საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

გამოიცა ჯვარ–ხატთა თუშური სადიდებლების კრებული

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:52 - 19 ივლისი 2017 hits 8050

თუშეთის განვითარების ფონდის მხარდაჭერით ფილოლოგმა გიორგი ცოცანიძემ ჯვარ–ხატთა თუშური სადიდებლების კრებული გამოსცა.

ავტორის განმარტებით, ადრე თუშეთში არსებობდა ღვთისმსახურების აღმსრულებელთა, ხელოსანთა ინსტიტუტი, რაც მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან ჯერ შესუსტდა და ბოლოს სულაც გაქრა.

სახვეწარ-სავედრებელს, წინათქმა საღვთისმსახურო რიტუალებს ანუ მსხვერპლშეწირვასა და საკურთხი სუფრების დალოცვას, ახლა შულტა, ან სოფლის რომელიმე უხუცესთაგანი აღასრულებს, რომელმაც ამ დროს წარმოსათქმელი სადიდებლების ტექსტები არ იცის და მისი ლოცვა ფრაგმენტულია და უაღრესად არეულ-დარეული.

„კრებულის მიზანია, მიაშველოს თუშეთში ჯვარ-ხატთა მლოცავს ზაფხულის რელიგიურ დღესასწაულებზე, ათნიგენობებზე, სალოცავის კარს წარმოსათქმელი სადიდებლის ტექსტები, რაც არსებითად ერთია და ერთი იყო უწინაც. მხოლოდ ვარიანტულად განსხვავებულია იმის მიხედვით, თუ რომელი სალოცავის კარზე ითქმოდა იგი და რომელი ხელოსანი წარმოთქვამდა მას“, – აღნიშნავს ავტორი.

კრებულში ამ სადიდებლების რამდენიმე ვარიანტია წარმოდგენილი.

თუშეთში თუშთა სარწმუნოება წარმართობისა და ქრისტიანობის ნაზავია: რწმენა ქრისტიანული, ღვთისმსახურების ფორმები – უმეტესად წარმართული.

„მცდელობა ამ ტრადიციული საწესჩვეულებო რიტუალების ხელოვნურად გადაგდებისა, ჩვენი ღრმა რწმენით, არასასურველია – ეს თითქმის ერთადერთი მოვლენაღაა, რაც შემორჩა ამ კუთხის ეთნოგრაფიული მოვლენებიდან და მისი ხელოვნურად აღმოფხვრა სასიკეთო არ უნდა იყოს ჯერ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული სახისა და შემდეგ ზოგადად ქართველთა ეროვნული თავისთავადობის შენახვა–გახანგრძლივებისთვის“, – ამბობს გიორგი ცოცანიძე.

კრებულის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ

თუშეთში ზაფხულის საკულტო დღეობების ციკლი - ათნიგენობები, აღდგომიდან მეასე დღეს იწყება და ორი კვირა გრძელდება. ამ დროს ყველა სოფლის მთავარ ჯვარში გარკვეული კალენდარული თანამიმდევრობით ტარდება კულტმსახურება. ათნიგენობის მასპინძელია „შულტა“, სოფლის მიერ ერთი წლით არჩეული ჯვარის ყმა.

ეთნოგრაფი ნუგზარ იდოიძე აღწერს, რომ საათნიგენოდ რამდენიმე დღით ადრე შულტა „შეჰკიდებს ქვაბს“ - მოხარშავს ალუდს, რაშიც მთელი სოფელი იღებს მონაწილეობას. შენობა, რომელშიც ლუდი იხარშება, საკრალურია და იქ დედათა წესის ასაკის ქალები არ შედიან.

ათნიგენობის, ანუ ჯვარისკრობის სარიტუალო ცერემონიებს უძღვება „ხელოსანი“ - ჯვარის მსახური. მხოლოდ მას აქვს უფლება „გამოაბრძანოს“ ჯვარის დროშა და ზარების ჟღრიალით ამცნოს მთელს საყმოს ათნიგენობის დაწყება. დროშის გამობრძანების შემდეგ ხელოსანი დალოცავს ალუდიან კოდს, დაამწყალობებს საყმოს, ჯვარის ყველა სტუმარს და „სწყალობდეს“-ო, სამჯერ შესძახებენ დამსწრე მამაკაცები. ამის შემდეგ მიუსხდებიან ნაკურთხ სუფრას და დაიწყება პურმარილობა. კაცები ცალკე სხდებიან, ქალები - ცალკე.

გართობისა და ლხინის გარეშე ათნიგენობა არ ჩაივლის. ათნიგენობაში იციან დოღი და „ქორბეღელას გაკეთება“. ხუთი კაცი მხარი-მხარს გადახვეული დადგება წრედ და მათ მხრებზე შეადგება სხვა ხუთი. ასე, წაღმა ტრიალით ააქვთ ქორბეღელა საჯარედან (თავმოყრის ადგილიდან) ჯვარისკარამდე (ხატამდე). აქაც სამჯერ შემოტრიალდებიან და ქორბეღელას დაშლიან. ქორბეღელა ასტრალური მნათობი-ღვთაების მაგიური რიტუალია.

პურობის შემდეგ იმართება გასართობი ხასიათის რიტუალური თამაშობანი. გავრცელებულია „ჩათარაობა“ - ქალებისა და მამაკაცების ურთიერთშებრძოლების, ტყვედ აყვანისა და გამოსყიდვის ცერემონიალი.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში