საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

უშგულში ჩამონგრეულ კოშკს წელსვე აღვადგენთ – ნიკა ანთიძე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

15:41 - 23 ივნისი 2017 hits 10159

სვანეთში, სოფელ ჩვიბიანში XI-XII საუკუნის კოშკს, რომელიც 22 ივნისს მთლიანად ჩამოინგრა, 2017 წლის ბოლომდე აღადგენენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკა ანთიძის განცხადებით, სააგენტოსთვის რთულად განსასაზღვრი იყო კონკრეტული პრევენციული ღონისძიებები, რომ კოშკი არ დანგრეულიყო.

წინასწარი დასკვნის თანახმად, ჩარკვიანების საგვარეულო კოშკის ნგრევის მიზეზი მკაცრი კლიმატური პირობებით გამოწვეული მისი ამორტიზებულობა გახდა.

„ზოგადად, სვანური კოშკების მნიშვნელოვანი ნაწილის კრიტიკული მდგომარეობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მათზე სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოების განუხორციელებლობას უკავშირდება. ამ პირობებში სააგენტოსთვის რთულად განსასაზღვრი იყო კონრეტული პრევენციული ღონისძიებები, რათა 22 ივნისს მიღებული შედეგი თავიდან ყოფილიყო აცილებული“, - აცხადებს ნიკა ანთიძე.

მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ძეგლის პირველადი დათვალიერების შედეგად ადგილზევე დაადგენენ დაზიანების ხარისხსა და გადაუდებელი სამუშაოების ნუსხას.

„24 ივნისს კი სვანეთში მივლინებული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი კიდევ უფრო საფუძლიანად შეისწავლის საგვარეულო კოშკის ნგრევის მიზეზებს, განახორციელებს ჩამოშლილი ნაგებობის აზომვებსა და კოშკის რეაბილიტაციის პროექტირებისთვის სპეციალურ ანგარიშს მოამზადებს. მალევე დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები“, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკა ანთიძე ამბობს, რომ სვანური კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებული მნიშვნელობა სახელმწიფოს დეკლარირებულად აქვს აღიარებული.

„ამ სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს სოფელ ჩაჟაშის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ყოვლისმომცველი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამავდროულად, განვლილი 3 წლის განმავლობაში სააგენტოს მიერ მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში უკვე რეაბილიტირებულია 70-მდე სვანური კოშკი და მაჩუბი. სოფელ ჩვიბიანში დაგეგმილი რეაბილიტაციის პროექტიც ამ გეგმის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მომდევნო წლებში აუცილებლად განხორციელდება“, - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

ჩვიბიანის გარდა უშგულის თემში კიდევ სამი სოფელია - ჟიბიანი, მურყმელი და ჩაჟაში. უშგულის თემში 41 კოშკი, 7 ეკლესია და 87 მაჩუბია. ძირითადად XI-XII საუკუნეში აგებული კოშკებია შემორჩენილი. როგორც „მთის ამბებს“ უშგულში გამგებლის წარმომადგენელმა ბესო ჩარქსელიანმა უთხრა, კოშკს ბზარები ჰქონდა გაჩენილი და დიდი ხანია გამაგრებას საჭიროებდა: „კოშკი 22 ივნისს ჩამოინგრა. მთლიანად გასწორდა მიწასთან. სამმეტრიანი კუთხეღაა დარჩენილი. იმიტომ დაინგრა, რომ ყურადღებას არ აქცევენ. საკუთარი კოშკის მოვლას ჩვენ არ გვანებებენ. დიდი ხანია გამაგრებას საჭიროებდა. რამდენჯერმე მიმართეს კიდეც ძეგლთა დაცვის სააგენტოს. ჩვენი საქმეა ეგ, ჩვენ მივხედავთო, მაგრამ ფაქტი სახეზეა როგორც მიხედეს“.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში