საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშური ფოტოზღაპრები - მოგზაურობა თუშეთში მისტიკურ არსებებთან ერთად

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:14 - 25 ივნისი 2018 hits 16439

დოჭუს დადარაჯებული გველეშაპი ნიკუდა, ილურები თუშური საფლავის ქვებთან, თუშეთის გზის მფარველი თურსიხა და ტბაში დაბუდებული ნაქო, თუშურ კოშკს შემოხვეული სული ოკალა და ფარსმის სალოცავის უკან მდგარი ესტო - დათო სიმონიას თუშურმა ფოტოზღაპრებმა, რომლითაც ავტორი მფარველი სულების, დემონების, ღმერთებისა და ფანტასტიკური არსებების შესახებ შეთხზულ ისტორიებს გვიამბობს, თუშებს შორის უფრო მეტი გაღიზიანება გამოიწვია, ვიდრე მოწონება. ფოლკლორისტი და თუშური მითოლოგიის უბადლო მცოდნე ეთერ თათარაიძე კი ამბობს, რომ დათო სიმონიამ თავისი „თუშური ფოტოზღაპრებით“ დემონოლოგიური სამყარო კეთილად შეცვალა და ამ ინოვაციური პროექტით თუშეთის მიმართ ინტერესს ზრდის.

ფოტო © დათო სიმონია თუშეთის გზაზე, ახალ ტბაში უცნაური არსების მოქნეული კუდი თუ შენიშნეთ, ნაქოა, იცნობდეთ. თუშეთში ერთადერთ ასასვლელს კეტავს ხოლმე და მიზეზად რა აქვს, არავინ იცის.

ფოტო © დათო სიმონია / თუშურ კოშკებს თავზე თეთრი ქვები რომ ადგათ, შეგიმჩნევიათ? გარდა იმისა, ეს ქვები ავ სულებს რომ აფრთხობენ, მათში მფარველი სულებიც ცხოვრობენ. ოკალა ერთ-ერთი ეგეთი სულია და თავის კოშკს დღემდე ბზარებს უამებს ხოლმე.


გამოხმაურება თუშურ ფოტოზღაპრებზე - ეს ეშმაკ-ქაჯობა მოაშორე აქედან!

„თუშურმა ფოტოზღაპრებმა“ თუშებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. სოციალურ ქსელში უმეტესობამ ის დაიწუნა და შეურაცხყოფად მიიღო, მცირე ნაწილმა კი მოიწონა.

„ხალხი ნაწყენია, საიდან მოიგონეს ეს საშინელი ქმნილებებიო. ნუ ავრცელებთ ამ სიმახინჯეებს“;

„ეცადე თუშებს არ ჩაუვარდე ხელში. მერე არა მგონია საღიმრად და სასაცილოდ გქონდეს საქმე“;

„შედი მაგის გვერდზე, ნახე რქიანი ეშმაკები და მიხვდები, რასთან და ვისთან გაქვს საქმე“;

„პრეზერვატივებზე ქართველი წმინდანების დახატვას და სიმონიას ნახატებს შორის კავშირს ვერ ხედავთ? ემსახურება თუ არა ეს ყველაფერი ერთ საქმეს?“;

„ეხლა უკვე თუშეთსაც გადასწვდენ. მოსალოდნელი იყო. რა უნდა დრაკონსა და სხვა უცნაურ არსებებს იქ. გაფრთხილდით. ამით დაიწყეს და რითი გააგრძლებენ არავინ იცის. მითუფრო, რომ მიტოვებულ ეკლესიას წარმოადგენს დღეს თუშეთიც და ბევრი სხვა რეგიონიც. სად რას შემოაგდებენ და ვშიშობ, ჩუმ-ჩუმად სატანის სახებასაც შემოგვაპარებენ ასე“;

„რამ გაგაგიჟათ და გადაგრიათ ხალხო. ეს როგორ შეიძლება. ასეთ ცოდვას რატომ სჩადით? აქამდე არავის მოსვლია თავში აზრად, ეს გაეკეთებინა და შენ ვინ მოგცა ამდენი გამბედაობა, თუშური წესი და ადათი, ხატი და ნაფუძარი ასე სასაცილოდ აგეგდო. მთის სალოცავების მაინც არ გეშინია? არ განარისხო, თავს არა მოგწიონ, მოაშორე ეს რაღაცეები და ადი, შენდობა ითხოვე“;

„მეც ვნახე ნამუშევრები. რამდენიმე ძალიან მომეწონა, რამდენიმე თუშეთისთვის შეუსაბამოდ მივიჩნიე, თუმცა ეს თქვენი ხედვაა და ჩემი სუბიექტური აღქმა. დიდი სიყვარული, ინტერესი და ინსპირაცია ყველა ნამუშევრიდან იგრძნობა“.

„ძმობილო ერთ კარგ რჩევას მოგცემ. რაიც ვერ იცი, იმას ნუ ლაპარაკობ, თორემ, შეიძლება რამე დაიზიანო. არ გისურვებ თუშთ გაბრაზებას, თორემ გაბრაზებულ თუშების ხელად ჩავარდნას შენ მტერსაც არ ვუსურვებ. ეს ეშმაკ-ქაჯობა მოაშორე აქედან, ვიდრე ვინმეს დაუჭერიხარ“;

„სალოცავის უკან დემონი ძალიან შეურაცხმყოფელად მიმაჩნია. მხარეში სადაც შემონახულია ტრადიციები, ლიბერალიზაცის საცეცები ვიგრძენი ამ ნახატით“;

„ეს არც მითოლოგიაა და არც მხატვრული შემოქმედება. რომელიმე სექტამ ხომ არ დაგიქირავა და ვითომ სიყვარულით, ფერებ-ფერებითა და აფერისტობით რაღაცეებს მიედ-მოედებით. თავად იძახი ზღაპარიაო და ზღაპარს რა ისტორია უნდა ჰქონდეს ტყუილისა და სიცრუის გარდა? ეშმაკები და ქაჯები რომ წამოასხი კოშკებს და სალოცავებს, ეგაა კარგი?“.

„ძალიან კარგი პროექტია, სწორედაც რომ ჩვენი კუთხისადმი ინტერესითა და სიყვარულით სავსე. შეიძლება თქვენი თებჟორიკა (და ა.შ.) სხვების მიერ წარმოდგენილ თებჟორიკას არ ემთხვევა, მაგრამ ესეც ხომ ბუნებრივია, რადგან თებჟორიკა იმდენია, რამდენ ადამიანსაც გაუგია მისი „არსებობის“ შესახებ. ის წარმოსახვის შვილია და შესაბამისად, ყველა თავის გონებაში ხატავს თავის პირად თებჟორიკას“;

„ვინც დამფრთხალია მისთვის მიუღებელი სიახლით, ნელ-ნელა მიხვდება რომ ავტორი ძალიან კარგ სათემო თუშურ საქმეს აკეთებს და რაც მთავარია, აკეთებს წრფელი გულით და სიყვარულით! გთხოვთ, ამ კომენტარების გამო ხელს ნუ აიღებთ თქვენს ჩანაფიქრზე და იმედია, მომავალში კიდევ გაგვანებრივებთ თქვენი სამყაროს მიერ აღქმულ-დანახულ-ნაგრძნობი თუშური ამბებით“.

როგორ დაიბადა თუშური ფოტოზღაპრები

დათო სიმონია 27 წლისაა. სენაკში გაიზარდა. პროფესიით კონომცოდნეა. თეატრალური უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გრაფიკულ დიზაინერად მუშაობდა. ბევრს მოგზაურობს და მითოლოგია აინტერესებს. თუშური ფოტოზღაპრებიც თუშეთში მისი ორკვირიანი მოგზაურობის ნაყოფია.

რატომ თუშეთი? - „მანამდე ხევსურეთშიც ვიყავი, ხევსურული ფოტოზღაპრებიც მქონდა. იმდენად პოზიტიური გამოხმაურება იყო, გადავწყვიტე გამეკეთებინა თუშეთზეც, რომელიც მითოლოგიის მხრივ ძალიან მდიდარი და მისტიკურია“.

მისი მიზანი თუში ხალხის მიმართ სიყვარულის გამოხატვა და იმის გაზიარება იყო, თუ რამდენად აფასებს იქ ყველა შენობას თუ ქვის ლოდს. თუშეთში არსებული პრობლემების ჩვენება და მათ მოსაგვარებლად ყურადღების მიპყრობა, განსხვავებული ფორმით სცადა, - „ახალი სტილია ეს. ზოგი თანამედროვე მითოლოგიას ეძახის, მე ფოტოზღაპარი დავარქვი. თუშეთში მოგზაურობისას ხალხი გავიცანი, საყოფაცხოვრებო ისტორიები მოვისმინე, ვინ რას უვლის, ვინ როგორ ცხოვრობს, ვის რა პრობლემა აწუხებს, გზას რა პრობლემები აქვს. გადავიღე ფოტოები და თბილისში რომ დავბრუნდი, გადავწყვიტე სხვებისთვისაც მეჩვენებინა, რასაც მხოლოდ ფოტოებით ვერ გადმოვცემდი“.

მფარველი სულების, დემონების, ღმერთებისა და უბრალოდ, ფანტასტიკური არსებების შესახებ ისტორიები შეთხზა და თუშეთში გადაღებულ ფოტოებში ჩაამონტაჟა. ასე დაიბადა თუშური ფოტოზღაპრები.

„თუ ჩემს ისტორიებს ზღაპრებსა და თანამედროვე მითოლოგიას ვეძახი, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინიც, მეტაფორულად გადმოსცემენ თანამედროვე თუშეთის პრობლემებს. რადგან თუშეთში ცუდი გზაა, ვიფიქრე სიმბოლური პერსონაჟი შემექმნა (თურსიხას და ნაქოს ისტორია). მინდოდა, ავარიული კოშკების პრობლემასაც გამოვხმაურებოდი (ოკალა), დაკარგვის პირას მისულ ტრადიციებსაც (ალუდის ოსტატები) და სხვა.

ფარსმაში, საფლავის ქვებზე ისეთი მაგარი ლექსები წერია, რომელსაც ჩემს გარშემო ყურადღებას არავინ აქცევს, მომინდა, აქაც ისეთი პერსონაჟი შემექმნა (ილურები), რაც ხალხის ყურადღებას მიაპყრობდა ამ ლექსებზე.

მთელი ეს თუშური ზღაპრები აგებულია ჩემს კეთილგანწყობაზე თუშეთის მიმართ“.

- თუმცა, თქვენმა ნამუშევრებმა თუშებში უფრო მეტი გაღიზიანება გამოიწვია, ვიდრე მოწონება. აპროტესტებენ, რატომ არიან დემონები ფარსმის სალოცავთან და საფლავის ქვებთან, კოშკებს რატომ ასხედან ქაჯ-ეშმაკები. ადგილობრივების ნაწილმა ეს შეურაცხყოფად, სიწმინდეებისა და ძეგლებისადმი უპატივცემულობად მიიღო, ზოგიერთმა კი სატანიზმსაც დაუკავშირა.

- ვიღაცეებმა დაწერეს, რომ ეს ხალხი ბნელია და ამიტომ იყო ასეთი რეაქცია, რასაც კატეგორიულად არ ვეთანხმები. მე ვფიქრობ, უფრო მთის ხისტი ხასიათის ბრალია. ამავე დროს, ძალიან არასტანდარტული ფორმა მაქვს გამოყენებული. ცოტა დამაბნეველიც არის. ერთ-ერთმა იკითხა კიდეც, ეს ფოტომონტაჟია თუ ნამდვილიაო.

რაც შეეხება ადგილებს, სადაც პერსონაჟებია ჩამონტაჟებული, პროექტის დაწყებამდე, დეტალურად გავეცანი თუშური ჯვარ-ხატისა და სხვა, საკრალური ტრადიციების შესახებ ინფორმაციას. ვეცადე, არ დამერღვია არცერთი წესი და ამიტომაც, არ მყავს გამოსახული არცერთი ჯვარ-ხატი, არ ვახსენებ მათ არცერთ ისტორიაში და არც კი მიცდია, გადამემუშავებინა ისინი რამენაირად.

ესტო თუ ფარსმის სალოცავის უკანაა ჩამონტაჟებული, ეს იმ პერსონაჟის ისტორიითა და ფარსმის სალოცავის ირგვლივ, ლანდშაფტური თავისებურებებითაა ნაკარნახევი. ესტო კეთილი პერსონაჟია, რომელიც ხალხის დაფანტულ ვედრებას აგროვებს და აბინავებს. ამის გამო, თუშეთში თითქოს არცერთი თხოვნა არ იკარგება. ამ ისტორიიდან გამომდინარე, დამჭირდა ადგილი, სადაც ხალხი იკრიბება სალოცავად და თან, პერსონაჟის ვიზუალისა და პოზის გამო, შერჩეული ხედი კომპოზიციურად მისაღები იყო. რომ არა ეს მიზეზები, ესტო შესაძლოა, ნებისმიერ სხვა ადგილას ჩამონტაჟებულიყო.

მსგავსი პრინციპით შეირჩა თებჟორიკა და ფარსმის საფლავის ქვებიც, რომლებზე დაწერილი ლექსებითა თუ ორნამენტებით აღფრთოვანებული დავრჩი. რაც მთავარია, არც ვიზუალით, არც ისტორიით, პერსონაჟები არანაირ შეურაცხყოფას არ აყენებენ ამ ადგილებს.

ან რომელიმე სხვა ისტორიასა და ფოტომონტაჟში რა ნახეს ძვირფასი შენობების თუ ადგილების დამაკნინებელი? დაბზარულ კოშკებს რომ უვლის ოკალა, თუ ნაკუდა, ბავშვებს რომ მფარველობს, თუ წყვილი, რომელიც ქოხს ეხუტება?

ფოტო © დათო სიმონია გველეშაპებზე რა გსმენიათ? მე გამიგია, ზოგი კეთილია, ზოგი არც ისე, ზოგი განძს დარაჯობს, ზოგი კიდე - ხალხის კეთილდღეობასო. ნაკუდას განძი, მის სოფელში მოტანტალე ბალღების მშვიდობაა და ამიტომაც, გულმოდგინედ დარაჯობს, დოჭუს ციცაბო ბილიკებზე რომელიმეს ფეხი არ დაუცდეს.

პირიქით, თუ კი არარეალურ განზომილებაში არსებულ არარეალურ არსებას შეიძლება რამე ძალა ჰქონდეს, მხოლოდ მფარველობენ, იცავენ და უყვართ ის ადგილები. ეს ყველაფერი ფოტომონტაჟი, ციფრული განზომილებაა, რომელსაც არანაირი რეალური ძალა არ აქვს.

რაც შეეხება ჩემს დაკავშირებას ეშმაკებთან, სატანიზმთან და პრეზერვატივზე წმინდანების გამოხატვასთან მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემს ერთ-ერთ პერსონაჟს რქა ან რქისმაგვარი რაღაც აქვს მიხატული, არასერიოზულია. ყველაფერი ახალი საშიში, ცუდი და შეურაცხმყოფელი არაა. შესაძლოა, პირიქით, სასარგებლო და გამოსადეგიც იყოს. მაგალითად, ეს პროექტი ძალიან პოპულარული გახდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სივრცეში.

მე მხოლოდ დადებითი მიზნები მამოძრავებს და თუ ვინმე დაფრთხა, არიქა, ჩემს სახლს ეს რა მიახატესო, მხოლოდ მოსიყვარულე, დადებითი და მფარველი არსებებია მიხატული, მეტი მათთვის რა უნდა მემეტებოდეს?

- გაგრძელდება თუშური ფოტოზღაპრები? სხვა კუთხეებზეც ხომ არ აპირებთ ფოტოზღაპრების შექმნას?

- თუშეთის რომელიმე სოფელში, ღია ცის ქვეშ, გამოფენის გაკეთებასაც ვგეგმავდი, მაგრამ ახლა, არვიცი, ამას რამდენად შევძლებ. ბევრ იქაურს არ მოეწონა. ალბათ, სხვაგან გავაკეთებ. თუმცა, ნეგატიურ კომენტარებთან ერთად, დადებითი შეფასებებიც მივიღე, რომ გავაგრძელო თხრობა ამ ფორმით.

რეგიონებში კულტურულ სფეროსთან წვდომა ჭირს. შეიძლება ხალხი ამისთვის მზად არ იყო. მხატვრული ნამუშევრები ყოველთვის იმდენნაირად ინტერპრეტირდება, რამდენი გუნების ადამიანიც არის და რაც არ უნდა სიყვარულს ქადაგებდეს რამე, თუ ვინმეს მისი სიძულვილად თარგმნა მოუნდება, ვერავინ ვერაფერს გააწყობს.

იგეგმება, რომ ეს კონცეფცია მხოლოდ შესრულებულ ვიზუალად არ დარჩეს და ერთგვარ მითოლოგიურ ტურად იქცეს, რომლის ფარგლებშიც ხალხი კონკრეტულ ადგილებს უაღრესად სუბიექტური, მაგრამ ფანტასტიკური ჭრილიდან დაინახავს. ძალიან ბევრი ადამიანი აპირებს ამის გამო თუშეთში წასვლას. იქაურობის მონახულების სურვილი გაუჩნდათ.

წერდნენ კიდეც, რა „ბეჭდების მბრძანებელი“ და „სამეფო კარის თამაშები“, როდესაც თუშეთი გვქონია და ასეთი მისტიკა ტრიალებს. ეს ნიშნავს, რომ წელს მეტი სტუმარი, მეტი ადამიანი დაინტერესდება თუშური, ტრადიციული მითოლოგიით, უფრო მოწიწებით მოეკიდებიან თუშეთის სალოცავებს და მეტი სიყვარულით მიუდგებიან ნებისმიერ თუშს, რადგან ჩემი პროექტი სიყვარულისა და თუშების ქება-დიდების მეტს, არაფერს ქადაგებს.

ფოტოზღაპრების გაკეთებას ჯავახეთზეც ვაპირებ, სადაც უკვე ვიმოგზაურე და მასალები შევაგროვე. შემდეგ სამეგრელოსაც უნდა მივხედო, რადგან ჩვენ, მეგრელებს ძალიან მდიდარი გვაქვს მითოლოგია და მინდა, ცოტა გავათანამედროვო. იქაც ბევრი პრობლემა გვაქვს და მინდა, ყურადღება მიაქციონ.

ეს ინოვაციური პროექტი თუშეთის მიმართ ინტერესს გაზრდის - ეთერ თათარაიძე

„მთის ამბებმა“ დათო სიმონიას ფოტოზღაპრები ფოლკლორისტ ეთერ თათარაიძეს გააცნო და შეფასება სთხოვა. ეთერ თათარაიძე თავადაც თუშია და თუშური მითოლოგიის უბადლო მცოდნე.

„ვინც ამის გამო გაბრაზებულია და ავტორს მუქარებს უთვლის, საერთოდ არ იცის მითოლოგია, ან ფანტაზიის მნიშვნელობა“, - ამბობს ეთერ თათარაიძე. მისი თქმით, ავტორი მოგონილი ისტორიებით მხოლოდ სიყვარულს გამოხატავს თუშეთისა და თუშების მიმართ.

„თუ ვინმემ იცის თუშური მითოლოგიური პერსონაჟები, ერთ-ერთმა მეც ვიცი მათ შორის. არცერთ რეალურ პერსონაჟს, დავუშვათ კოპალას, იაღსარს, თებჟორიკას არ იყენებს ავტორი თავის ფოტოზღაპრებში. თებჟორიკა მხოლოდ ერთგან ჩანს და ისიც სადღაც კარიდან იყურება. ის გველაშაპიც კი კეთილად გადმოსცემს თავის იქ ყოფნას, სადაც არის და რა სივრცეშიც არის. რა არის ამაში ცუდი? მე ვფიქრობ, რომ

ეთერ თათარაიძე - ვნებები უნდა ჩაიცხრონ ვინც ამაზე ნეგატიურს წერს და არასწორად იქცევა. თუ შევამჩნევდი, რომ რაიმე შეურაცხმყოფელი იქნებოდა, მე პირველი ვიქნებოდი, ვინც ამას გააპროტესტებდა. ავტორის წამოწყება შესანიშნავი მიგნება და ინიციატივაა, თუშეთის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაღვივდეს, ყველაფერში სიყვარული ჩადო ამ ბიჭმა.

- ყველაზე მეტად უარყოფითი რეაქცია ფარსმის სალოცავთან ჩამონტაჟებულ ესტოს მოჰყვა, თუშების ნაწილმა ეს სიწმინდეებისა და ტრადიციების შეურაცხყოფად აღიქვა.

- გააჩნია ვის როგორი პერსონაჟები მოსწონს. გამხდარი ეშმაკი თუ მსუქანი, ბეწვიანი, ბალნიანი თუ როგორი, ეგ მითოლოგიაში არავის განსასაზღვრი არ არის.

თავისთავად ძალიან შეურაცხმყოფელია ხატში რაიმეს ჩახატვა, თუმცა მე აქ ასეთი რამ ვერ ვნახე. ავტორი თვითონაც განმარტავს, ის ხატთან არის. თუ ხატთან, ახლოს და უბრალოდ ფონად ჩანს, პირდაპირ ვამბობ, მთელ ქართულ მითოლოგიაში და რადგან თუშეთზეა საუბარი, განსაკუთრებით თუშეთში, ყველა დიდ ჯვარ-ხატთან მისვლამდე გვხვდება მათგან ნაძრახი ადგილები, სადაც ეგენი ბუდობენ. იმისთვის რომ შენ არ მიაღწიო სიწმინდემდე, რომ ის გადაგეღობოს. ეს წინაღობა უნდა გადალახო იმ ჯვარ-ხატის ხსენებით და რწმენით, რომ შენ მიდიხარ წმინდა საქმეზე და მიდიხარ მთელი გულით უფლისკენ.

თუშეთი ყველასია, ისე როგორც სამეგრელოა ჩემი, სვანეთია ჩემი. ნებისმიერი კუთხე საქართველოსი, ჩვენ ყველას ერთად გვეკუთვნის. მაქვს უფლება, ახლა მე რომ ავკრძალო, შენ რატომ ხატავ მითოლოგიურ სასიყვარულო პერსონაჟებს და რატომ იგონებ თუშებზე ისტორიებს? მე ვფიქრობ, იქ ურჩხულიც კი, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ავტორი პირდაპირ კეთილ კუთხეს პოულობს ამ პერსონაჟშიც. სიყვარულისთვის აჩენს იმ გარემოში იმ უჩხულსაც კი. ვფიქრობ, მოუსმენია და წაუკითხავს მითოლოგიაში, რომ შეიძლება ურჩხულს ჰქონდეს კეთილი დატვირთვა. ან არწივებზე რა აქვს მოგონილი - ამ ადამიანის შემოქმედებაში პერსონაჟები არსად არის ცუდად, მხოლოდ მისი კეთილი ფიქრი ჩანს.

ღამით რომ ტირიან შეყვარებული თუშის ქალები, ხელმანდილებს ცრემლებით რომ ასველებენ და ვიღაც ყოფილა, რომელიც ამ ნაჭრებს აგროვებს და სამოსს იკერავს თურმე. ავტორი თვითონ გაძლევს ფანტაზიის შესაძლებლობას, გეუბნება - მიყვარხარო. შენ თუ არ გიყვარს, სილა ხომ მაინც არ უნდა გაულაწუნო“.

ეთერ თათარაიძეს მიაჩნია, რომ დათო სიმონიას პროექტი „თუშური ფოტოზღაპრები“, თუშეთის და თუშური მითოლოგიის მიმართ ინტერესს გაზრდის და ტურიზმის განვითარებასაც ხელს შეუწყობს.

„მე ვთხოვდი თუშ ახალგაზრდებს, ამ კინკლაობას და უჭკუო კამათს თავი დაანებონ, ვგულისხმობ ვისაც ეხება, თორემ იქ, საბედნიეროდ, ძალიან ჭკვიანი და ხალხია, რომლებიც ზუსტად გებულობენ. არავითარი სექტა და სატანიზმი. ეს არის ავტორის ფანტაზია. ამ ადამიანმა ძალიან საინტერესოდ მოიფიქრა ეს ყველაფერი, თვითონ გამოიგონა პერსონაჟები. ფაქტობრივად, ყველა კეთილი პერსონაჟი გამოიგონა. დემონოლოგიური სამყარო კეთილად შეცვალა“.


Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში