საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

Radisson Blu Gudauri 2018 წელს გაიხსნება

11:56 - 27 იანვარი 2017 hits 5311

გუდაურში სასტუმრო - Radisson Blu Gudauri 2018 წელს გაიხსნება. Radisson Blu Gudauri საერთაშორისო ბრენდის პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება მთის კურორტზე არამარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში.

150-ნომრიან  Radisson Blu Gudauri-ს მაღალი კლასის სასტუმროსთვის დამახასიათებელი ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურა ექნება: რესტორნები, ბარები, საკონფერენციო დარბაზები, გასართობი ცენტრი, სპა, ღია და დახურული აუზები. სასტუმროს პროექტის შექმნაზე გერმანელი და ქართველი არქიტექტორების ჯგუფი მუშაობს. Radisson Blu Gudauri-ს მმართველი Carlson Rezidor Hotel Group-ი იქნება.

თავდაპირველი გეგმით, Radisson Blu Gudauri 100-ნომრიანი სასტუმრო უნდა ყოფილიყო, თუმცა, კურორტის პოტენციალის შეფასების შემდეგ Carlson Rezidor Hotel Group-მა უფრო დიდი სასტუმროს მშენებლობა გადაწყვიტა.

“გუდაური ძალიან კარგად განვითარებული კურორტია, შესანიშნავი გარემოთი და ჩვენ ვგეგმავთ, აქ საქმიანობა არამარტო ზამთრის სეზონისთვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში გავააქტიუროთ“, - განაცხადა Carlson Rezidor Hotel Group-ის ვიცე-პრეზიდენტმა დევიდ ჯენკინსმა.  

სასტუმროს მშენებლობაში 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

გუდაურის განვითარების გენერალური გეგმა სამთო-სათხილამურო კურორტების დამგეგმავმა ცნობილმა კანადურმა კომპანიამ - ეკოზაინმა შეიმუშავა. ეკოზაინის გეგმის თანახმად, კურორტზე აშენდება საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროები, აპარტოტელები, თაუნჰაუსები და ვილები, მოეწყობა დასვენებისა და გასართობი ტიპის ინფრასტრუქტურა - მაღაზიები, რესტორნები, გასართობი ცენტრები, სპორტული მოედნები, ტენისის კორტები, ყინულის მოედანი, სპა ცენტრები და კაზინო. კურორტი ასევე აღჭურვილი იქნება თანამედროვე და კომფორტული (მიწისქვეშა და მიწისზედა) ავტოსადგომებით.

Carlson Rezidor Hotel Group-ი სასტუმროს აშენებას გუდაურის გარდა ბათუმში, წინანდალსა და თბილისშიც გეგმავს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

თავში