მძიმე ნივთები თავსდება ზურგის მიმართულებით, მხრების კუნთების გასწვრივ. მსუბუქ აღჭურვილობას ვდებთ ჩანთის ძირში, ხოლო საშუალო წონის ნივთები დარჩენილ სივრცეს შეავსებენ. ასეთი გადანაწილება უზრუნველყოფს უკეთესს ბალანსსა და ნაკლებ დაღლილობას.
მეორე კრიტერიუმის მიხედვით, ნივთები რომლებიც დაბანაკებამდე არ გვჭირდება ზურგჩანთის ქვედა განყოფილებაში მიდის. იშვიათად გამოყენებადი ნივთები ჩანთის ძირითად შუა ნაწილში, ხოლო ისეთი აღჭურვილობა, რომელიც მალ–მალე გვჭირდება, ჩანთის ზედა და გარე ჯიბეებში თავსდება. ზამთრის ლაშქრობისას სწრაფი მოქმედებისთვის ასევე გარედან უნდა მივამაგროთ ზვავის ატრიბუტები - ზონდი და თოვლის ნიჩაბი.
ეს თეორია რომ პრაქტიკაში გადმოვიტანო, გაჩვენებთ, კონკრეტული აღჭურვილობა როგორ გადანაწილდება. ვინაიდან საძილე ტომარა, ძირსაგები და ღამის ტანსაცმელი დაბანაკებამდე არ დამჭირდება და თან მსუბუქიცაა, ყოველთვის ჩანთის ძირში თავსდება, შემდეგ ვდებ თავშესაფარსა და ისეთ თბილ ტანსაცმელს, რომლის ამოღებაც დღის ბოლომდე არ გახდება აუცილებელი. მხრებთან, ზურგისკენ მივუჩენ ადგილს საჭმელსა და წყლის მარაგს, რაც ჩვენი სათრევი აღჭურვილობის ყველაზე მძიმე ნაწილია, გარშემო სამზარეულოს ატრიბუტები, დამატებითი ტანსაცმელი, გამაშები და ისეთი ნივთები, რომლებიც სიარულისას მხოლოდ რამდენჯერმე დაგვჭირდება.
აფთიაქი, ფანარი, ჯიპიესის ელემენტები, მრავალფუნქციური დანა, ბინოკლი, ერთი-ორი სნიკერსი - ყველაფერი ეს ადვილად ხელმისაწვდომ ზედა ჯიბეში, იგივე ჩანთის ტვინში ლაგდება მარტივი გამოყენებისთვის. ცივ პერიოდში ლაშქრობისას აქვე თავსდება ქუდი, ხელთათმანი და სურვილისამებრ თხელი საწვიმარიც შესვენებებზე ჩასაცმელად.
გვერდითა გარე ჯიბეში ვდებ წყლის ნახევარლიტრიან ბოთლს, ხოლო საპირისპირო მხარეს ვაბალანსებ რაიმე ჯგუფური აღჭურვილობით, მაგალითად, ცულით. თქვენ შეგიძლიათ ძირსაგები მიაბათ. ისე, რაც ნაკლები ნივთია ჩანთის გარედან მიმაგრებული, მით უკეთესია ბალანსი და გაუკვალავ ვიწრო ბილიკებზე სიარულიც უფრო მარტივია.
ყოველთვის ეცადეთ წონა ჩანთის მარჯვენა და მარცხენა მხარეს თანაბრად გადაანაწილოთ, რათა საუკეთესო ბალანსი შეინარჩუნოთ. ზოგიერთი ზურგჩანთის წელის ქამარს პატარა ჯიბეები მოყვება, საუკეთესო ადგილი კამფეტების და სასუსნავების შესანახად.
ჩანთის სწორად ჩალაგება გაგიმარტივებთ ტვირთის ტარებას და გაცილებით დაზოგავს თქვენს კუნთებსა და ენერგიას.
„მთის ამბები“ გიორგი ნაზღაიძის სალაშქრო რჩევებს კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს გიზიარებთ.
მოგვწერეთ რომელი სალაშქრო ნივთების შესახებ გსურთ რჩევების მიღება და შემდგომ ვიდეოგანხილვებში დაწვრილებით ინფორმაციას გაგაცნობთ.