საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ეკობიჭის ბლოგი – როგორ დაეხმარება მთას მობილური კავშირგაბმულობა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

14:14 - 09 თებერვალი 2017 hits 11309

21-ე საუკუნეშიც კი საქართველოს მთიანეთის ზოგიერთ თემში მობილური კავშირგაბმულობა ისევ სანატრელია. ამის გამო სოფლები და მოსახლეობა მოკლებულია უამრავ სიკეთეს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც ცხოვრება უფრო ადვილი იქნებოდა.

უკვე წლებია რაც უკანაფშავის მოსახლეობა ხელისუფლებას და კომპანიებს კავშირგაბმულობის პრობლემის გადაჭრის თხოვნით მიმართავს. შეიძლება თქვენც მოგიკრავთ თვალი მეგობრის მიერ გაზიარებული პოსტისთვის, სადაც ადამიანებს ფურცლები უჭირავთ წარწერით - საქართველოს მთავრობა, დაგვეხმარეთ! უკანაფშავში გვქონდეს მობილური კავშირგაბმულობა! პრობლემა დღემდე გადაუჭრელია და მიმართვის ადრესატებს არც იმაზე აქვთ პასუხი, როდის აპირებენ ამ საკითხის მოგვარებას.

კავშირგაბმულობის პრობლემა უკანაფშავის გარდა სხვა კუთხეებსაც აწუხებს – თუშეთის და ხევსურეთის ხეობებს, გუდამაყრის სოფლებს და ა.შ. შეიძლება ვინმემ იფიქროს, სახელმწიფო რა შუაშია, როდესაც ამ პრობლემის მოგვარება კერძო კომპანიების საქმეაო, მაგრამ კავშირგაბმულობას და ინტერნეტს ხომ ბევრი პრობლემის გადაჭრა შეუძლია მოსახლეობისთვის.

თუ ადამიანების ნაწილს გვაქვს ფუფუნება, რომ „ამაზონიდან“ სასურველი ნივთი გამოვიწეროთ ან კინობილეთი სახლიდან გაუსვლელად დავჯავშნოთ, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბევრ ადამიანს იმის შესაძლებლობაც კი არ აქვს, რომ ავად გახდომისას სასწრაფოს შეატყობინოს და უკანასკნელი იმედის ნაპერწკალი მაინც არ ჩაუქრეს.

სწორედ ასეთი ელემენტარული პირობების არქონამ გამოიწვია ის, რომ მთაში სახლებიდან კვამლის ნაცვლად ჭინჭარი ამოდის და ერთ დროს სახნავ–სათიბი მინდვრები დღეს გაუვალ ეკალ–ბარდებად არის ქცეული.

ადამიანები ადგნენ და უკეთეს ადგილს მიაშურეს. ყველას არ შეუძლია გაუძლოს მძიმე პირობებს. იქნებ ასეც სჯობდა. პირველ რიგში, მთავარია იმ ადამიანებს შევუქმნათ პირობები, ვინც მთაში დარჩნენ და იქაურობის მიტოვება არ ძალუძთ.

რა არის საჭირო მთის სოფლების მძიმე ყოფის შესამსუბუქებლად მაინც?

ტელეფონი – ყველას გვინახვას (ალბათ, სიუჟეტებში მაინც) დაცარიელებული, ერთი, უკეთეს შემთხვევაში ორი მოხუცის ანაბარა დარჩენილი სოფლები, უიშვიათეს შემთხვევაში ამ სოფლებში ამ დრომდე შემორჩენილი ახალგაზრდები, თანატოლებს თვეობით რომ ვერ ხედავენ, მოწყვეტილები რომ არიან დანარჩენ სამყაროს. რას შეცვლიდა მათთვის ტელეფონი? ბარში, შვილებთან ამ მეგობრებთან დაკავშირებას მაინც შეძლებდნენ. დიდთოვლობისას უებარი საშუალება იქნებოდა ახლომდებარე სოფლებთან დასაკავშირებლად, ჭირსა თუ ლხინში. სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ დროულად მიეწოდებოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტებს. რა ხდება დანარჩენ საქართველოში – ამაზეც გავიგებდით რამეს.

სამედიცინო დახმარება – ყველამ ვიცით, როგორი მნიშვნელოვანია დრო და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გადაუდებელ შემთხვევებში ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. ამ სერვისზე კი მთის ბევრ სოფელში მცხოვრებთ ხელი დღემდე არ მიგვიწვდება. ბევრგან უგზოობის გამო განა მარტო სასწრაფო ვერ აღწევს, უტელეფონობის გამო ექიმის გამოძახებასაც ვერ ვახერხებთ.

ტურიზმი – ბოლო წლებია საქართველოს მთიანეთში ტურისტების რაოდენობა იზრდება, გაიზარდა საოჯახო სასტუმროების რიცხვიც. სასიხარულო ამბავია. გარდა იმისა, რომ მთა ზაფხულობით მაინც ცოცხლდება, ბევრი ოჯახი შემოსავალსაც იღებს და ბიზნესის განვითარებაზე ფიქრობს. მობილური კავშირგაბმულობა თუ იქნებოდა, დიდი ალბათობით, ინტერნეტიც ხელმისაწვდომი გახდებოდა. ეს კი მთაში არსებულ მცირე საწარმოებს განვითარებაში დაეხმარებოდა.

პროდუქტის რეალიზაცია – სოფლებში გლეხებს ყველაზე მეტად პროდუქციის გაყიდვა უჭირთ, მითუმეტეს მაშინ, როცა რაიონულ ცენტრს არიან მოწყვეტილები და ხშირად, ბაზარში ჩასვლაც არ შეუძლიათ. კავშირგაბმულობის შემთხვევაში ძალიან ადვილია თუნდაც სოციალური ქსელით ერთგული მომხმარებლების შეძენა და კარგი ხარისხის, ნატურალური პროდუქციის პირდაპირ მიწოდება, რესტორნებთან ან მაღაზიებთან ურთიერთობის აწყობა. მაგრამ, როცა ტელეფონი არ იჭერს, ვერც ვერავის ურეკავ და ვერც ვერავინ გირეკავს.

განათლება – მთის სოფლებში შემორჩენილ ოჯახებს ხშირად უწევთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და ფუძის მიტოვება, განსაკუთრებით მაშინ, როცა შვილები სასკოლო ასაკის ხდებიან. ბევრ სოფელში საბაზო სკოლაც არ არის, საბავშვო ბაღზე საუბარი ხომ საერთოდ ზედმეტია. მთელი ხეობის ერთ სოფელში კი შეიძლება სკოლა იყოს, მაგრამ ისიც არასრული, 9 კლასით. სახელმწიფო ორი და სამი ბავშისთვის სკოლას თუ ვერ ან არ ააშენებს, შეუძლია ონლაინ სკოლის პროექტი დანერგოს, რაც უკვე მიღებული მეთოდია ბევრ ქვეყანაში. ამით ხარჯებიც დაიზოგება და აღარც ბავშვები იქნებიან იძულებულები, რომ საკუთარი ოჯახები დატოვონ. ამასაც ინტერნეტი სჭირდება. მაღალმთიანი სოფლების უდიდეს ნაწილში კი ინტერნეტი კი არა, მობილური ტელეფონიც არ იჭერს.

ნოდარ ტოხოსაშვილი

ცხოვრობს უკანაფშავში. მთაში აწარმოებს ნატურალურ პროდუქტებს. სწავლობს ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე. 2017 წლიდან „მთის ამბების“ მოქალაქე–რეპორტიორია.

საქართველოს ამბები

ვაკანსიები მთაში

თავში