საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ვინ არიან ყაზბეგში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილები

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

23:50 - 06 ივნისი 2019 hits 9542

ილიკო ბაიდაშვილი - მფრინავი, კოტე საცერაძე - გიდი და თორნიკე ოსიაშვილი - სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგის“ თანამშრომელი - სამივე მათგანი ყაზბეგში, 6 ივნისს, დილით, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

45 წლის ილიკო ბაიდაშვილი 2012 წლამდე თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა, შეიარაღებული ძალების სახმელეთო–საჰაერო ძალების სარდლობის მთავარი შტაბის თანამშრომელი და სამხედრო მფრინავი იყო. მფრინავის კურსი ამერიკაში ჰქონდა გავლილი. მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

27 წლის კოტე საცერაძე რუსთავში ცხოვრობდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ილიას უნივერსიტეტში, ტურიზმის სპეციალობაზე სწავლობდა. მუშაობდა გიდად სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგში“. კოტე საცერაძე დასაოჯახებელი იყო. მას ძმა და მშობლები დარჩა.

25 წლის თორნიკე ოსიაშვილი სასტუმრო „რუმს ჰოტელ ყაზბეგში“ მუშაობდა შვეიცარად. მისი რეგისტრაციის ადგილი ლილოს დასახლებაა.

ყაზბეგში ვერტმფრენმა კატასტროფა 6 ივნისს, დილით, აფრენიდან რამდენიმე წუთში განიცადა. შვეულმფრენი სოფელ აჩხოტში მდებარე ანგარიდან გამოიყვანეს და დაბა სტეფანწმინდაში, სასტუმრო "რუმს ჰოტელ ყაზბეგში" მიფრინავდა ტურისტების ასაყვანად. ვერტმფრენი ყუროს მთასთან ახლოს, სტეფანწმინდის შესასვლელში, ყანების ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას ჩამოვარდა. ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარის თვითმხილველი, მწყემსი რეზო ფიცხელაური ამბობს, რომ დაინახა ვერტმფრენი როგორ ჩამოვარდა. მას არ შეუნიშნავს, რომ შვეულმფრენს ცეცხლი ეკიდა ან რამეს გამოედო.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით, BELL-505 ტიპის, ამერიკულ-კანადური წარმოების მსუბუქი ხუთადგილიანი (ერთი პილოტი, ოთხი მგზავრი) ვერტმფრენი 2018 წელს არის გამოშვებული, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 2018 წლის 15 ივნისს არის დარეგისტრირებული და ავიაკომპანია „ავიატორი +“-ის ექსპლუატაციაში იყო. კომპანიის ინფორმაციით, ვერტმფრენმა ტექნიკური შემოწმება 22 მაისს გაიარა.

კატასტროფის მიზეზი ჯერ უცნობია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი მაღალი ძაბვის ხაზებს წამოედო. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ქსელზე საფრენი აპარატის შეხება გამორიცხა იმ მიზეზით, რომ გამანაწილებელ ქსელში, გუდაური ყაზბეგის მიმართულებით, 6 ივნისს ავარიული გათიშვა არ მომხდარა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო. გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით, ყაზბეგის ინციდენტი 2019 წელს მესამეა Bell 505 ტიპის ვერტმფრენისთვის. პირველი ინციდენტი 2019 წლის თებერვალში, იაპონიაში მოხდა. ვერტმფრენი გამოცდის დროს დაზიანდა და ავარიულად დაუშვეს სენდაის აეროპორტში. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. 2019 წლის მარტში კი კენიაში ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. ბორტზე ხუთი ადამიანი იმყოფებოდა და ყველა დაიღუპა. კატასტროფა პილოტის შეცდომით ახსნეს.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში