საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშებმა მთავრობას სამი დღე მისცეს - თუ ვერაფერს იზამთ, გზას თვითონ გავხსნით

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:04 - 04 ივნისი 2019 hits 17016

„სამ დღეს ვაძლევთ ხელისუფლებას, თუ დაიწყებენ მუშაობას დაგუბებული წყლის გასაშვებად, არადა, ჩვენი ძალებით, სათუშო მივდივართ და როგორც და რა ფორმითაც შევძლებთ, თვითონ ვეცდებით გზის გახსნას. საშიში კი არის, მაგრამ, რა გავაკეთოთ, სხვა გამოსავალს აღარ გვიტოვებენ“, - დღეს, 4 ივნისს, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში შეკრებილი თუშების მოთხოვნა, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს და მედიას, სასტუმრო „თუშეთის“ ერთ-ერთმა მეპატრონემ, სოსო ბაბულაიძემ გააცნო.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, სოფელ ხისოსთან, იქ, სადაც სამი წლის წინ, დიდი რაოდენობით კლდოვანი მასა ჩამოწვა და მდინარის კალაპოტი ჩახერგა, წყალს გზის 600 მეტრიანი მონაკვეთი მთლიანად აქვს დაფარული. სამანქანო გზაზე წყლის სიმაღლე ჯერჯერობით ერთ მეტრს აღწევს. წყლის დასაცლელად სამუშაოების დაწყება რაც უფრო გვიანდება, დატბორილი ტერიტორია მითუფრო ფართოვდება. ტბაში ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება. ზოგიერთმა მესაქონლემ გარისკა და საქონელი წყალში გაატარა. რამდენიმე მათგანი დაზარალდა კიდეც.

თუშეთის გზის გახსნა იყო ალვანში შეკრებილი თუშების მთავარი მოთხოვნა, რომლებიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას და მათგან სამოქმედო გეგმის გაცნობასაც ითხოვდნენ. უცნობია, გზების დეპარტამენტს საერთოდ აქვს თუ არა თუშეთის გზის პრობლემურ მონაკვეთზე რეაგირების გეგმა. დეპარტამენტიდან აქციის მონაწილე თუშებს არავინ შეხვდა. ადგილზე კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, ახმეტის მერი სოსო ქარუმაშვილი და მისი მოადგილე მივიდნენ.

„ერთი საათის წინ გავიგე ამ აქციის შესახებ, ყვარელში ვიყავი და იქიდან წამოვედი თქვენთან შესახვედრად. ველაპარაკე გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი წერეთელს, ვინც თუშეთის გზის საკითხებს უწევს კოორდინაციას. კაცმა მითხრა ზუგდიდში ვარ და ვერ ჩამოვალო“, - განაცხადა გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველმა.

„ზუგდიდში რა უნდა, პრობლემა აქ არის. გუშინვე ხომ იცოდნენ, რომ დღეს ვიკრიბებოდით“; „ან თქვენ რატომ გაიგეთ ერთი საათის წინ, სამი დღეა ინტერნეტში დევს ინფორმაცია, რომ აქციას ვგეგმავდით, პრესამაც გაავრცელა“, - მიმართეს აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს.

გუბერნატორის მოადგილე - პირველი საკითხი იყო, რომ ცხვარი არ შეგვეფერხებინა. სახელმწიფომ გააკეთა ყველაფერი, რომ ცხვარი გადასულიყო, 56 კილომეტრი გზა გაიწმინდა.

აქციის მონაწილე - ცხვრის გადასვლას ნუ იბრალებთ, გზა საერთოდ არ იყო და ცხვარი ისედაც გადადიოდა. აქ მთავარია საქონელი და ტრანსპორტი რომ გავიდეს.

გუბერნატორის მოადგილე - დღეს საქონელი ჩადის ხომ ტბაბდე. ტბასთან არის დატბორილი გზა, რომლის გადაწყვეტასაც ხვალ საღამოს მიიღებს საგზაო დეპარტამენტი. მისცემს დავალებას თავის კონტრაქტორ კომპანიებს და ზეგიდან დაიწყება სამუშაოები.

აქციის მონაწილე - ეს არის ტყუილი.

ერთი კვირაა, შეიძლებოდა ტბასთან მძიმე ტექნიკის მიყვანა და სამუშაოების დაწყება, მაგრამ არავინ გატოკდა, დაწყებული ლადოდან (თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელი ლადო კახოიძე) დამთავრებული სამინისტრომდე. მწყემსები უღელტეხილს რომ გადადიოდნენ, მერე ყელამდე წყალში უწევდათ სიარული. იმას გული დაარტყამდა თუ მოკვდებოდა, ყველას ფეხებზე ეკიდა. ფეხებზე ეკიდათ, კაციშვილი არ ყოფილა იქ.

აქციის მონაწილე - ვერავინ ვერაფერს კონკრეტულს ვერ გვეუბნება, გზა როდის იქნება. უარს ვეუბნებით ტურისტულ სააგენტოებს, ჯავშნები გავაუქმეთ. საქონელი ვერ გადაგვყავს. ეგაა ჩვენი შემოსავალი, საქონელი და ტურიზმი, მეტი არაფერი. სეზონი ჩავარდნის საფრთხის წინაშეა. იმ ტბასთან არაფერი ხდება, არავინ მუშაობს. შარშანაც, წყალი კი დაწიეს და გახსნეს, მაგრამ ვერ მოაგვარეს ეს პრობლემა, ისე გაუშვან წყალი, რომ აღარ დაგუბდეს და გზა აღარ დაფაროს. გასულ წელს ერთი კვირა რომ ჩაიკეტა, აღარ ამოვიდნენ ტურისტები, არასაიმედოაო გზა. რომ ამოვიდეთ და მანდ ჩავრჩეთ, არ გვაწყობსო. ახლა, გახსნა კი არის მთავარი, მაგრამ გზა საიმედო უნდა იყოს.

აქციის მონაწილე - ის ტბა დაიწევს და მორჩა, მერე ამთავრებენ. შემოდგომაზე, როცა წყლის დონე დაწეულია, ისე გააფართოვონ კალაპოტი, რომ აღარ დაგუბდეს, მომდევნო წლის ზაფხულში პრობლემა რომ აღარ შექმნას. ერთი გაიხსნას გზა და გავიდეს მანქანები, მერე რა იქნება, აღარ აინტერესებთ. რომ ჩაიკეტება, მერე ცდილობენ ისევ პრობლემის მოგვარებას.

აქციის მონაწილე - ჩვენი შვილები რომ გადადიან და გადმოდიან იმ ტბაზე,

ვიდრე ვინმეს არ შეიწირავს, არ გატოკდებით, არა? შარშანაც ასე მოხდა ზუსტად, ადამიანი რომ დაიხრჩო, მერე გატოკდა ყველა. თქვენი შვილები სხედან და ჩვენი შვილები იმ წყალში გადადიან და გადმოდიან. აღარ არის აქ საქონელზე ლაპარაკი, ადამიანებზე ვსაუბრობ.

ყოველ წელს გეოლოგები დაჰყავთ, სამი წელია უკვე, მაგრამ ამათი გაკეთებული ვერაფერი ვნახე.

კახეთის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველმა რამდენჯერმე გაუსვა ხაზი თუშეთის გზაზე, მდინარე სტორის ხეობაში 10 მაისს მომხდარ სტიქიას, როცა ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა ხევებმა და მდინარე ალაზანმა გზის რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა, სოფელ ლეჩურთან კი 150 მეტრამდე მთლიანად წაიღო: „ჩვენ ეს გზა რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინეთ. ეს სტიქია რომ არა, შესაძლოა, თუშეთის მიმართულებით მოძრაობა უკვე ყოფილიყო“.

თუშების სათემო საბჭოს წარმომადგენლის ირაკლი უჯირაულის თქმით, ხელისუფლება სტიქიის მოშველიებას ცდილობს თავის გასამართლებლად: „სტიქია მოხდა სტორის ხეობაში, აბანოს უღელტეხილს აქეთ, ტბა არის უღელტეხილს იქით. წყლის დონე აწეულია თოვლის დნობის გამო. არ იცოდნენ, რომ თოვლი დადნებოდა? სტიქია ამ შემთხვევაში მაშველად აქვთ, რომ აი, სტიქიაა. ფაქტია, რომ ჩანს არათანმიმდევრულობა. ახლა იძახიან, რომ გეოლოგს ვაგზავნით, მაშინ, როცა გეოლოგი სამი წლის წინ უნდა გაეგზავნათ და აქამდე უნდა ჰქონოდათ დასკვნა, რაშია საქმე. სწორი თქვა წეღან ქალბატონმა, შემოდგომაზეც ხომ სტიქია არაა, ტბის ყელი რომ გააგანივრონ და წყალი აღარ დაგუბდეს. ვერ ართმევენ თავს და ვერ ასრულებენ სამუშაოებს. მთლიანი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა“.

„მთის ამბებს“ გზების დეპარტამენტში განუცხადეს, რომ თუშეთის გზაზე არსებული პრობლემის გადასაჭრელად, დღეს, უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრა გაიმართა. კომისიაში შედიან გზების დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტები და საპროექტო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომისიის წევრები სტიქიის ზონაში ვერტმფრენით გაემგზავრნენ, ვითარების ადგილზე შესწავლის მიზნით, რის შემდეგაც, დეპარტამენტის განცხადებით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში