საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

მოგზაურობა, სადაც საკუთარ თავს პოულობ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

11:52 - 26 თებერვალი 2017 hits 16774

ლაშქრობიდან დაბრუნებულს ერთი აზრი მიტრიალებს ხოლმე თავში - კარგი იყო, მაგრამ ჩამოსვლისთანავე შემდეგ მარშუტზე ვიწყებ ფიქრს. ალბათ უფრო მეტი მინდოდა, რაღაც ისეთი, სირთულეებითა და თავგადასავლებით სავსე, ისეთი გამოწვევები მჭირდებოდა, რომლის გადალახვაც გამიჭირდებოდა.

ჯავახეთზე ვფიქრობ.  მარშუტის დაგვირგვინება დიდი აბული და ლევანის ტბა იქნება. ზამთარში მეგზურის პოვნა მარტივი საქმე არ არის და ამაში კიდევ ერთხელ ვრწმუნდები. ბევრი დაპირების მიუხედავად, მხოლოდ ერთი მთანხმდება.  იმედგაცრუებას უკან ვიტოვებ და წასასვლელად ვემზადები. როგორც ყოველთვის, დროის დინება ნელდება. წუთებს ვითვლი, სანამ გასვლის დრო დგება, მაგრამ საათის ისარი რაღაც ბლანტი და მძიმე მეჩვენება, თითქოს მოძრაობა უჭირს.

ჩემი მეგზური ჯარისკაცია, თან საკმაოდ გამოცდილი. ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ავღანეთიდან. წარმოდგენაც კი მზარავს, როგორი ჯოჯოხეთი აქვს გამოვლილი. ჩემს შეთავაზებაზე - ლაშქრობაში წავსულიყავით, დამთანხმდა. მაშინვე დავმშვიდდი, ტური გადარჩა. ჩემი მეგზურიც მზად არის ყველა განსაცდელისთვის.

ცივა. თბილისიდან ფარავნის მიმართულებით ვიძვრებით. საყდრიონამდე მანქანით მივდივართ, მერე დიდი თოვლის გამო გზა დაკეტილია. ბევრი არ გვივლია, მანქანა წამოგვეწია, რომელიც პატრულს გამოეპარა. გაგვიყოლა. ბურუსი ხედვის არეალს ამცირებს, ცოტაც და ფარავანს გავცდებით.

სოფელ ტამბოვკაში პირველივე ოჯახი ყავაზე გვეპატიჟება. როცა იგებენ სად მივდივართ, მაშინვე გვაფრთხილებენ, წინ რა სირთულეებიც გველის.

გზას ვაგრძელებთ. ვინც გვხედავს, გაოცებული გვიყურებს, თითქოს ტურისტები პირველად ნახეს. არადა, ტურისტები არც ვართ. სოფლის ბოლოს კიდევ ერთი კაცი გვხვდება. ისიც, სხვების მსგავსად ყველაფერს გვეკითხება. როცა იგებს სად მივდივართ, თავისთან გვეპატიჟება: უკვე გვიანია, დღეს დარჩით და გზა ხვალ გააგრძელეთო. საღამოს ხუთი საათია. ერთი საათი გვაქვს დარჩენილი მუხლებამდე თოვლში სასიარულოდ. წასვლას დარჩენას ვამჯობინებთ და მიპატიჟებას ვთანხმდებით. ივანეს საოცრად თბილი და მყუდრო სახლი აქვს. მარტო ცხოვრობს. ტამბოვკის სკოლის მათემატიკის მასწავლებელია. 12 მოსწავლე ჰყავს. ისე გვმასპინძლობს, როგორც დიდი ხნის მეგობრებს. გვირჩევს, მთაზე ასვლა გადავიფიქროთ, მაგრამ მალევე ხვდება, რომ განზრახვას ვერ შეგვაცვლევინებს. შარვლის ტოტებს ვიშრობთ და ვიძინებთ. დილის ექვსზე უნდა ავდგეთ.

ივანე გვაღვიძებს: „я же говорил, вот вы меня не поверили, иди покажу, иди, иди, вот посмотри!" (ხომ გეუბნებოდით, თქვენ კი არ დამიჯერეთ, მოდი, მოდი, გაჩვენებ, აი, უყურე) და კარისკენ მიდის. მეც მივყვები. სახლს დაბალი, განიერი, მძიმე, სქელი ხის  კარი აქვს დიდი საკეტებით. მასპინძელი კარს აღებს და ისევ აგრძელებს საუბარს - „вооот, вот сам смотри, ребята, а вы меня не верите, там туман и сильный ветер“ (აი, აი, თავად შეხედე. ბიჭებო, თქვენ კი არ მიჯერებდით, იქ ნისლი და ძლიერი ქარია).

გავშეშდი... ვუყურებ  ქარბუქს, რომელიც კარს ქაღალდივით აფრიალებს და სახლს ანარცხებს. თოვლს, როგორც მტვერს წრეზე ატრიალებს და აქეთ-იქით ფანტავს. ასეთი რამ ანიმაციებში მაქვს ნანახი.

მაშინ ვხვდები, ეს ის მარშუტია, რაზეც ვოცნებობდი. ვუყურებ და შიშის ნაცვლად სიხარულით ვივსები. ივანე კი აგრძელებს საუბარს, რომელიც აღარ მესმის. ვუღიმი და მარტივად ვეუბნები - „ничего особенного, просто сильный ветер. мы уже привыкли" (არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ, ძლიერი ქარია, უკვე მივეჩვიეთ). შემომხედა. აღარაფერი უთქვამს. დავემშვიდობეთ და გარეთ გავედით.

ქარი გასვლისას ხელთათმანს მტაცებს და წამებში აქრობს თოვლის ფარდაში. ხელზე წინდებს ვიცვამ და გზას ვაგრძელებთ. არაფერი ჩანს, ძლიერი ქარია და ნისლი. წინ ვერ ვიყურებით, თოვლი სახეში გვეყრება. ქარის საპირისპიროდ ნელი ტემპით მივიწევთ, მხოლოდ ფეხებს ვხედავთ და ისიც თოვლში ჩაფლულს. შაორის ციხის მიმართულებით მივდივართ. უფრო სწორედ, იმედი გვაქვს, რომ იმ მიმართულებით მივდივართ. მთას უნდა შემოვუაროთ და გზა ლევანის ტბისკენ განვაგრძოთ. ქარს აშკარად არ უხარია ჩვენი დანახვა, გაჩერებას არ აპირებს. წყალი ორ საათში გვეყინება, დალევასაც ვერ ვასწრებთ. მთელი გზა გაყინული ბოთლის ტარება გვიწევს. აქ სანაგვე ყუთის მსგავსი არაფერია.

რამდენიმე კილომეტრის გავლა დიდ ქვებში გვიწევს. ფეხი ხშირად გვივარდება, ქვები თოვლით არის დაფარული და არ ჩანს. ქარბუქი ისევ ხელს გვიშლის. როგორც იქნა, ქვიან ადგილს თავს ვაღწევთ. ქარიც იკლებს. ცოტა ხნით მზეც ჩნდება. ჩვენგან მარცხენა მხარეს დიდი აბული ჩანს. ეს იმას ნიშნავს, რომ გზა აგვერია. მთა, რომლისთვისაც უნდა შემოგვევლო დიდი ხანია უკან მოვიტოვეთ. მარშუტს სასწრაფოდ ვცვლით და დიდი აბულისკენ ვიძვრებით. ქარი ისევ ძლიერდება, ნისლმაც იმატა, კვლავ არაფერი ჩანს. ჯოხებს თოვლში ვარჭობთ, პანჩოს ვჭიმავთ, ჩანთებს ვეფარებით და ვცდილობთ, გამოვიყენოთ GPS-ი, რომელიც გაყინული გვხვდება. მცდელობის მიუხედავად, ვერ ვიყენებთ.

ცოტა წავიხემსეთ. შემართებას არ ვკარგავთ. ორივეს ერთი მოტივი გვამოძრავებს. ვიცით, რომ ტბას ვნახავთ, რა იქნება და როგორ, არ გვაინტერესებს. ამინდი უარესდება. აზრი აღარ აქვს დიდ აბულზე ასვლას, მხედველობის არეალი უფრო იკლებს. გადავწყვიტეთ, ლევანის ტბისკენ წავიდეთ. დიდხანს ვიარეთ. უკან ვიყურები და ვხედავ, როგორ ძლიერად, მყარად მოაბიჯებს მეგზური.

უღელტეხილს მივადექით. მხედველობის გაუმჯობესებაზე ფიქრს შევეშვი. ირგვლივ გაუვალი კლდეებია. მარჯვენა მხარეს ერთი გასასვლელია. ვიცი, სხვა მიმართულებაა. იქით წასვლა არ მინდა, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. მივყევით. გორას ამოვეფარეთ, GPS გავათბეთ და რამდენიმე წამით ჩართვა შევძელით. ვხედავთ პირველივე ტბას, რომელსაც ლევანის ტბის ფორმა ჰქონდა და ჩვენგან 8 კილომეტრშია. სვლას სწრაფად ვაგრძელებთ და ტბაც მელევე ჩნდება. ორივეს გვიხარია. ერთი სული გვაქვს, კარავი გავშალოთ. ტბას ვუახლოვდებით. მთიდან ვიხედები, მერე ირაკლის ვუყურებ, მომღიმარი სახე აქვს - „მაგრები ვართ“, - მეუბნება. ჯერ თავს ვიკავებ და ბოლოს ვეუბნები - „ეს ის ტბა არ არის, გზა შეგვეშალა...“ იმედგაცრუებას ვგრძნობთ, მაგრამ სწრაფად ვშლით კარავს და ტბასთან მივდივართ წყლის ასავსებად. ვფიქრობ, ძლივს წყალს დავლევთ მეთქი. ტბა ნახევარ მეტრზე მეტ სიღრმეზე გაყინულია. ყინულის ნატეხები კარავთან მოგვაქვს, ვადნობთ და ჯამში ორ ლიტრამდე წყალი გვიგროვდება. ცხელ საკვებს მივირთმევთ, ჩაის ვსვამთ და დასაძინებლად ვემზადებით.

ქარი ამოვარდა და ყველაფერი იყინება. გაყინულ კარავს საშინელი ხმა აქვს, რაღაცის ან ვიღაცის ფეხის ხმას ჰგავს. GPS ჩაირთო და ვნახეთ უღელტეხილი, რომლის გადავლაც შეუძლებელი გვეგონა, ქოროღლი ყოფილა. ტბას გვერდი ავუარეთ, იქვე ვყოფილვართ. ახლა ჩვენგან 10 კილომეტრის მოშორებითაა. დილით წასვლა გადავწყვიტეთ. ქარბუქი არ გვასვენებს, უფრო ძლიერდება. ნამქერი ჩვენს კარავზე ეყრება. ყოველ 10 წუთში კარავს შიგნიდან ვაწვებით, რომ თოვლი გადავყაროთ. ამინდი გამოსწორებას არ აპირებს. კარავი იყინება, შიგნით ყინულები ცვივა. ყველაფერი თოვლით ივსება. ცოტა გვცივა, მაგრამ ტბაზე ფიქრი გვათბობს.

თენდება... ჩანთებს კარვის შიგნით ვალაგებთ. გარეთ გამოვდივარ კარვის ასაკეცად. ქარი პანჩოს მაცლის და წამებში აქრობს. უკვე მეორედ მპარავს ქარი ნივთს. 15-20 წუთი კარვის ჯოხების გამოღებას ვცდილობთ. სიცივეში თითები გვეყინება. ჯოხებს ჩანთაზე ვამაგრებ და კარავში ვძვრები. გაყინულ თითებს HotHand-ის პაკეტებით ვითბობთ. 40 წუთი ველით ამინდის გამოსწორებას და ვხვდებით, გამოდარებას არ აპირებს. ორივე ვგრძნობთ, ლევანის ტბისკენ ვერ ვივლით, მაგრამ თქმა არცერთს არ გვინდა. ბოლოს, ჩანთებს ვიკიდებთ, კარავს ხელზე ვიხვევთ და სოფლისკენ მოვდივართ.

უხარია ივანეს ჩვენი დანახვა, რამდენჯერმე დაურეკავს კიდეც. ცოტა ხნით სახლში ვჩერდებით, ყავას ვსვამთ და გზას ბარგის გარეშე შაორის ციხისკენ ვაგრძელებთ. ამინდი ისევ ისეთია: ქარი, ნისლი, თოვლი. ვიცით, რომ მთის წინ ვდგავართ, მაგრამ მთას ვერ ვხედავთ. არც აქ გაგვიმართლა. ერთი საათი ვეძებთ მისასვლელ გზას,  მგელსაც გადავეყარეთ. შორიდან გვიყურებს და მალევე ქრება, როგორც ჩემი ხელთათანი და პანჩო.

უკან გაყინული ფარავნის გავლით ვბრუნდებით. სახლში მალევე მოვწესრიგდით და ივანესთან ერთად სუფრას მივუსხედით. ცოტას ვსვამთ, დაშბაშის კანიონი გვაქვს გეგმაში, მაგრამ არაფერს ვამბობთ. გვეშინია, ესეც არ ჩაგვეშალოს.

თენდება. ვემშვიდობებით ჩვენ მასპინძელს და ასფარიში გადავდივართ, სადაც მგელმა ცოტა შეგვაშინა. გაყინულ ფარავანს ვკვეთთ და ფოკაში ჩავდივართ, სანთლებს ვანთებთ და დაშბაშისკენ ვიძვრებით. დაშბაშის კანიონში სწრაფად ჩავდივართ. ღამდება კიდეც. თბილისში ტრაილერით ვბრუნდებით.

მართალია, ლევანის ტბა ვერ ვნახეთ, ვერც დიდ აბულზე ავედით და ვერც შაორის ციხეზე, მაგრამ ეს ის ლაშქრობა იყო, რომელსაც ვეძებდი და ვიპოვე კიდეც.

ლაშა ღლონტი

მოგზაური, სათავგადასავლო ტურიზმის სკოლის სტუდენტი, საფეხმავლო გამყოლი მაღალმთიან რეგიონებში. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში