საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

უშგულში მე–12 საუკუნის კოშკი მთლიანად დაინგრა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:01 - 23 ივნისი 2017 hits 15336

ზემო სვანეთში, უშგულის თემში, სოფელ ჩვიბიანში XI-XII საუკუნეში აგებული კოშკი მთლიანად ჩამოინგრა. როგორც „მთის ამბებს“ უშგულში გამგებლის წარმომადგენელმა ბესო ჩარქსელიანმა უთხრა, კოშკს ბზარები ჰქონდა გაჩენილი და დიდი ხანია გამაგრებას საჭიროებდა.

„კოშკი 22 ივნისს ჩამოინგრა. მთლიანად გასწორდა მიწასთან. სამმეტრიანი კუთხეღაა დარჩენილი. იმიტომ დაინგრა, რომ ყურადღებას არ აქცევენ. საკუთარი კოშკის მოვლას ჩვენ არ გვანებებენ. დიდი ხანია გამაგრებას საჭიროებდა. რამდენჯერმე მიმართეს კიდეც ძეგლთა დაცვის სააგენტოს. ჩვენი საქმეა ეგ, ჩვენ მივხედავთო, მაგრამ ფაქტი სახეზეა როგორც მიხედეს“.

ეს კოშკი მე-12 საუკუნეშია აგებული და ჩარკვიანების საგვარეულო კოშკია. არასდროს გამაგრებულა. პატარ-პატარა ბზარები ჰქონდა. კოშკები ძველი ფიქალის ქვით არის გადახურული. სავარაუდოდ, წყალი ჩაუდგა ამდენი წვიმების შემდეგ და ამანაც გამოიწვია ჩამონგრევა. ძალიან ბევრი კოშკი დაინგრევა კიდევ, თუ ყურადღებას არ მიაქცევენ და არ მიხედავენ“, - ამბობს ბესო ჩარქსელიანი.

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ ჩვიბიანში მდებარე კოშკების სავალალო მდგომარეობის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ინფორმირებული იყო. გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსის ელენე განაიას თქმით, ჩამონგრეული კოშკი გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის, „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი არ ყოფილა.

„სვანეთში ძალიან ბევრი ძეგლი საჭიროებს რეაბილიტაციას და სრულ აღდგენას. 347 ძეგლია და აქედან 200-მდეა რეაბილიტირებული. დანარჩენი ყველა საჭიროებს გამაგრებას. ძალიან ბევრი განცხადება შემოდის და ვუგზავნით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სამწუხაროა, რომ ჩვენ, გამგეობას ძეგლების გამაგრებისა არც უფლება გვაქვს და არც სახსრები“, - აღნიშნავს ელენე განაია.

„მთის ამბები“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაციის მიღებას ცდილობს, რატომ ვერ მოხერხდა კოშკის გადარჩენა.

უშგულის თემი, რომელიც ოთხ სოფელს (ჟიბიანი, ჩვიბიანი, მურყმელი, ჩაჟაში) აერთიანებს შხარას ძირში, ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. თემში 41 კოშკი, 7 ეკლესია და 87 მაჩუბია. უშგულში ძირითადად XI-XII საუკუნეში აგებული კოშკებია შემორჩენილი.

1996 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა სოფელ ჩაჟაშს, როგორც გამორჩეული ლანდშაფტისა და კარგად შემონახული თავდაცვითი კოშკებისა თუ საეკლესიო ნაგებობების მქონე ადგილს. „იუნესკოში“ დაცული კომპლექსი აერთიანებს - 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 მაჩუბს, 11 ხალხურ საცხოვრებელს და ათზე მეტ დამხმარე ნაგებობას.

საქართველოს მთავრობის მიერ 2017 წლის მაისში მიღებული გადაწყვეტილებით, 2019 წლამდე, სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ახალი მშენებლობები და მიწის ნაკვეთების დანიშნულების ცვლილება აიკრძალა. მთავრობის განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი სოფელ ჩაჟაშის განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის შენარჩუნება და დაცვაა.

ამ თემაზე:

უშგულში ჩამონგრეულ კოშკს წელსვე აღვადგენთ – ნიკა ანთიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში