საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

„ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა 2017 წლის სექტემბერში დაიწყება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:11 - 03 აპრილი 2017 hits 6564

სვანეთში 280 მგვტ სიმძლავრის „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობა 2017 წლის სექტემბერში დაიწყება.

„ნენსკრა ჰესს“ ზემო სვანეთში, მდინარე ენგურის შენაკადზე საპარტნიორო ფონდთან ერთად კორეული კომპანია K-water აშენებს. პროექტზე ამჟამად კორეელი ინვესტორის მიერ შექმნილი სააქციო საზოგადოება - „ნენსკრა ჰიდრო“ მუშაობს.

„ახლა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. გაგვყავს დამბის, კაშხლისა და ქვესადგურის სამშენებლო მოედნებამდე მისასვლელი გზები, ეწყობა საჭირო ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ვატარებთ დამატებით გეოლოგიურ კვლევებს. სექტემბრიდან კი ჰესის ძირითადი სამშენებლო  სამუშაოები დაიწყება,“ - აცხადებს „მთის ამბებთან“ საუბარში „ნენსკრა ჰიდროს“ ოპერაციათა მართვის დირექტორი თემურ კოპაძე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტის მეშვეობით ქვეყანაში 800 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვა, ნენსკრა ჰესისქონების გადასახდის სახით კი მესტიის ბიუჯეტში ყოველწლიურად 7 მლნ აშშ დოლარამდე თანხა შევა. კოპაძის თქმით, ჰესის მშენებლობის პროცესში 1000-მდე, ხოლო ოპერირების სტადიაზე 200-მდე ადამიანი დასაქმდება. დასაქმებულთა დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

ნენსკრა ჰესის“ წლიური პოტენციური გამომუშავება 1,2 მილიარდ კვტ/სთ იქნება. ჰესის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება. ელექტროენერგიის გამომუშავებას ის 2019 წლიდან დაიწყებს.

ჰესის წყალსაცავში, რომელიც 200 ჰა ტერიტორიას დაფარავს, 182 მილიონი ტონა წყალი დაგროვდება. წყლის ამ მარაგს საქართველო ზამთრის პრობლემურ სეზონზე გამოიყენებს: 135 მეტრის სიმაღლის ნენსკრას კაშხლის მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ, რომელიც მთლიანად საქართველოში დარჩება, ადგილობრივ ბაზარზე ზამთრის განმავლობაში იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგიის ნაწილი უნდა ჩაანაცვლოს. „ნენსკრა ჰესის“ მიერ გამომუშავებული 1 კვტ დენის ფასი, სავარაუდოდ, 6,5-7 აშშ ცენტი იქნება.

პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიარდი დოლარია. მის დაფინანსებაში მონაწილეობენ: EBRD, აზიის განვითარების ბანკი -ADB და კორეის ექსიმ ბანკი. უშუალოდ ჰესის მშენებლობაზე 575 მლნ დოლარი დაიხარჯება, მისი შენახვისა და 35-წლიანი მართვის განმავლობაში კი დამატებით კიდევ 430 მლნ დოლარი.

„ნენსკრა ჰესი“ ექსპლუატაციის პირველი 35 წლის მანძილზე კერძო საკუთრება იქნება, შემდეგ კი ინვესტორი კომპანია მას საკუთრებაში სახელმწიფოს გადასცემს. ჰესის სამშენებლო სამუშაოებს იტალიური კომპანია - SALINI IMPREGILO შეასრულებს. კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

საქართველოს მთავრობამ 2017 წლის 14 მარტის განკარგულებით, სს „ნენსკრა ჰიდროს“ სოფელ ჭუბერში 97,5 ჰექტარი მიწა საკუთრებაში პირდაპირი მიყიდვის წესით, ერთ აშშ დოლარად გადასცა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში