საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ძეგლთა დაცვის სააგენტოს სამართლებრივი უძლურება ეკლესიასთან - ყინწვისის საქმე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:08 - 14 აგვისტო 2019 hits 15271

თუ საპატრიარქო არ გაიზიარებს მოთხოვნას - აყაროს ყინწვისის ისტორიულ ტაძარში თვითნებურად დაგებული მწვანე ფერის ძვირადღირებული მარმარილოს ფილები, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აცხადებს, რომ ისინი სამართლებრივად უძლურები არიან. ამის მიზეზად სააგენტო საკანონმდებლო ხარვეზს ასახელებს, რის გამოც საპატრიარქოს საკუთრებაში არსებული ძეგლების დაცვა არ შეუძლიათ.

ურბნისისა და რუისის ეპარქიის სასულიერო პირებმა ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის ტაძარში მწვანე მარმარილოს იატაკი რამდენიმე დღის წინ დააგეს. სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებული არ ყოფილა. XII-XIII საუკუნეების ტაძარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და უნიკალური ფრესკებითაა ცნობილი.

მართლმადიდებელი ეკლესიის „იმუნიტეტი“

საქართველოში კულტურულ მემკვიდრეობას სპეციალური კანონი იცავს, რომელიც იმ კულტურულ ძეგლებსაც მოიცავს, რაც მართლმადიდებელ ეკლესიასთან სახელმწიფოს კონსტიტუციური შეთანხმების შედეგად, ეკლესიის საკუთრებაა.

კანონის მიხედვით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ჩასატარებლად სააგენტოს ნებართვა აუცილებელია. ნებართვის შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სააგენტოს სპეციალისტები უნდა ზედამხედველობდნენ. იმ შეთხვევაში თუ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მეპატრონე, სამუშაოებს სააგენტოსთან შეუთანხმებლად ჩაატარებს, იგი გაფრთხილებას მიიღებს, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დაჯარიმდება. თუ სააგენტო უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოების დემონტაჟს მოითხოვს და მფლობელი არ დაემორჩილება, ფიზიკური პირი 5 000 ლარით, იურიდიული პირი კი 10 000 ლარით დაჯარიმდება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი ალექსანდრე ჩიხრაძე, „მთის ამბებთან“ საუბარში ამბობს, რომ სააგენტო ვერ აჯარიმებს სამონასტრო კომპლექსის მმართველ ეპარქიას უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოებისთვის, რადგან ტაძარი საპატრიარქოს საკუთრებაშია.

მართალია, ახალდაგებული იატაკის აყრა სააგენტოს უპირობო მოთხოვნაა, მაგრამ თუ ეკლესია ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, ალექსანდრე ჩიხრაძის თქმით, სააგენტო ეპარქიას ვერ დააჯარიმებს და ეკლესიის კეთილგონიერებისა და კეთილი ნების იმედი აქვთ:

„[საეკლესიო] პირების გადაწყვეტილებაზე უნდა ვიყოთ დამოკიდებული, რომ არ დაუშვებენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის უარესობისკენ ცვლილებას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ იატაკის მოპირკეთების სამუშაოების დემონტაჟი მოხდება და შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხსაც განიხილავენ“.

სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი, კანონის განმარტებისას ორ სამართლებრივ დოკუმენტს ეყრდნობა - კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონს და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონსტიტუციურ შეთანხმებას (კონკორდატს).

კონსტიტუციური შეთანხმება ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მფლობელობაში არსებული ნაგებობების მოვლა-პატრონობისა და სარგებლობის წესები, შესაბამისი სახელმწიფო სამსახურის მიერ, მოქმედი კანონმდებლობით, ეკლესიასთან შეთანხმებით განისაზღვრება. ალექსანდრე ჩიხრაძე განმარტავს, რომ თავის დროზე, როცა კონსტიტუციური შეთანხმება გაფორმდა, მოვლა-პატრონობის წესები არ განისაზღვრა.  მისივე თქმით, სააგენტო მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელმაც ეს საკითხი უნდა მოაგვაროს. სააგენტო გეგმავს, რომ ეს საკითხი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ახალ კოდექსში დაზუსტდეს, ან ცალკე აქტად გამოიცეს:

„ჩვენსა და საპატრიარქოს შორის შეთანხმებული ფორმა ჩამოყალიბდება, რომელიც მათ საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის პირობებს გაითვალისწინებს - თუ დაუშვათ საპატრირქო დაარღვევს [პირობებს], ამაზე რა პასუხისმგებლობა დადგება. ჯარიმის დაწესება მოიაზრება. მე ვფიქრობ, რომ უფრო ეფექტიანი ზუსტად ეს დაჯარიმების მექანიზმია, რათა პასუხისმგებლობა მწვავედ დადგეს“, - ამბობს ალექსანდრე ჩიხრაძე.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი არ ეთანხმება სააგენტოს მიერ საკანონმდებლო ჩანაწერების ამგვარ ინტერპრეტაციას და მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოს ჩატარებისას მთავარი აქტორი სახელმწიფოა:

„ეკლესიასთან შეთანხმების“ ვალდებულება არ უნდა გავიგოთ, როგორც ეკლესიისთვის „ვეტოს“ უფლების მინიჭება, არამედ, როგორც თანამშრომლობის მექანიზმი, რომელიც პირველ რიგში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვისა და შენარჩუნების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. სეკულარულ სამართლებრივ სახელმწიფოში ეს მითუმეტეს არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც მოქმედი კანონმდებლობის უგულებელყოფის საშუალება. მთავარი ამოსავალი ნორმა, რომლის შუქზეც უნდა შეფასდეს ყინწვისის იატაკის გამოცვლა, არის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 24-ე მუხლი, რომლის თანახმად - აკრძალულია ძეგლზე რაიმე სამუშაოების ჩატარება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით დადგენილი შესაბამისი ნებართვის გარეშე“, - განუცხადეს „მთის ამბებს“ EMC-ში .

კიდევ ერთი ნორმა, რომლითაც სააგენტო მის უმოქმედობას ხსნის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლია. მერვე პუნქტი ამბობს, რომ ამ კანონის 32-ე მუხლი, რომელიც კულტურული ძეგლის გასხვისების და ფლობის საკითხებს არეგულირებს, არ ვრცელდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში არსებულ ძეგლებზე.

EMC-ის განმარტებით, ეს მუხლი ეხება მხოლოდ ძეგლის გასხვისების პროცედურებს. შესაბამისად, ეკლესიას სანქციების მიმართ არ გააჩნია იმუნიტეტი და დანარჩენ ნაწილში კანონი ეკლესიის, როგორც მესაკუთრის მიმართ უნდა გავრცელდეს.

სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანება სისხლის სამართლის წესით ისჯება. კანონი ამ შემთხვევაში ცალსახაა და ამბობს, რომ ძეგლის გამოუსწორებელი დაზიანება ან განადგურება ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე ამბობს, რომ როდესაც სააგენტოს ჯგუფი ყინწვისის ტაძარში კიდევ ერთხელ შეისწავლის განხორციელებულ სამუშაოებს, ისინი დადებენ დასკვნას, დაზიანებულია თუ არა ძეგლი, თუმცა სააგენტოს არ აქვს მოლოდინი, რომ ჩატარებული სამუშაოები და ახალი იატაკის დაგება, ძეგლის დაზიანებად შეფასდება:

„იმ დასკვანაში, რომელიც ჩვენ საბჭომ მოგვაწოდა, ასეთი ნიშნები არ იკვეთება, მაგრამ გადასამოწმებელია, რათა გამოვრიცხოთ სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. ტრადიციულად ასე ხდება და პრაქტიკა აჩვენებს, რომ ძეგლის არქიტექტურული ფრაგმენტები ამ ტიპის დაზიანებას არ იღებს და ეს სარეაბილიტაციო ჭრილში განიხილება, თუმცა უნებართვო და სრულიად შეუსაბამო, უშინაარსო ქმედებაა, რომელიც არღვევს ძეგლის მხატვრულ-არქიტექტურულ ფასეულობას“, - აღნიშნავს ბექა ბარამიძე.

სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსიც მიიჩნევს, რომ ძეგლის დაზიანება შეფასებითი კატეგორიაა, რომელსაც კანონი ზუსტად არ განსაზღვრავს:

„ყინწვისის ტაძარში არ ყოფილა ნაწილის დემონტაჟი, დანგრევა, ხელყოფა, ვანდალიზმის ფაქტს ადგილი არ აქვს. ეს არის შენობა ნაგებობაზე კონკრეტული ადგილის სახე-ცვლილება, რომელსაც მარტივად შეიძლება, რომ პირველადი მდგომარეობა დაუბრუნდეს. ამიტომ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები აქ არ იკვეთება.

ნაწილის განადგურება მაინც უნდა მოხდეს, რომელსაც ვეღარაფერს უშველი. ისტორიული საგანძური ან არქიტექტურული ღირებულება უნდა დაიკარგოს,  რამდენადაც მე ვარ ინფორმირებული, დღეის მდგომარეობით ასეთი შემთხვევა არ გვაქვს“.

ნიკა ვაჩეიშვილი, რომელიც 2009-2012 წლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა, სააგენტოს პოზიციას არაპროფესიონალიზმის გამოვლინებას უწოდებს:

„ეს არის ძეგლის დაზიანება და ხელყოფა - არათავსებადი მასალის გამოყენება, რომელიც ხელს უშლის ძეგლის თვითმყოფადობის აღქმას და იჭრება მასში, მის ორგანულ მთლიანობაში. მერე რა, რომ იატაკი 1960-70 წლებში იყო დაგებული, ყველა წესის დაცვით და ავთენტურობაში შესისხლხორცებით. ახალი მასალა არასდროს არ შეთავსდება. დამნაშავე უნდა დაისაჯოს.

ამაზე უფრო დიდი კატეგორიის გენიალური შემოქმედება ქართველ ერს არ შეუქმნია მონუმენტურ მხატვრობაში. იგივეა „ვეფხისტყაოსანი“ რომ ვინმემ ჩაასწოროს და თქვას, რომ არ დაუზიანებია, უბრალოდ ჩავასწორე და შეიძლება, რომ უკან ამოვშალო“.

EMC-იც მიიჩნევს, რომ უნებართვოდ ჩატარებული სამუშაოები და თავად სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული პირველადი შეფასება, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ნიშნებს აჩენს:

„იატაკი კულტურის ძეგლის არსებითი შემადგენელო ნაწილია, რომლის გამოცვლა ცალსახად უკავშირდება მთლიანი ძეგლის იერსახის ცვლილებას და გავლენას ახდენს ძეგლის შემადგენელი ყველა სხვა ელემენტის ესთეტიკურ ღირებულებაზე - მოხატულობის, განათების, ფერთა გამის, აღქმადობის ჩათვლით. იატაკი განხორციელებული ცვლილების შედეგად აიწია რამდენიმე სანტიმეტრით, შესაბამისად განხორციელდა ძეგლის ცვლილება, როგორიცაა მოცულობის შეცვლა, რაც შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ აკნინებს ან არ ჩრდილავს ძეგლის ისტორიულ და კულტურულ ღირებულებას, ან ხელს არ უშლის მის სათანადო ინტერპრეტაციასა და დაფასებას. აშკარაა რომ სახეზეა როგორც სისხლისსამართლებრივი, ისე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძვლები არა მხოლოდ ერთი რომელიმე ობიექტის, არამედ მთლიანად კომპლექსის დაზიანებისთვის“, -აცხადებს EMC.

ურბნისისა და რუისის დაუმორჩილებელი ეპარქია

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო არ მალავს, რომ ურბნისისა და რუისის ეპარქიისთან თანამშრომლობა უჭირს. სააგენტოს ცნობით, როდესაც მათი წარმომადგენლები ადგილზე ჩავიდნენ, სასულიერო პირებმა ეკლესიაში შესვლის და სამუშაოების დათვალიერების უფლება არ მისცეს.

„საპატრიარქოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, სხვა ეპარქიებთან, მაგრამ ძალიან გვიჭირს ამ ეპარქიასთან თანამშრომლობა“,- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მას შემდეგ, რაც ყინწვისის ტაძარში ჩატარებული უნებართვო სამუშაოების შესახებ გახდა ცნობილი და ამას საზოგადოებრივი დისკუსია მოჰყვა, სააგენტოს წარმომადგენლები ყინწვისის ტაძარში კიდევ ერთხელ ჩავიდნენ. ბექა ბარამიძე იხსენებს, რომ სპეციალისტები ტაძარში არც მაშინ შეუშვეს იოლად და ამას მეუფის კურთხევა დასჭირდა:

„ვერ გეტყვით, რომ მარტივად მოგვარდა. მეუფის კურთხევა გახდა საჭირო, რომ საბჭოს წევრები ტაძარში შესულიყვნენ. საპატრიარქოს მხრიდან მამა ბესარიონი გახლდათ. მამა ბესარიონი შეუშვეს, სამოქალაქო პირები კი არა. მეუფესთან შეთანხმების შემდეგ, სამოქალაქო პირებიც შევიდნენ და ფოტომასალაც, რაც გავრცელდა, იმ დღესაა გადაღებული“.

ურბნისსა და რუისის ეპარქიას რთულ ერთეულად ახასიათებს ნიკა ვაჩიეშვილიც. სააგენტოს ხელმძღვანელობის დროს ვაჩეიშვილს მოუწია, პროკურატურისთვის მიემართა, რომ  რუისის მე-6 საუკუნის ტაძარის შელესვა შეეჩერებინა:

ეს ეპარქია არის რთული, ის არ თანამშრომლობს რიგ საკითხებში საპატრიარქოსთანაც კი. მე მგონი საპატრიარქოც არ არის საქმის კურსში, ისეთი რაღაცეები ხდება.

ამიტომ, ძალიან აქტიური უნდა იყოს სახელმწიფო, რომ ასეთი რამ არ მოხდეს, როდესაც იცი, რომ ფეთქებადსაშიშია და შეიძლება, ნებისმიერი შედევრი გადააჯიშონ“,- ამბობს ვაჩეიშვილი.

ურბნისისა და რუისის ეპარქიას 1996 წლიდან მეუფე იობი (ელგუჯა აქიაშვილი) მართავს. მეუფე იობი 59 წლისაა. იგი დაბა ყაზბეგში, სოფელ სნოში დაიბადა. აქედანაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორეც. მეუფე იობი მღვდლად 28 წლის ასაკში ეკურთხა, ოთხი წლის შემდეგ, 32 წლის კი ეპისკოპოსი გახდა. კიდევ ოთხი წლის შემდეგ, მეუფე იობი კვლავ დაწინაურდა და 1996 წელს მთავარეპისკოპოსად დაინიშნა. 2000 წელს მას მიტროპოლიტობაც უბოძეს. მეუფე იობი იყო პატრიარქის ქორეპისკოპოსიც, რაზეც საპატრიარქოს ვებ-გვერდის ცნობით, თავადვე თქვა უარი.

12 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში საპატრიარქო წერს, რომ ყინწვისის ტაძარში მარმარილოს ფილების დაგება ტაძრის წინამძრვრის თვითნებური ქმედებაა, რაც მეუფე იობთან შეთანხმებული არ იყო.

ელენე ხაჭაპურიძე

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში