; გვირაბების მშენებლობა მათ შორის დაგეგმილია ბურღვა-აფეთქების მეთოდით, რაც ზრდის გეოდინამიკური პროცესების გააქტიურების რისკებს, მითუფრო მაღალი სეისმურობით გამორჩეულ და მიწისძვრით მნიშვნელოვნად დაზარალებულ რაჭის რეგიონში; მაღალია უწერის მინერალური წყლების წყაროების დაკარგვის საფრთხე და ტურიზმზე ნეგატიური ზემოქმედება; საპროექტო ზონაში და პროექტის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ქალაქი ონი და სოფლები: სორი, კომანდელი, ხურუთი, ლაგვანთა, ნაკიეთი და გლოლა.

ს/ს „ონის კასკადის“ გენერალური დირექტორი ლაშა იორდანიშვილია. ის ამავე დროს შპს „პერის“ დირექტორი და 8 კომპანიის მეწილეა, მათ შორის შპს „ალაზანი ენერჯის“, სადაც 100 %-ს ფლობს. იორდანიშვილისა და მისი ბიზნესპარტნიორების (იოსებ მჭედლიშვილი, კახაბერ შევარდნაძე) საკუთრებაშია საქართველოში რამდენიმე ჰიდროელექტროსადგური.

ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ლაშა იორდანიშვილმა, ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, გასულ წელს, მთავრობის მხარდაჭერითა და სპეცრაზმის გამოყენებით სცადა „ხადორი 3 ჰესის“ სამშენებლო სამუშაოების განახლება პანკისის ხეობაში, რასაც ძალოვნებსა და მოსახლეობას შორის შეტაკება მოჰყვა. დაპირისპირების შედეგად 55 ადამიანი დაშავდა.

„მდინარე რიონი და მიმდებარე ჭალები ძალიან ღირებული ეკოსისტემაა. ადრე ენერგეტიკის სამინისტროს, ახლა კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომელთანაც ენერგეტიკის სამინისტრო გაერთიანდა, ასეთი „ტრადიცია“ ჰქონდა, რომ მდინარეებს როგორც წესი ამორიცხავდა ხოლმე დაგეგმილი დაცული ტერიტორიებიდან. ეს ახალი ამბავი არ არის. ასე მოიქცნენ მაჭახელას ეროვნული პარკის შემთხვევაშიც, მდინარე მაჭახელა და მისი შენაკადები არ შედის მაჭახელას ეროვნული პარკის შემადგენლობაში. აქაც ასეა,

რაჭის ეროვნული პარკის შემადგენლობაში არ შედის რაჭის და ზოგადად საქართველოს მთავარი მდინარე რიონი და მისი შენაკადები და შევიდა ისეთი ადგილები, როგორიცაა მყინვარები, მიუდგომელი ადგილები და რომლებზეც პრაქტიკულად ადამიანს ეკონომიკური ინტერესები არ გააჩნია და დიდწილად ისედაც დაცულია ეს ტერიტორიები“, - აღნიშნავს ირაკლი მაჭარაშვილი.

 

მაღალჩინოსნებისა და მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენების საეჭვო ინტერესები

კანონპროექტის მიხედვით, რაჭის ეროვნული პარკის გარეთ დატოვეს სოფლების უწერას, ღების, გონას მიმდებარე ტერიტორიები, მდინარეები ზოფხიტური და ჩვეშური.

ღებთან ახლოს ძვირფასი ლითონების - ოქროს, ვერცხლისა და სტიბიუმის მოსაპოვებლად რამდენიმე ლიცენზიაა გაცემული. ღებიდან 10-16 კილომეტრის დაშორებით ანთიმონიუმის, ოქროსა და ვერცხლის მოპოვების ლიცენზიას ფლობს ს/ს „კავკასიის მინერალები“. ლიცენზია 2012 წლის 14 მარტს გაიცა, 30 წლის ვადით, 2042 წლის 14 მარტამდე. კომპანიაში გვითხრეს, რომ ჯერ შესწავლა მიმდინარეობს და წიაღისეულის მოპოვება არ დაუწყიათ.

„კავკასიის მინერალები“ 2011 წლის 20 დეკემბერს არის დაფუძნებული. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან: მიხეილ ტაბლიაშვილი, დავით ერისთავი, რევაზ ბერიძე, ზურაბ ციხისთავი, ალექსანდრე ანთაძე (ბრიტანეთის მოქალაქე), ნიკოლოზ ენუქიძე (საქართველოსა და ბრიტანეთის მოქალაქე) და ტროი ტრავლოს (ზიმბაბვე).

საყურადღებო ის არის, რომ 2012-2016 წლებში ამ კომპანიის გენერალური დირექტორი კახაბერ კუჭავა იყო, რომელიც 2016 წლის არჩევნების შედეგად, „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, პარლამენტის წევრი გახდა. 2016-2019 წლებში კახაბერ კუჭავა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

სწორედ ეს კომიტეტია წამყვანი, დაცული ტერიტორიების კანონპროექტის განხილვისას. რამდენიმე თვის წინ კი, კახაბერ კუჭავა თანამდებობრივად დაწინაურდა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

ღებიდან დაახლოებით 90 კილომეტრის დაშორებით სტიბიუმის, ოქროსა და ვერცხლის მოპოვების ოთხ ლიცენზიას ფლობს შპს „ქართული პერსპექტივა“. ლიცენზია 2016 წლის 14 იანვარს არის გაცემული 20 წლით, 2036 წლამდე. საწარმოს 94 % წილის მფლობელი ალექსანდრე ხარებავაა, რომელიც ამავე დროს, შპს „მეღვინეობა ხარებას“ მეწილე და დირექტორია. ალექსანდრე ხარებავა კიდევ 14 კომპანიის დირექტორია და ოცამდე კომპანიაში წილებს ფლობს. იგი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემწირველია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ხარებავამ, მხოლოდ თვითონ, „ოცნებას“ კანონით ფიზიკური პირისთვის დაშვებული მაქსიმალური თანხა, 60 ათასი ლარი შესწირა.

რაჭის დაცული ტერიტორიების გარეთ დატოვებული ადგილების მიმართ, მაღალჩინოსნებისა და ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენების ინტერესისა და კავშირების შესახებ, უფრო დეტალურად ცალკე რეპორტაჟში გიამბობთ.

„ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის კავკასიის წარმომადგენლობა, რომელიც უმეტესად არის ხოლმე დაცული ტერიტორიების შექმნის მოთავე, თავისი დონორების დახმარებით, ასე ვთქვათ, რასაც „გამოღლიტავს“ ამ მთავრობას, იმით კმაყოფილდება. ეს რა თქმა უნდა სწორი არაა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის. ქაღალდზე დაცული ტერიტორიაც კი შველის ბუნებას. სულ არარაობას ჯობია იმიტომ, რომ მომავალში არ დაიგეგმოს ისეთი საქმიანობები, რომლებიც ხელს შეუშლის ბუნების დაცვას - ტყის მასობრივი ჭრა, ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ წუთში ის ტერიტორიები მაინც წავართვათ ამ ეკონომიკური საქმიანობით დაინტერესებულ სუბიექტებს, ხელისუფლებაში იქნებიან თუ მის გარეთ, რომ რამენაირად ბუნება შემორჩეს. მეტსაც გეტყვით, რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნის კანონპროექტი პარლამენტში დიდი ხნის წინ იყო შესული, მაგრამ ბოლო მომენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ნათია თურნავამ დაბლოკა, მერე შეაჩერეს. როგორც ჩანს, კიდევ რაღაც ცვლილებები შეიტანეს. ეს პროცესი კულუარებში მიმდინარეობს და საჯარო არ არის“, - ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

„რაჭის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს მთავრობამ პარლამენტს საგაზაფხულო სესიაზე განსახილველად 2019 წლის 31 იანვარს, N119 განკარგულებით წარუდგინა. დოკუმენტის აღწერაში რაჭის დაცული ტერიტორიის ფართობად 64 164 ჰექტარია მითითებული. კანონპროექტის ამ ვერსიას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდზე მივაკვლიეთ. ამჟამად, ჩვენს ხელთ არსებული კანონპროექტით, რომელიც „მთის ამბებმა“ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან ოფიციალურად გამოითხოვა და 2020 წლის მარტში მოგვაწოდეს, რაჭის დაცული ტერიტორიების ფართობი 11 973 ჰექტარით არის შემცირებული.

პარლამენტს 2019 წელს რაჭის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტი არ განუხილავს. ამასობაში, ერთი წლის თავზე, ს/ს „ონის კასკადმა“ სამინისტროსგან მდინარე რიონზე ჰესების მშენებლობაზე ნებართვა მიიღო.

„ძალიან ცუდია ასე გაუმჭირვალედ რომ ხდება დაცული ტერიტორიების შექმნა. ის ადამიანებიც კი, ვინც უშუალოდ არიან მოქცეული ამ დაცული ტერიტორიის მიმდებარედ, და მათ ყოფა-ცხოვრებას ეხება ეს პროცესი, არ არიან სათანადოდ ინფორმირებულები. იყო გარკვეული საჯარო შეხვედრები, მაგრამ

როდესაც ვიკითხე, არის თუ არა საჯაროდ ხელმისაწვდომი ეს კანონპროექტი, დოკუმენტი არ არისო. ეს სერიოზულ საჯარო განხილვად ვერ ჩაითვლება, როდესაც განსახილველი დოკუმენტი არ მიეწოდება აუდიტორიას.

ფართო განხილვის საგანი რომ იყოს, მაშინ ასეთი თავისუფლება და ხელების გადაგრეხვის საშუალება არ მიეცემოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ამიტომ, ასე თამაშობენ სამინისტროები“,

დაცული ტერიტორიების სააგენტოში „მთის ამბებს“ განუცხადეს, რომ დღეისათვის გამართულია დაახლოებით 10-მდე შეხვედრა, რომლებშიც მონაწილეობა 500-მდე ადამიანმა მიიღო. სააგენტოს წერილობით მოვთხოვეთ მოეწოდებინა ინფორმაცია, სად და როდის გაიმართა ეს შეხვედრები; რა საშუალებებით მოხდა საკითხით დაინტერესებული ადამიანების ინფორმირება შეხვედრებში მონაწილეობის შესახებ; ვინ ესწრებოდნენ ამ შეხვედრებს; სააგენტოში განმარტეს, რომ შეხვედრებს აორგანიზებდნენ და ატარებდნენ ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის წარმომადგენლები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მონაწილეთა შესახებ ინფორმაცია არ აქვს. სააგენტომ ჯერ კიდევ 28 თებერვალს მოგვწერა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ფონდიდან გამოითხოვეს და მოგვაწვდიდნენ. მას შემდეგ ორი თვე გავიდა და ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებით არცერთ საჯარო შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა ეთერ არსანიძეს, რაჭის სათემო ორგანიზაციის თავმჯდომარეს. საჯარო განხილვების შესახებ არცერთი განცხადება/ანონსი არ უნახავთ სათემო ორგანიზაციის სხვა წევრებსაც.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე მხოლოდ ერთი ინფორმაცია იძებნება. რაჭაში ეროვნული პარკის დაარსებაზე შეხვედრა 2020 წლის თებერვლის ბოლოს, ონში გაიმართა. თანდართული ფოტოები ადასტურებს, რომ მასში ძირითადად ონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

კანონპროექტის კიდევ ერთი ხარვეზი

რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტს კიდევ ერთი ხარვეზი აქვს. კანონპროექტის მიხედვით სამი კატეგორიის დაცული ტერიტორია იქმნება, რაჭის ეროვნული პარკი, რომლის გეოგრაფიული კოორდინატებიც მე-4 მუხლშია მოცემული და შოვის აღკვეთილი - კოორდინატებს მე-5 მუხლი განსაზღვრავს. ფართობიც ორივე შემთხვევაში დაზუსტებულია. მე-6 მუხლში წერია, რომ იქმნება რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა), აქ ჩამოთვლილია მხოლოდ სოფლები. არ არის დაზუსტებული ფართობი და არც გეოგრაფიული კოორდინატებია მოცემული.

ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, ეს ამ კანონპროექტის მნიშვნელოვანი ხარვეზია: „ასეთი ხარვეზი სხვა კანონპროექტებშიც გვხვდება ხოლმე. მაგალითად, ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ კანონში. რატომ ხდება ეს? მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია ეს არის ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მე-6 კატეგორია. ასეთი დაცული ტერიტორიების შექმნის მიზანი ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებაა. ასეთი ტერიტორია უნდა იმართებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის, ადგილობრივი თემების მიერ. უნდა მოიცავდეს დიდ ფართობს და ამ ფართობში უნდა შედიოდეს ტყეები, საძოვრები და ის ადგილები, რომლებიც ბუნებრივ რესურსს აძლევს ადგილობრივ მოსახლეობას. მაგრამ, ჩვენ ვხედავთ, რომ სიტყვებით არის მხოლოდ სოფლები. ეს არც დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონს და არც ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის კრიტერიუმებს არ შეესაბამება. პრობლემა იმაშია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოს არანაირი ინტერესი არ აქვს, რომ ასეთი ტიპის დაცული ტერიტორიები შეიქმნას. არსებობს ჯავახეთის, ფშავ-ხევსურეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები, მაგრამ მათ არავინ მართავს. დაცული ტერიტორიების სააგენტოს არ აქვს კანონით მართვის უფლება, ხოლო ადგილობრივმა თვითმმართველობებმა არც იციან ხოლმე, რომ ეს უნდა მართონ. გარემოს დაცვის სამინისტროს რუკაზეც კი არ დააქვს ასეთი ფართობები. თუ ამ კანონპროექტის რამენაირი განხილვა იქნება პარლამენტში, ვეცდები, ეს საკითხი მაინც დავაყენო, რომ მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიასთან დაკავშირებული ხარვეზი გამოსწორდეს“.

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში