საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

ციხისსოფელი - „ახალი საქართველო“ შუა საუკუნეების ყოფით

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:28 - 12 ნოემბერი 2012 hits 8062

ტრანსპორტის ერთადერთი „სახეობა“, ამ სოფლამდე რომ აღწევს, ცხენი და სახედარია. აქაურები ფეხით გადიან ცენტრალური გზიდან 6-7 კილომეტს, ბარგს ცხენით, ვირით ან სულაც ზურგით ეზიდებიან.

აქ დღემდე არ არის ელექტროენეგია (მზის ბატარეებით განათებული პაწაწინა ნათურა დღისითაც სუსტად ბჟუტავს), მიწას ისევ ხარებით ხნავენ, ოჯახის სამყოფი კარტოფილი და ლობიო რომ მოიყვანონ. ცხადია, არ არის სკოლა და საბავშვო ბაღი. აქ არასოდეს არავინ ყოფილა წინასაარჩევნოდ. ხანდახან თემის გამგებელი თუ აკითხავთ, ეს არის და ეს.
ციხისსოფელი ანანურის თემის ყველაზე მაღლა მდებარე სოფელია დგნალის ხეობაში. ის ლომისის ქედზე და შესაბამისად, დე ფაქტო საზღვართან ახლოს მდებარეობს. ზოგიერთ ცნობარში ციხისსოფელი ცალკე სოფლად აღარც არის დატანილი.

ანანურიდან რამდენიმე კილომეტრში, ცივწყაროსთან, არაგვს მდინარე დგნალის ხევი უერთდება. გზიდან სოფელ დგნალამდე 2 კილომეტრია. ხეობაში სამი სოფელია, თუმცა „სოფელი“ ამ შემთხვევაში ძალიან პირობითი ცნებაა.

დგნალი ყველაზე მრავალრიცხოვანია, აქ 30-მდე კომლი ცხოვრობს. ზამთარში, როგორც ამბობენ, ლამის ნახევარი რჩება, ძირითადად მოხუცები.

გაღმა ადრიანში 2 კომლია - სამი ძმა ნარიმანიძეები თავიანთი ოჯახებით.

დგნალში 10-მდე ოჯახი იმიტომ აიყარა, რომ დაწყებითი სკოლაც აღარ არის. ზოგი ქვემოთ, ცივწყაროში ჩასახლდა, ზოგი ციხისძირში, ზოგიც ქალაქს წავიდაო, გვითხრეს...

„ჩემს ოჯახს ბოლო დროს დახმარება მოუხსნეს, - ჩივის მაგდანი (ეთერ) ბუქური - არადა, პენსიონერი ცოლ-ქმარი ვართ და ინვალიდი შვილი გვყავს. იმდენი ძალაც აღარ გვაქვს, საქონელს მივხედოთ“.
გაჭირვებული ბევრია სოფელში. ჩვენც სოციალური სამსახურიდან ვეგონეთ და გვთხოვდნენ, ყველა ოჯახი გვენახა.

„როგორ ვართ? გაჭირვებით გაგვაქვს თავი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მე და ჩემმა ვაჟებმა ეს სახლიც ვეღარ დავასრულეთ. ბიჭები თბილისში ცხოვრობენ და მეც ზამთარში თბილისში ვარ. თუმცა ჩვენ კიდევ რა გვიჭირს, ზემოთ, ციხისსოფელში გაცილებით წვალობს ხალხი, აქ მანქანა მაინც ამოდისო - გვეუბნება ნუნუ შადური და ჩვენს დაინტერესებას რომ გრძნობს, „თქვენ გზა დაგებნევათო“ და მეგზურობასაც გვთავაზობს: „წამოდით და დაწერეთ, იქნებ ვინმემ უშველოსო“. ქალბატონი ნუნუ თავად მოხევეა, ავსაჯანიშვილი, მაგრამ 40 წელზე მეტია ციხისსოფლელთა რძალია, შადურები იქიდან არიან, თუმცა ნუნუს დედამთილ-მამათილსაც აღარ უცხოვრია ზემოთ, ქალაქში ცხოვრობდნენ, მერე ცხოვრება რომ გაჭირდა, დგნალს დაუბრუნდნენ.

მივუყვებით მთის ბილიკს. მოკლეებით გვასწავლის გზას ნუნუ დეიდა, 4 კილომეტრი ფეხით უნდა ვიაროთ. საბედნიეროდ, კარგი ამინდია.

ციხისსოფელში 4 სახლია, ოთხივე კედლებ და სახურავმორყეული. აქ მუდმივად 3-4 კომლი ცხოვრობს, თუმცა ორ ოჯახში 7-8 კაცია, ერთგან მეტიც, ვაჟები საკუთარი ოჯახებით.

„აბა, თუ იცით ვინმე, ჩვენსავით რომ ცხოვრობდეს“, - ღიმილით გვეკითხება ერთ-ერთი ოჯახის დიასახლისი მარიამ ზაქაიძე-ჭიკაიძე. ლამის 40 წელია ის ციხისსოფელში ცხოვრობს. გიკვირს კიდეც ადამიანს, ამ მძიმე პირობების მიუხედავად ღიმილსა და გახუმრებას რომ ახერხებს, „აბა, რა ვქნა, ვცდილობ, ბიჭებს და რძალს რწმენა და იმედი მივცეო“, - ამბობს დედამთილი.

ჭიკაიძეების ოჯახში ექვსი შვილი იზრდებოდა, ერთი გოგო და ხუთი ბიჭი, გოგო გათხოვილია, ერთი ვაჟი გარდაეცვალა, ერთი შვილი ოჯახით უკრაინაში ცხოვრობს და რამდენი წელია, ვეღარც ჩამოდის. სოფელში სკოლა არ არის და ერთი ვაჟი სანახევროდ თბილისში ცხოვრობს, თუმცა წვალებით ახერხებს ქირის გადახდას.

დედასთან ერთად მამისეულ სახლში არკადი და ქართლოსი ცხოვრობენ. ერთი 18 წლის ვაჟით და მეორე ცოლით. უმცროსი, ქართლოსი ახლა 27 წლისაა, მამა რომ გარდაეცვალა, საკმაოდ პატარა იყო.

ნინო ჩუბინიძე წარმოშობით იმერეთიდან არის, თერჯოლიდან, ცხრა კლასის დასრულების შემდეგ თბილისში წამოვიდა სასწავლებლად ან სამუშაოს საძებნელად. შემთხვევით ტელეფონზე გაიცნო მომავალი მეუღლე, მალე გაყვა კიდეც, ორი წელია ციხისსოფელში ცხოვრობს.

„აქ რომ მოვიდა პირველად და სახლში შემოვიდა, იტირაო“, - ამბობს დედამთილი.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარს დერეფანში სძინავთ. როგორც ამბობენ, ეს ყველაზე უსაფრთხო ადგილია მთელ სახლში, რადგან ოთახებში, არავინ იცის, ჭერი როდის ჩამოიქცევა. „აქედან უფრო იოლად გავასწრებთო“, – ამბობს ნინო.

ერთ ოთახში ისევე წვიმს, როგორც გარეთ (არ შეგეშინდეთო, იმ ოთახში შესვლისას გაგვაფრთხილეს ჩვენც) და ზამთარში ქარი რომ ქრის, ოთახში მიკრული ქაღალდები შიგნითაც ქრიან. შეშის ღუმელი ოდნავ თუ ტეხს სიცივეს.

ახლა ოჯახი მარიამის პენსიით და სოციალურად დაუცველთა შემწეობით ცხოვრობს. ხანდახან ძალიან მიზერული გასამრჯელოს ფასად სხვების საქონელსაც მწყემსავენ.

„ჩემი პენსია 100 ლარია, სტაჟი მაქვს და წესით, მეტი უნდა მქონდეს, მაგრამ ზოგიერთ საბუთში მარიამი ვარ, ზოგან მაშო, ზოგან მაშიკო და ახლა ყველაფრის აღდგენასა და შეცვლას დუშეთში იმდენი სირბილი დასჭირდება, ვერ ვახერხებო. ბიჭები ძალ-ღონით სავსენი არიან, მაგრამ ვერ მუშაობენ. ინტერნატში გაიზარდნენ და არც რაიმე პროფესია აქვთ“, - ამბობს მარიამი.

ერთადერთი ახალი რაც ამ ოჯახშია - მაგთიფიქსის ტელეფონია, აქ მხოლდ მაგთიფიქსი იჭერს. კედელზე კი სათუთად ჩამოუკიდიათ ცელოფანში ჩასმული „ახალი საქართველო“, გამოცემა, რომლითაც აწ უკვე ყოფილმა ხელისუფლებამ აღმშენებლობითა და წარმატებებით მოიწონა თავი.

ამ სოფელში აღმშენებლობას ვინ ჩივის, უგზოობა და უსინათლობა აწუხებთ:

„სამანქანოს ვინ ჩივის, ისეთი გზა მაინც გაკეთდეს, ურიკით რომ შევძლოთო, რამის ამოტანა“, -ამბობენ ჭიკაიძეები. შარშან სოფლის დახმარების პროგრამით მათთან და კიდევ მეორე ოჯახში დამონტაჟდა მზის ბატარიები, მაგრამ აი, დღისითაც როგორ ბჭუტავს ეს ნათურა, ღამით განათებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია“. 

საქართველოს კონსტიტუციით, თითოეულს ადამიანს აქვს უფლება მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

მარიამ ჭიკაიძის ოჯახში ბავშვები ისე გაიზარდნენ, ტელევიზორი არ ენახათ. შოთა ჭიკაიძის ასევე მრავალშვილიან ოჯახში ამ მხრივ ცოტა „უკეთ“ არის საქმე:

„მე და ჩემმა ძმამ, აი, ეს ტელევიზორი გავაკეთეთო“, - გვიჩვენებს ლევანი. მზის ბატარიით განათებულ პატარა ტელევიზორში ბუნდოვნად ჩანან მოკამათე პარალამენტარები. აღარ ჩივიან იმას, რომ მხოლოდ ერთ არხს შეუძლიათ უყურონ, არჩევანი მწირია, ან „რუსთავი 2“-ს უნდა უყურონ, ან თუ ანტენას შეატრიალებენ, საზოგადოებრივს.

ლევან ჭიკაიძე 22 წლისაა, ანანურის სკოლა დაამთავრა, მერე ერთ-ერთი კოლეჯის ჟურნალისტიკის სპეციალობა და სპორტულ გაზეთში მუშაობდა. გაზეთი ცოტა ხნის წინ დაიხურა და ახლა ლევანი უმუშევარია. სპეციალობით მუშაობა აღარ მინდა, ძალიან დაბალი ოყოო ანაზღაურება, ამბობს. რას გააკეთებს, ჯერ არ იცის.

„ამ ოჯახში მამა რომ ჰყავთ, მაინც დიდი ძალაა, ახლა მამა შეშაზეა წასული, შეშის მოტანა რთული არ არის, გარშემო სულ ტყეა“, - ამბობს ჩვენი მეგზური, ნუნუ დეიდა.

ლევანსაც 5 დედმამიშვილი ჰყავს, უფროსი და გათხოვილია, მომდევნო მაიკო 36 წლისაა, მას ჯანმთელობის პრობლემა აქვს, მაგრამ პურის ცხობას და ოჯახის პატრონობას ახერხებს. დედა ქვემოთ ვაჭრობს, ძირითადად ტყის ნობათით. დღეს მას ლევანი უნდა დახვდეს ცხენით, რომ ბარგი, საკვები ამოიტანონ.

ერთი ტომარა ფქვილი 50 ლარია, როცა მთელი ოჯახი აქ არის, ერთ კვირასაც არ ჰყოფნით ტომარა. „აქამდე შემწეობასაც ვიღებდით, ახალხან მოგვიხსნეს. საიდან მოიტანეს, არ ვიცით, მაგრამ რომელიღაც ძმა საკონტრაქტო სამსახურით მუშაობსო, თუმცა არცერთი არ ვყოფილვართ“, – ამბობს ლევანი.
ციხისსოფლელები ძირითადად მესაქონლეობით ირჩენენ თავს, მაგრამ საქონელსაც ხან ნადირი ერჩის, ხან გრიპი თუ ჭირი, „ერთ წელს, ქათმები მთავრობის მითითებით გაწყვიტეს“.

„რამდენიმე წლის წინ 50 ცხვარს ერთად გამოღადრა ყელი ნადირმა. მარიამის შვილი, პატარა გოგო, მყემსად რომ ედგა ფარას, საბედნიეროდ, გადარჩა. მისმა კივილმა შეყარა ორი სოფელი, ის შიშმა კი არ ააკივლა, იმან, ფარის პატრონობა რომ ვერ შეძლო“, - იგონებს ნუნუ შადური.

ამასწინათ საქონელი ქედს გაღმა გადასულიყო და მეორე მხარეს, ოსებს წაეყვანათ, მაგრამ ლევანის დედას ნათესავები ჰყავს იქით და დაბრუნება მოახერხეს.

მოკლედ, ძალიან ჭირს იქით, ციხისსოფელში, თუმცა ჩვენ ცხელი პურით, ყველით და ვაშლით მაინც გაგვიმასპინძლდნენ.

იმ ადამიანების უმეტესობამ, დგნალის ხეობაში რომცხოვრობს, როგორც გვითხრეს, ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცეს, ციხისსოფელში ჭიკაიძეებს ოჯახში დიდი დროშაც აღმოაჩნდათ. „გვჯერა, რომ უკეთესობისკენ შეიცვლებაო ცხოვრება“, - ამბობენ...
მეც მინდა მჯეროდეს...

თინათინ მოსიაშვილი

Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში