თუშეთში ჯვარ-ხატთა მოლოცვის, რელიგიური დღესასწაულების მდიდარი ტრადიცია არსებობს. თითოეულ სოფელში 2-3 სალოცავია, რომელსაც ყოველწლიურად თავისი „ხატის მსახური“ ოჯახი ჰყავს. თუშეთში მას შულტას ეძახიან (პირიქითის ხეობის ზოგიერთ სოფელში - მნათეს). შულტა/მნათეს ფუნქცია დღეობების ორგანიზება და სოფლის მცხოვრებლებისა და სტუმრების გამასპინძლებაა.
შულტა-მნათეს ევალება ლუდის, იგივე ალუდის მოხარშვა, რომელიც თუშეთში წმინდა სასმელად ითვლება. იკვლება საკლავი და ხდება ტრადიციული დალოცვა, რომელსაც სოფლის უხუცესი ასრულებს.
ათნიგენობებს გამორჩეულად აღნიშნავენ ლაშარობას, დადალობას, ხითანობას, მადოლობასა და ტბათანობას.
„თუშეთში თუშთა სარწმუნოებას ცხადად გამოხატული სინკრეტიზმი ახასიათებს – იგი წარმართობისა და ქრისტიანობის ნაზავია: რწმენა ქრისტიანული, ღვთისმსახურების ფორმები – წარმართული. მათი შეხედულებით, ის სალოცავები, რომლებსაც ისინი ეთაყვანებიან, ქრისტიანულია. აქ ქრისტიანობა მისიონერს არ შეუტანია. იგი სტიქიურად შევიდა საკმაოდ გვიან და მოხდა ამ ორი რელიგიის მშვიდობიანი შეგუება. აქაური კერპების, ანუ იგივე ჯვარ-ხატების, უმეტესი ნაწილი ქრისტიანულმა წმინდანებმა ჩაანაცვლა, მაგრამ ჩაანაცვლა ისინი მხოლოდ ნომინალურად – მათი ბუნება კვლავ წარმართული დარჩა და ამ ქრისტიანულად გადანათლული სალოცავების კარზე ღვთისმსახურება ძველებური, ქრისტიანობამდელი, ფორმით აღესრულებოდა და აღესრულება დღესაც.
ადრე თუშეთში არსებობდა ღვთისმსახურების აღმსრულებელთა, ხელოსანთა ინსტიტუტი, რაც მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან ჯერ შესუსტდა და ბოლოს სულაც გაქრა. სახვეწარ-სავედრებელს, ანუ მსხვერპლშეწირვასა და საკურთხი სუფრების დალოცვას, ახლა შულტა, ან სოფლის რომელიმე უხუცესთაგანი აღასრულებს, რომელმაც ამ დროს წარმოსათქმელი სადიდებლების ტექსტები არ იცის, მისი ლოცვა ფრაგმენტულია და უაღრესად არეულ-დარეული.
მცდელობა ამ ტრადიციული საწესჩვეულებო რიტუალების ხელოვნურად გადაგდებისა, ჩვენი ღრმა რწმენით, არასასურველია – ეს თითქმის ერთადერთი მოვლენაღაა, რაც რამდენადმე შემორჩა ამ კუთხის ნიველირებული ეთნოგრაფიული მოვლენებიდან და მისი ხელოვნურად აღმოფხვრა სასიკეთო არ უნდა იყოს ჯერ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული სახისა და შემდეგ ზოგადად ქართველთა ეროვნული თავისთავადობის შენახვა-გახანგრძლივებისათვის“, - წერს ფილოლოგი გიორგი ცოცანიძე ჯვარ-ხატთა თუშური სადიდებლების კრებულში, რომლის მიზანია მიაშველოს თუშეთში ჯვარ-ხატთა მლოცავს ზაფხულის რელიგიურ დღესასწაულებზე, ათნიგენობებზე, სალოცავის კარს წარმოსათქმელი სადიდებლის ტექსტები, რაც, არსებითად, ერთია და ერთი იყო უწინაც, მხოლოდ ვარიანტულად განსხვავებული იმისდა მიხედვით, თუ რომელი სალოცავის კარზე ითქმოდა იგი და რომელი ხელოსანი წარმოთქვამდა მას. გიორგი ცოცანიძის კრებულში სადიდებლების რამდენიმე ვარიანტია წარმოდგენილი.
ჯვარ-ხატთა სადიდებლები და ს... by on Scribd