საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რატომ თქვა უარი ტარიელ ხარხელაურმა „თიანეთის საპატიო მოქალაქეობაზე“

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

18:52 - 09 ოქტომბერი 2017 hits 47654

პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა „თიანეთის საპატიო მოქალაქის“ წოდებაზე უარი თქვა. ამის მიზეზი პარტია „ქართული ოცნებისთიანეთის მერობის კანდიდატი, ლელა ქიტესაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი გახდა, სადაც მერობის კანდიდატი იმ ადამიანებს, ვინც მის გვერდით არ დგანან, ამორალურებს უწოდებს.

6 ოქტომბერს, ლელა ქიტესაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა: „სწორედ რომ საპატიო და ღირსეული თიანელები და თიანეთის მოყვარული ადამიანები დგანან ჩვენს გვერდით... ამორალურები, მოღალატეები, თანამდებობით დაუკმაყოფილებლები და სამარცხვინო წარსულის ადამიანები იქით, ჩვენგან შორს!!!“

ამ სტატუსის საპასუხოდ, ტარიელ ხარხელაურის ფეისბუქ გვერდზე იმ წერილის ნაწყვეტი გამოქვეყნდა, რომელიც პოეტმა ლელა ქიტესაშვილს გაუგზავნა და „თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდებაზე“ უარი თქვა:

„ქალბატონო ლელა, შეიძლება სრულიად დამსახურებულად და შეიძლება არა, მეკუთვნოდეს თიანეთის საპატიო მოქალაქეობა, მაგრამ მიუხედავად ამისა, უარს ვამბობ თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდებაზე! არ მინდა და არც მაქვს სურვილი თავი ვინმესგან დავალებულად ვიგრძნო, ან მავანმა და მავანმა ესეც თქვენ წინააღმდეგ გამოიყენოს, ვინაიდან,- მე თქვენს გვერდით არ ვდგავარ!

მე ჩემი რაიონი და ჩემი უბრალო ხალხის სიყვარული მეტად მიღირს, ვიდრე საკუთარი თავისა და ჩემი ოჯახის რაიმე სახით უზრუნველყოფა. ვინც მიცნობს, კარგად იცის, რომ ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე არასოდეს მიცხოვრია ჩემს ხალხზე უკეთესად, არასოდეს მიმიჩნევია თავი სხვაზე აღმატებულად.

აქვე ღრმა პატივისცემას გამოვხატავ ჩემთვის მართლაც რომ ღირსეული საპატიო თიანელების მიმართ, რომელთაგან აბსოლუტურად ყველა ,- „არასაპატიო“ თიანელის სწორად მიყვარს. „მადლიერების განცდითა“ და პატივისცემით აწ უკვე ყოფილი „თიანეთის საპატიო მოქალაქე“ ტარიელ ხარხელაური“.

Mtisambebi.ge-სთან საუბარში ტარიელ ხარხელაური აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნებიდან“ თიანეთის მერობის კანდიდატის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება როგორც თიანელების, ასევე პირად შეურაცხყოფად მიიღო, სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული ადამიანი კი ასე არ უნდა ჰყოფდეს საზოგადოებას:

არ შეიძლება ასე დაყო ხალხი - ვინც მხარს მიჭერს ის პატიოსანი და გამოჩენილია, ვინც არა - უზნეოა. სამართლიანად მიმაჩნია, რომ უარი ვთქვი საპატიო თიანელის წოდებაზე. ეს უნდა გამეკეთებინა, ჩემი პოზიცია უნდა დამეფიქსირებინა, სიგელსა და ჯიდლოსაც უკან ვაბრუნებ!“

პოეტის თქმით, ადამიანები, რომლებიც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, 10-15 წლის წინანდელ პერიოდში არიან ჩარჩენილნი, ფერი მხოლოდ გარეგნულად იცვალეს, მენტალიტეტი კი იგივე დარჩათ.

„პოლიტიკაში აქტიურად არ ვარ ჩაბმული, ჩემს სათქმელს ჩემი შემოქმედებით გამოვხატავ. ჩემთვის ჩემს ქვეყანაზე მაღლა არავინ არ დგას. ჩემთვის არ არსებობს ის მხარე და ეს მხარე, ჩემთვის ყველა ერთი მხარეა. თიანელი ვარ, აქ დავიბადე და ამით ვამაყობ. კი, გამიხარდა, საპატიო მოქალაქის წოდება რომ მომანიჭეს, მაგრამ არაა სასიამოვნო იმის გაცნობიერება, რომ შესაძლოა ამ მიზნისთვის სჭირდებოდათ“, - განმარტავს ტარიელ ხარხელაური.

პოეტ ტარიელ ხარხელაურს თიანეთის საპატიო მოქალაქის წოდება 2015 წლის აგვისტოში მიანიჭეს. მისთვის გადაცემულ სიგელს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ამჟამად „ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატი ლელა ქიტესაშვილი აწერს ხელს.

Mtisambebi.ge არაერთი მცდელობის მიუხედავად ლელა ქიტესაშვილს ვერ დაუკავშირდა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში