საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ტყე იწვის სვანეთშიც, ცეცხლი სულ მცირე 10 ჰექტარზეა გავრცელებული

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

01:50 - 19 ნოემბერი 2019 hits 14325
ფოტო არქივიდან
გარემოს დაცვა
ფოტო არქივიდან

ხანძარია სვანეთშიც, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მახლობლად. ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით, ცეცხლი ტყეში მიუდგომელ ადგილას არის გავრცელებული. ხანძრისგან გამოწვეული დაკვამლიანება შეინიშნება მესტიასა და მიმდებარე სოფლებშიც.

როგორც ადგილობრივებმა „მთის ამბებს“ უთხრეს, 18 ნოემბერს მთელი დღის განმავლობაში ითხოვდნენ სამაშველო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას, მაგრამ უშედეგოდ.

„არავის სცალია ალბათ ახლა სვანეთისთვის და ტყისთვის - თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების გამო. უმნიშვნელოვანესი ადგილი იწვის, სასწრაფოდ სჭირდება შველა. ცეცხლი ხმელ ფოთლებსაც უკიდია და ხეებსაც, თან სწრაფად ვრცელდება. დღეს გვითხრეს, ვერტმფრენი ვერ ჩაერთვება, რადგან კვამლიაო. მესტიაშიც კი კვამლია უკვე“, - აღნიშნეს ადგილობრივებმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ სოფელ ცხუმარის მახლობლად გაჩენილი ტყის ხანძრის ქრობის პროცესში 45-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. სამსახურის წარმომადგენლის რატი მუჯირის განცხადებით, ადგილზე ძლიერი დაკვამლიანების და რთული რელიეფის მიუხედავად, მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ხანძრის დასახლებულ ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ამ ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლები არ ადასტურებენ. მათი თქმით, ცეცხლის ქრობის პროცესში ისინიც მონაწილეობენ და ამდენი მეხანძრე მაშველი არ უნახავთ.

მუჯირის თქმით, ხანძრის ქრობის სამუშაოებში ხვალიდან დამატებით 90-მდე მეხანძრე-მაშველი ჩაერთვება.

სვანეთში მცხოვრებლები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ტყე იწვის სოფელ ეცერშიც, გვალდერის ტერიტორიაზე.

„ორიოდე კაცი როგორ ჩააქრობს ამხელა ხანძარს? ხელისუფლება წყლით რუსთაველის გამზირზე წუწაობს და სად სცალია ამ პრობლემისთვის. სრული მობილიზაცია აქ გამოგეცხადებინათ, სადაც ბუნება ნადგურდება, თუ მხოლოდ ამაზონის ტყეების ჭირისუფლობა გვევალება? სად არის სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი? ახლა ამოიღეთ ხმა, საკუთარი ბიზნესების დაცვას რომ გადააყოლეთ მთელი ქვეყანა“, - ამბობს მანანა საღლიანი.

ხანძარია რაჭის ტყეებშიც, სოფელ ხიდეშლების მახლობლად და ურავის ხეობაში.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში