საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

პირველად ქართული ალპინიზმის ისტორიაში – ურთულესი ასვლა ზამთრის ჭაუხზე

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:00 - 06 მარტი 2018 hits 29422

კარგა ხანი მთაში ნამყოფი არ ვიყავი. აგვისტოს ბოლოს, ტიან-შანიდან დავბრუნდი თუ არა, ცხოვრება ისევ ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა, უფრო სწორად - ურიტმობას, უძრაობას, აზრსმოკლებულ ყოველდღიურ რუტინას; ცხოვრებას, რომელსაც ოდენ „არსებობა“ შეიძლება ეწოდოს და არა „სიცოცხლე“.

მთელმა შემოდგომამ ისე გაიარა, უცნაურ და აუტანელ განცდებს არ მივუტოვებივარ. თითქოს ჭაობში ვარ და ამოსვლას ვერ ვახერხებ, თითქოს პატიმარი ვარ და სუფთა ჰაერზე არ მიშვებენ. უკვე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს არც არასდროს მიცხოვრია ნამდვილი ცხოვრებით, თითქოს ქვის ლოდი ვიყავი, შემთხვევით სადღაც მიგდებული და ხავსმოკიდებული. თავშესაქცევს რა დალევს თბილისში, თუმცა უკვე ყველაფერი მაღონებდა, მეგობრებიც კი. შემაშინა ამ განცდებმა. მივხვდი, ისევ მძაფრი შთაბეჭდილებები მჭირდებოდა, რათა მეგრძნო, როგორ ავივსებოდი სიცოცხლით და კვლავ ვიპოვნიდი საკუთარ თავს. 

ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო თბილისში. ზურა კვესტაძემ, ჩემმა მეგობარმა, ალბათ ჩემსავით წუხილშეპყრობილმა, თავისთან მიხმო და მითხრა: ზამთარში ჭაუხში „სვეტი“ ხომ არ გავიაროთო. მოულოდნელი იყო ჩემთვის ეს წინადადება. თავიდან გვარიანად შევშფოთდი, შევფიქრიანდი. ჭაუხი ხომ ერთ-ერთი ყველაზე ცივი რეგიონია მთელს კავკასიონზე, „სვეტი“ კი ურთულესი მარშრუტია, რომელიც მწვერვალ „ასათიანის“ ჩრდილოეთ კედელზე გადის. მზის სხივი კედელს არასდროს ხვდება და ამიტომ ზამთარში მთლიანად ჩაყინულია. ზურას იქ თუ გავყვებოდი და ჩანაფიქრი გამოგვივიდოდა, ეს იქნებოდა ზამთრის ყველაზე რთული ასვლა არა მხოლოდ ჩვენს უკვე შესრულებულ ასვლებში, არამედ ზოგადად ქართული ალპინიზმის ისტორიაში. წამებში კადრებად წარმომიდგა, თუ რა სირთულეების პირისპირ აღმოვჩნდებოდით, რასთან მოგვიწევდა გამკლავება; მთა არცერთი შეცდომის უფლებას არ მოგვცემდა, არაფერს გვაპატიებდა. ასეთი სირთულის მარშრუტი ზამთარში საქართველოში ჯერ არ იყო გაკეთებული და ჩვენი ასვლა პირველი იქნებოდა. ერთი მხრივ, უამრავი კითხვა და ეჭვი გამიჩნდა: მზად ვარ კი ამისთვის?! იქნებ არ მაქვს საკმარისი გამოცდილება?! შევძლებ კი ასეთი სირთულეების დაძლევას?! მეორე მხრივ, იმ წამსვე მივხვდი, რომ ვერაფრით გავუძლებდი ამ ცდუნებას და აუცილებლად დავთანხმდებოდი ზურას ამ გიჟურ წამოწყებას.

ჯერ ფსიქოლოგიური ბარიერი უნდა გადამელახა. რაციონალური და ირაციონალური ლოგიკა მოვიხმე ერთდროულად: რადგან ასეთი ასვლა ჯერ არავის შეუსრულებია, რადგან ასეთი ამბიციური ნაბიჯი ჯერ არავის გადაუდგამს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს შეუძლებელია. ყველაფერი შესაძლებელია. მთავარია შინაგანი მზაობა, შესაბამისი მომზადება და გამარჯვებისადმი სწრაფვა. ცხადია, ზურას სიხარულით დავეთანხმე. მეწყვილის ფაქტორი ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, თითქმის გადამწყვეტიც კი. ზურა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მთამსვლელია საქართველოში და რაც ყველაზე უფრო არსებითია, საიმედო მეგობარია, უღალატო, ამასთან გონიერი და დაკვირვებული.

ექსპედიციისთვის დიდი ხანი ვემზადებოდით. მთავარი ორგანიზაციული სირთულე სპონსორის მოძიება იყო. ბევრ კომპანიასთან ვცადეთ ურთიერთობა, თუმცა ბოლოს მხოლოდ „მაგთიკომი“ და სამთო აღჭურვილობის მაღაზია „მოგზაური“ დავაინტერესეთ. მადლობას ვუხდი მათ ჩვენი თანადგომისთვის.

სპონსორებისგან მოცემული სახსრებით კამერები შევიძინეთ და მთელი ასვლის გადაღება გადავწყვიტეთ. მარშრუტისთვის სხვადასხვა სპეციალური აღჭურვილობა გვჭირდებოდა. ზოგი რამ ჩვენც გვქონდა, ზოგი - ფედერაციას, ზოგიც მეგობრებს გამოვართვით და ყველაფერს ერთად მოვუყარეთ თავი. ტვირთი ძალიან მძიმე გამოგვივიდა. აშკარა იყო, რომ ორი კაცი ვერ ვზიდავდით ყველაფერს, დახმარება დაგვჭირდებოდა, რათა კედლამდე მაინც მიგვეტანა. დახმარების სურვილი ჩვენმა მეგობარმა თემო სამსონაძემ გამოთქვა. ეს დიდი გულისხმიერება და ვაჟკაცობა იყო მისი მხრიდან: ის ქვემოთ უნდა დაგვლოდებოდა, მთის ერთ-ერთ მონაკვეთზე, სანამ ჩვენ მწვერვალიდან დავეშვებოდით. ფაქტობრივად, უკვე მზად ვიყავით წასასვლელად.

ბარგი გავინაწილეთ. ნაწილი ზურგჩანთაში ჩავილაგეთ, ნაწილიც გარედან მივიმაგრეთ. სამი კაცისთვისაც ძალიან მძიმე იყო ეს ტვირთი. მახსოვს, ჩანთა პირველად რომ მოვიკიდე, სუნთქვა მიჭირდა, ისე მაწვებოდა ზურგზე და ფილტვებზე.

სოფლისაკენ გზას ნელი ნაბიჯით ავუყევით. ჯუთაში ღამით ფანრების შუქით შევედით. მასპინძელი ომარ არაბული შეგვეგება, თავისთან სახლში შეგვიპატიჟა და გულითადად გვიმასპინძლა. ის ღამე სოფელში გავატარეთ. დილით ზანტად გამოვძვერით თბილი ლოგინებიდან, ვისაუზმეთ, მოვიკიდეთ მძიმე ჩანთები და დავიძარით ცივი, სუსხიანი და პირქუში მთისკენ. თოვლი დიდი იყო, სპეციალური ფეხსაცმელიც კი ღრმად ეფლობოდა და მუდმივად გაკვალვა გვიწევდა. ნაბიჯს გადადგამდით თუ არა, მძიმე ზურგჩანთა, რომელიც ლამის 40 კილოს იწონიდა, ჩაქუჩივით გვაჭედებდა ღრმა თოვლში. ყოველი ნაბიჯი დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. უკვე ბნელდებოდა, როცა კედლის ძირამდე ავედით. სასწრაფოდ უნდა მოგვეძებნა ადგილი, სადაც კარავს გავშლიდით, თორემ საღამოს სუსხი მეტისმეტად შემაწუხებელი ხდებოდა. წინ, თავზე, გამომწვევად გვადგა უზარმაზარი კედელი. კარავს იქ ვერსად გავშლიდით. ზურამ თოვლიან ფერდზე ერთი ადგილი დაინახა. თქვა, იქ დავეშვათ, თოვლი ცოტა გავთხაროთ და იქნებ როგორმე ჩავატიოთო ჩვენი კარავი. უკვე ბნელოდა. ერთი საათის შემდეგ კარავში ვიყავით შეყუჟულები და ცხელ ჩაის ვადუღებდით.

გეგმის მიხედვით, თემო შემდეგ დღეს უნდა დაშვებულიყო ქვემოთ და იქ დაგვლოდებოდა, მაგრამ რადგან ამას მარტო ვერ შეძლებდა, გადავწყვიტეთ, რომ ჯობდა, აქვე დარჩენილიყო. მხოლოდ ორი ადამიანის სამყოფი საკვები გვქონდა, არადა უკვე სამნი ვიყავით. არაუშავს, როგორმე გავინაწილებდით.

მე და ზურა კარვიდან დილით ადრე გავედით და კედლისკენ დავიძარით. დასაწყისი მოულოდნელად რთული აღმოჩნდა. ყველაფერი ჩაყინული იყო. დიდი დრო წაიღო თვით კედლამდე მისვლამაც. პატარა ე.წ. „ბუხარს“ მოვკარი თვალი, შიგ შევძვერი და იქ ძველი, ჩაყინული და უვარგისი სადგური ვიპოვნე. ცოტათი ავცდი მას და იქ მივიღე ზურა. ზემოდან, მტრულად, უზარმაზარი კედელი დაგვცქეროდა. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო.

ზურამ აღჭურვილობა აისხა და ღიმილიანი სახით გადმომხედა. მეც, საპასუხოდ, თანაგრძნობით შევხედე და გამხნევებას შევეცადე. მრავლისმეტყველი იყო უსიტყვო კომუნიკაცია, არასოდეს დამავიწყდება. ახლა მასზე იყო ყველაფერი დამოკიდებული, რადგან ზემოთ პირველი ის უნდა წასულიყო. კედელი იმდენად ცივი იყო, შეუძლებელი იყო შიშველი ხელით შეხებოდი, თუ შეეხებოდი, სამუდამოდ მიგიკრავდა და გაგაქვავებდა. ყველა ნაპრალი ჩაყინული იყო. პატარა შვერილებზეც კი თოვლი იდო.

ამინდში დიდად არ გაგვიმართლა. ქარი განუწყვეტლივ უბერავდა, არც ჩერდებოდა და არც სუსტდებოდა. როცა თოვდა, მაშინაც ძლიერად უბერავდა და კლდეზე დადებულ თოვლს წამიერად ყინულად აქცევდა. ჩვენი თოკებიც გაყინული და გახევებული იყო. თითოეული მეტრის დაძლევა უდიდეს ძალისხმევას ითხოვდა, დიდი დრო მიჰქონდა, ყინულის კედელი კი, არა და არ მთავრდებოდა. ჩვენ მაინც ზემოთ და ზემოთ მივიწევდით...


მესამე დღეს თემო პირველ ბანაკში დავტოვეთ, ჩვენ ზემოთ დავბანაკდით კედლის კარვით. ახლა უკვე კედლის შუა წელში გვეძინა, ჰაერში ნახევრად გადმოკიდებულ კარავში. წინ კიდევ დიდი გზა გვქონდა. წინ იყო ურთულესი მონაკვეთები. კლდის ე.წ. „უარყოფითი ნაწილი“ - პირქვე შეზნექილი კლდის მონაკვეთი - ჯერ კიდევ დასაძლევი იყო. როცა ამგვარ ადგილას ხარ და სივრცეს უმზერ, ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს მთლიანად ჰაერში ხარ გამოკიდებული. იყურები და ხედავ ძალიან, ძალიან დიდ, უსასრულო სივრცეს შენს ქვემოთ, შენს ირგვლივ განფენილს და იმავდროულად ფრინველთა გადაფრენას ადევნებ თვალს და ფიქრობ: ეს მირაჟია თუ რეალობა? სწორედ ამ დროს გიტაცებს ფიქრები: ნამდვილად ეს არის ის, რისკენაც ვისწრაფვი? რა არის ეს, მხოლოდ ახირება და ხიფათის განცდის წადილი თუ რაღაც უფრო მეტი? იქნებ სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე ყოფნის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი სურვილი? ანდა, იქნებ სამყაროს წინაშე პირისპირ დარჩენის, მისთვის თვალებში უშიშრად ჩახედვის, თვალის თვალში გაყრის ერთგვარი წადილი? ნეტავ შევძლებ კი ოდესმე ბოლომდე ჩავწვდე ამას? არვიცი. ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ჩემში დალექილი ეს შეგრძნებები ოდესმე მაინც უთუოდ გახდება უფრო სახიერი, ხელშესახები და ამოსაცნობი.

მწვერვალზე გასვლის წინა ღამეს ძლიერი ქარი ამოვარდა, ჩამოკიდებულ კარავს ძლიერად აქანავებდა და მასთან ერთად, უსაყრდენობის განცდას აასმაგებდა. საჭმელი გვითავდებოდა, მხოლოდ თითო ლუკმა გვქონდა დარჩენილი დილისთვის, არც წინა დღეეებში დავნაყრებულვართ წესიერად. ყველისა და ხორცის ძალიან თხელ ნაჭრებს ვინაწილებდით. უკვე გაზიც გვითავდებოდა და სულ მალე თოვლის გადნობასა და წყლის დალევასაც ვეღარ შევძლებდით. ფიზიკური ენერგიაც თითქმის ამოწურული გვქონდა. იმ ღამით როგორ გადავურჩით ქარს, არვიცი. ღონემიხდილებს ჩაგვეძინა. დილით თვალები რომ გავახილეთ, კვლავ ძლიერი ქარის ხმა გავიგონეთ. რთული იყო საძილე ტომრიდან გამოძრომა, ბოლო ძალების მოკრება და მწვერვალისკენ წასვლა. ჩანთები უენერგიო მოძრაობებით ჩავალაგეთ. კედლის ბოლომდე თოკები უკვე გვეკიდა. ეს იმას ნიშნავდა, რომ მთავარი ტექნიკური სირთულეები დაძლეული იყო. დარჩენილი იყო კლდის სახურავი, რომელიც ასევე მთლიანად ჩაყინული იყო. კედლის სითეთრე და გაყინული უძრაობა დამთრგუნველად მოქმედებდა. უჭმელობისგან მცირე ენერგიაღა გვქონდა დარჩენილი. ვეღარც ვთბებოდით. ძვალსა და რბილში გაგვიჯდა სიცივე. მაინც შემართებით დავიძარით მწვერვალისკენ. კედელი ავიარეთ და სახურავს შევუყევით. ნელა მივდიოდით. უკვე დაღლილები კი არა, გადაქანცულები ვიყავით. ვგრძნობდი, რაღაც მომენტებში თავბრუ მეხვეოდა, თავს ძალას ვატანდი, რომ ორიენტაცია და გონების სიცხადე შემენარჩუნებინა, რათა რაიმე გამოუსწორებელი შეცდომა არ დამეშვა. სწორედ ასეთ მომენტებში ეცნობი საკუთარ თავს, გამოცდას უწყობ და მობილიზაციის უნარის გამომუშავებას ახდენ. სავარაუდოდ, ზურაც ასე იყო, მაგრამ თავი მშვიდად ეჭირა, თითქოს არც შიოდა და არც სციოდა. თითქოს დარწმუნებული იყო, რომ ნამდვილად ხელგვეწიფებოდა ის, რაც მიზნად დავისახეთ. გადამდებია ასეთი შემართება, სულის ასეთი სიძლიერე. ეს მხნეობას მმატებდა და კონცენტრირებაში მეხმარებოდა. ამისთვის ზურას მადლიერი ვარ.

მზე ჩასვლას იწყებდა, როცა მწვერვალს მივაღწიეთ. ძირითადი მიზანი უკვე მიღწეული იყო, თუმცა სიხარულისთვის დრო არ გვრჩებოდა. მალე დაბნელდებოდა, ჩვენ კი მთელი გზა გვქონდა უკან გასავლელი. უკან დაბრუნება არანაკლებ რთული და ხიფათიანი იყო. კლდიდან ქვემოთ თოკებით სასწრაფოდ უნდა დავშვებულიყავით. გადაღლილობისას გაცილებით იზრდება შეცდომის რისკი. დაშვებისას ბევრს მოსდის ხოლმე შეცდომა. არაერთხელ დამთავრებულა წარმატებული ასვლა ფატალურად. სახურავზე რომ დავეშვით, უკვე ბნელოდა. კედელზე დაშვება ფანრის შუქებით გავაგრძელეთ. შორიდან ალბათ ლამაზი და მისტიკური სანახაობა იქნებოდა კედელზე მოციმციმე შუქები, უკაცრიელ, ცივ და ბნელ სივრცეში მოციმციმე სიცოცხლე.

მთელი ღამე ვეშვებოდით და ბოლოს, როგორც იქნა მივაღწიეთ პირველ ბანაკამდე. კარავში თემო დაგვხვდა. ერთმანეთის დანახვა ძალიან გაგვიხარდა. ისიც ჩვენსავით ნაშიმშილები იყო. საკვები საერთოდ აღარ ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ დიდად აღარ გვანაღვლებდა. სოფლამდე მშივრებიც ჩავაღწევდით. მეორე დღეს თემოს ბალონით წყალი ავადუღეთ და ცხელი ჩაი დავლიეთ. ამან საკმარისი ძალა მოგვცა, ბანაკი აგვეშალა და სოფლამდე ჩავსულიყავით. გზაში სამივეს გველანდებოდა, როგორ გაგვიმასპინძლდებოდნენ არაბულების ოჯახში. არცერთი ოცნების ახდენა ისეთი სანეტარო არ იქნებოდა, როგორიც ეს: ცხელი რძე, ლიზა ბებოს გამომცხვარი პური, სოფლის ყველი და ერბო, სითბო და კეთილი ადამიანების გარემოცვა... შემდეგ შინ დაბრუნება.

იმ წუთებში ალბათ სამივე ერთ რამეზე ვფიქრობდით თავშეკავებული ღიმილით, სამივე ვგრძნობდით: გვიახლოვდებოდა გამარჯვებისა და წარმატების სიხარული!

ბექარ ფაჯიშვილი

22 წლის, მთამსვლელი, სამთო გამყოლი. ილიას უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტი. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში