დავიწყოთ ხერხემლით, ანუ ჯოხებით. ნორმალური და კარგი კარვის ჯოხები ალუმინისგანაა დამზადებული, იაფფასიან კარვებში კი მინაბოჭკოს მასალას იყენებენ. ალუმინი უფრო მსუბუქი და გამძლეა, მისი გლუვი ზედაპირი ადვილად დასრიალებს აწყობისას კარვის სახელოებში. ხარისხიან კარვებში გამოყენებული ალუმინის ჯოხები ხშირად დაკ-ის ფირმის მიერაა დამზადებული. თუკი კარავის შეფასებისას თვალს მოვკრავ ხოლმე ამ ბრენდის ჯოხებს, უკვე ვიცი რომ კარავიც დიდი ალბათობით ხარისხიანი იქნება. უვარგის კარვებში ძირითადად მინაბოჭკოს ჯოხები გვხვდება, მძიმე და მტვრევადი.ნელ-ნელა გამოჩნდა ნახშირბოჭკოს კარვის ჯოხები.ძვირი და ძალიან კარგი მასალაა ნახშირბოჭკო, თუმცა დღეისათვის ისეთი გავრცელებული არ არის, რომ დიდი ყურადღება დავუთმოთ.
შემდეგი დეტალი კარვის ხარისხიანობის დასადგენად მისი სოლებია. მდარე კარვებს ძირითადად წვრილი ფოლადის პალოები მოყვება, რაც მძიმეა და არც კარგიმოჭიდება აქვს. თავმოყვარე ბრენდები ალუმინის მასალის სხვადასხვა კონსტრუქციის სოლებს იყენებენ.
კარვის შერჩევისას ელვა კიდევ ერთი კარგი ინდიკატორია. ძალიან ცუდია როცა შუაღამისას კარს ვერ დაკეტავ იმიტომ, რომ უვარგისმა ელვამ ნაჭერი ჩაიხვია და გაიჭედა ან გადატყდა. საუკეთესო აღჭურვილობაში ხშირად YKK ფირმისმიერ დამზადებულ ელვას იყენებენ, თუმცა ყველა ელვა ვერ იქნება ბრენდირებული. ამიტომ, ყურადღებით დააკვირდით, რამდენჯერმე გახსენით და დაკეტეთ, რომ დარწმუნდეთ ხარისხსა და მარტივ მოქმედებაში.
წყალგაუმტარობისათვის აუცილებელია ნაკერები იყოს დალუქული, ინგლისურად ამას seam seal ჰქვია. კარგ კარავს აუცილებლად ხარისხიანი დალუქვა უნდა ჰქონდეს წყალმედეგობის მისაღწევად.
„მთის ამბები“ გიორგი ნაზღაიძის სალაშქრო რჩევებს კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს გაგიზიარებთ.
მოგვწერეთ რომელი სალაშქრო ნივთების შესახებ გსურთ რჩევების მიღება და შემდგომ ვიდეოგანხილვებში დაწვრილებით ინფორმაციას გაგაცნობთ.