საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ჯუთა-ომალოს საფეხმავლო ბილიკის და 7 მთის ქოხის მოსაწყობად მთავრობა 24 მილიონს ხარჯავს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:02 - 22 იანვარი 2022 hits 31125

მუნიციპალური განვითარების ფონდს, ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთისა და თუშეთის დაცული ტერიტორიების დამაკავშირებელი ბილიკის (ჯუთა-ომალო) მოსაწყობად და შვიდი მთის ქოხის ასაშენებლად 24 მილიონიანი ტენდერი აქვს გამოცხადებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ბილიკის სიგრძე 204.8 კილომეტრია, აქედან 127 კმ საჭიროებს რეაბილიტაციას - საფეხმავლო მარშრუტზე საბაზისო ინფრასტრუქტურის სახით გათვალისწინებულია ხიდების, მოაჯირების და კლდის საფეხურების განთავსება. ასევე, დაგეგმილია ლოდებით ფონური ხიდების მოწყობა. ჯაჭვის მოაჯირი, როგორც დამცავი ბაგირი, ბილიკის ორ მონაკვეთზე განთავსდება, ჯამში 130 მეტრზე. კლდოვან რელიეფზე ჰორიზონტალური საფეხურები მარშრუტის ერთ მონაკვეთზეა გათვალისწინებული, ჯამში 30 მეტრზე. მთლიან ბილიკზე ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად მანიშნებელი დაფები განთავსდება.

პროექტი ითვალისწინებს შვიდი სამთო ქოხის მშენებლობას:

  1. აბუდელაურის ალპური ქოხი - მდებარეობა: ხევსურეთი, აბუდელაურის ხეობა, სოფელ როშკიდან 6 კმ-ში, აბუდელაურების მწვანე ტბის მიმდებარედ. საზაფხულო სამანქანო გზამდე მანძილი არის 4,5 კმ. ადგილის მეტრული კოორდინატებია: X – 487152, Y -4710235. Z -2590;
  2. არხოტისთავის ალპური ქოხი - მდებარეობა: არხოტისთავის უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 2900 მ სიმაღლეზე, როშკა-არხოტის დამაკავშირებელი საზფხულო საავტომობილო გზიდან დაახლოებით 3კმ მანძილზე. ქოხის სამშენებლო მოედნის მეტრული კოორდინატები: X – 489996; Y4716933;
  3. ქვედა ტანიეს ალპური ქოხი - მდებარეობა: ხევსურეთი, ტანიეს მესაზღვრეების ბანაკის მიმდებარედ ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე. უახლოესი საზაფხულო საავტომობილო გზა არის არხოტის ხეობის სოფელ ამღაში, რომელიც მდებარეობს თავშესაფრიდან 10 კმ მანძილზე და ბოგოვაჩოს უღელტეხილი, რომელიც არის 18 კმ-ით დაშორებული და ვარგისია ცხენებით გადაადგილებისთვისაც. მეტრული კოორდინატები: X-499832; Y- 4724094;
  4. ზედა ტანიეს ალპური ქოხი - მდებარეობა: ხევსურეთი, მდებარეობს ტანიეს უღელტეხილზე ზღვის დონიდან 3000 მ სიმაღლეზე, ბოგოვაჩოს უღელტეხილის საავტომობილო გზიდან დაახლოებით 10 კმ მანძილზე. ადგილის მეტრული კოორდინატები: X -499723, Y-4716225;
  5. დათვისჯვარის ალპური ქოხი - მდებარეობა: პირიქითა ხევსურეთი, მდინარე არღუნის სათავეებთან ზღვის დონიდან 2500 მ სიმაღლეზე, დათისჯვარი-ხახაბოს დამაკავშირებელი საზაფხულო საავტომობილო გზიდან 50 მეტრში. სამშენებლო მოედნის კოორდინატები: X - 505852; Y- 4706846;
  6. ხიდოტანის ალპური ქოხი - მდებარეობა: პირიქითა ხევსურეთი, ხიდოტანის ქედზე ზღვის დონიდან 2500 მ სიმაღლეზე, სოფელ ბახაოსთან მდებარე საზფხულო საავტომობილო გზიდან 3 კმ-ში. სამშენებლო მოედნის კოორდინატები - 517513; Y- 4711695;
  7. ქვახიდის ალპური ქოხი - მდებარეობა: მთათუშეთი, მდ. ქვახიდისწყლის ხეობაში ზღვის დონიდან 2400 მ სიმაღლეზე, გირევთან მდებარე საზაფხულო საავტომობილო გზიდან 15 კმ-ში. სამშენებლო მოედნის კოორდინატები - X - 528830; Y- 4705583.

პროექტის თანახმად, სამთო ქოხი წარმოადგენს საფეხმავლო ბილიკების ქსელთან მიბმულ ღამის სათევ ადგილს. ყველა ქოხი ერთსართულიანია. მათი ოპერირება ზამთარშიც არის შესაძლებელი. თითქმის ყველა ქოხთან გათვალისწინებულია დამხმარე ნაგებობა და საკემპინგე სივრცე. შენობები ძირითადად მოპირკეთებულია ნატურალური მასალებით (ხე, ფიქალი, ქვის წყობა).

სატენდერო წინადადებების მიღება 28 იანვარს დაიწყება და 1-ელ თებერვალს დასრულდება. ტენდერში მონაწილეობის მსურველს ბოლო სამი წლის განმავლობაში უნდა ჰქონდეს არანაკლებ 16 მილიონი ლარის წლიური ბრუნვა. კონკურსანტს, 2016 წლის 1 იანვრიდან განაცხადის წარდგენის ბოლო თარიღამდე, წარმატებულად უნდა ჰქონდეს დასრულებული სულ მცირე ერთი მსგავსი სახის სამუშაოების კონტრაქტი არანაკლებ 17 მილიონი ლარის ღირებულებით. კონტრაქტები უნდა ადასტურებდეს ზღვის დონიდან 1500 მეტრზე ზემოთ შენობა-ნაგებობის მშენებლობა-მოწყობა-მონტაჟის გამოცდილებას. ბილიკის მოწყობა და ქოხების მშენებლობა სამუშაოების დაწყებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.

პროექტის განსახორციელებლად თანხა მსოფლიო ბანკმა გამოყო.

„მთის ამბებმა“ მუნიციპალური განვითარების ფონდისგან და დაცული ტერიტორიების სააგენტოდან უკვე გამოითხოვა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. დოკუმენტების მიღების შემდეგ ვრცელ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში