საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

რატომაა მიტოვებული უყურადღებოდ ანსამბლი, რომელმაც რაჭული ფოლკლორი შემოგვინახა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:42 - 30 დეკემბერი 2019 hits 19668

რაჭულმა ფოლკლორმა ჩვენამდე ნამდვილი სახით რომ მოაღწია და კიდევ მრავალ თაობას გადაეცემა, იმ ათიოდე ადამიანის დამსახურებაა, „ბუბას“ წევრები რომ იყვნენ და ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ არის. სამი წლის წინ, ანსამბლის თითოეული წევრის მიმართ სახელმწიფო მხარდაჭერა თვეში 50 ლარით განისაზღვრა. ეს არის „ბუბას“ წევრების ხელფასი. საარსებო მინიმუმზე სამჯერ ნაკლები ანაზღაურების მიუხედავად, საგანძურისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო, არასდროს უთქვამთ უარი მოვალეობის შესრულებაზე, მათ შორის არც გაყინულ დარბაზში გამოსვლაზე.

მომღერალთა გუნდი 1946 წელს, ონის რაიონის სოფელ გლოლაში, ივანე გუტაშვილის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა. ივანე გუტაშვილი განთქმული იყო სიმღერითა და ჭიანურზე დაკვრის ოსტატობით. ცნობილი მონადირე მომღერალთა გუნდს მრავალი წელი ედგა სათავეში.

1965 წლიდან 1988 წლამდე ანსამბლს ხელმძღვანელობდნენ სოფელ გლოლის ფოლკლორის უდიდესი მოამაგეები ეთერ ბიძიშვილი და თამარ სულთანიშვილი. 1980 წელს ფოლკლორულ ანსამბლს „ბუბა“ ეწოდა.

ბუბა მთის სახელია. თუმცა, ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია აგრეთვე სოფელი ბუბა, რომელიც გლოლის ანუ ჭანჭახის ხეობაში მდებარეობდა. „ბუბას კარგი ეკლესია, ციხე და სოფელი, ეკლესია კარგი ჯუარხატითა, ოცდახუთი გლეხი...“- ვკითხულობთ ალექსანდრე მეფის სიგელში. სოფელი ბუბა დღეს აღარაა. ნასოფლარი ბუბას მთის მიდამოებშია. დღესაც გაირჩევა საცხოვრებელი სახლებისა და კოშკის ნაშთები. ნასოფლარზე ძველი ეკლესიის ნაშთია. მას დღესაც ბუბის წმინდა გიორგის სალოცავს (ბუბის ჯვარს) უწოდებენ. ამ ისტორიამ განაპირობა ფოლკლორული ანსამბლის სახელწოდება „ბუბა“. „ბუბავ პირი ბროლს მიგიგავს, საყევარი დანის ტარსა“...

1988 წლიდან 2000 წლამდე ანსამბლის ხელმძღვანელები იყვნენ გენადი სულთანიშვილი და ანიკო (ინეზა) ნიჟარაძე. 2000 წლიდან დღემდე ანსამბლს ლალი მარგიანი - ხარებაშვილი ხელმძღვანელობს.

50 წელია ანსამბლის ქალ წევრებს სასცენო ტანსაცმელი არ შეუცვლიათ. გარმონი კი, რომლითაც „ბერქალური“ სრულდება, 120 წელს ითვლის, რესტავრაცია სჭირდება, მაგრამ ანსამბლს ამისთვის საჭირო თანხა არ აქვს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში