საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ყაზბეგში დარიალი ჰესი გაიხსნა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

16:32 - 08 აპრილი 2017 hits 6590

ყაზბეგში ჰიდროელექტროსადგური „დარიალი ჰესი“ გაიხსნა. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიიღო მონაწილეობა. მისი განცხადებით, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი ყოველწლიურად 200 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდება.

„ეს არის ყველაზე მძლავრი და თავისი კონსტრუქციით ყველასგან განსხვავებული სადგური, რომელმაც უკვე საფუძველი ჩაუყარა სხვა ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში, ვინაიდან დღეს არაერთი ელექტროსადგური ამ მოდელის მიხედვით შენდება. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამდენად აქტუალურია ენერგოუსაფრთხოება და ენერგოპოლიტიკა დღეს და რამდენად მწვავე თემებია ეს მთელი მსოფლიოსთვის, მით უფრო, რომ დღევანდელ სამყაროში ენერგოდამოუკიდებლობა და ენერგოუსაფრთხოება პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახლავთ. ამიტომაც ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ საქართველოში შევძელით ამ მასშტაბის, ასეთი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის აშენება, რომლის ამუშავება უდიდეს წვლილს შეიტანს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების საქმეში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„დარიალი ჰესის“ აშენებაში ერთობლივი ინვესტიციები განახორციელეს „დარიალენერჯიში“ შემავალმა ქართულმა და ამერიკულმა კომპანიებმა, EBRD-ის მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 123 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტში აგრეთვე ჩართული იყო საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი, რომლის წილობრივი მონაწილეობა 23%-ია.

„აუცილებლად მინდა იცოდეს ჩვენმა მოსახლეობამ, რამდენად კომპლექსურად მიუდგა მთავრობა ამ მშენებლობას. ეს პროექტი ამ თვალსაზრისითაც უნიკალურია. პროექტის განხორციელების მთელი ციკლის განმავლობაში, სრულად იყო დაცული გარემოსდაცვითი სტანდარტები, რომლის უმკაცრეს მონიტორინგს ახორციელებდნენ საერთაშორისო ინსტიტუტები. სწორედ ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ დევდორაკ-ამალის ხეობაში დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიის ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მუდმივი კონტროლის ქვეშ იყოს მყინვარისა და მდინარის ხეობაში წყლის კრიტიკული დონე და დროულად დაფიქსირდეს ბუნებრივი სტიქიური პროცესები. ამ სისტემამ უკვე წარმატებით იმუშავა და ჩვენ შევძელით არაერთი სიცოცხლის გადარჩენა. აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ როდესაც გვქონდა ძალიან რთული პერიოდი, დევდორაკის ჩამოწოლის შედეგად ჩაიკეტა გზა გარკვეული პერიოდით, ამ კომპანიის სრული რესურსი - როგორც ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალა იყო სახელმწიფოს ინტერესებისთვის მობილიზებული“, - განაცხადა პრემიერმა და კომპანიის ხელმძღვანელს, ლაშა იორდანიშვილს პირადად გადაუხადა მადლობა, კერძო სექტორის მხრიდან სახელმწიფო ინტერესების მხარდაჭერისთვის.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „დარიალი ჰესის“ პროექტს აქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, - პროექტის ფარგლებში ყაზბეგის მუნიციპალიტეტში დაწყებულია 200 ჰექტრამდე ტყის გაშენება.

„აქ ირგვება გარემოსთან ყველაზე თავსებადი ადგილობრივი ხის სახეობები. ტყის განაშენიანების დასრულება დაგეგმილია 2021 წლისათვის. მხოლოდ ამ პროექტის ღირებულება 1 მილიონ ევროს შეადგენს“, - აღნიშნა პრემიერმა და ამ მიმართულებით გაწეული მხარდაჭერისთვის ავსტრიის მთავრობას მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, უკვე გაკეთებულია თევზსავალი, რათა მდინარე თერგის ბიომრავალფეროვნება შენარჩუნდეს.

პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი „დარიალი ჰესის“ სტრატეგიულ მდებარეობას საქართველოს ენერგორუკაზე.

„ამ ჰესის ამუშავება ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. საინჟინრო თვალსაზრისით ეს გახლავთ ყველაზე რთული ნაგებობა, რომელიც დამოუკიდებელ საქართველოში აშენდა. აქ აშენებულია საინჟინრო თვალსაზრისით ძალიან რთულად ასაშენებელი ხუთი გვირაბი - 5,5 კმ-იანი, 500 მ-იანი, ორი - 300მ-იანი და ერთი - 150მ-იანი, რაც ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„დარიალი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 108 მეგავატს შეადგენს, ხოლო ელექტროენერგიის დაგეგმილი საშუალო წლიური გამომუშავება 510 მლნ კვტ/სთ-ია. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიის იმპორტი ყოველწლიურად 200 მლნ კვტ/სთ-ით შემცირდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში