საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

რატომ რჩებიან სვანეთში ბავშვები განათლების გარეშე - იდლიანის თემის მიმართვა მინისტრს

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

17:06 - 06 მაისი 2019 hits 10731

სვანეთში, იდლიანის თემში ოთხი სოფელია, სკოლა კი ერთი, ისიც ცხრაკლასიანი. მისი დამთავრების შემდეგ, სახელმწიფო ბავშვებს სწავლის გაგრძელებას ხაიშის სკოლაში სთავაზობს. ამ სოფლებიდან ხაიშამდე 13-კილომეტრიანი საშიში გზაა, რომელიც ზამთრობით კიდევ უფრო საშიში ხდება. ცხოვრების მკაცრი პირობები და გაჭირვება ოჯახებს აიძულებს, შვილების განათლებაზე უარი თქვან. იდლიანის თემი უკვე წლებია სრული საჯარო სკოლის გახსნას ითხოვს.

2017 წელს იდლიანის სკოლის 9 კლასი ექვსმა მოსწავლემ დაამთავრა, ხაიშის სკოლის მე-10 კლასში სწავლა მხოლოდ ერთმა ბავშვმა გააგრძელა. 2018 წელს იდლიანის სკოლას სამი ცხრაკლასდამთავრებული ჰყავდა. ამ შემთხვევაშიც მომდევნო საფეხურზე სწავლა ერთმა მოსწავლემ განაგრძო. წელს მე-9 კლასს 9 ბავშვი ამთავრებს. სკოლის პედაგოგი,  ქეთინო კვანჭიანი ამბობს, რომ სწავლის გაგრძელებას 9-დან მხოლოდ ერთი აპირებს.

იდლიანიდან ხაიშში ბავშვებს ტრანსპორტი ემსახურება, თუმცა მიზეზები, რის გამოც მშობლები შვილებს ხაიშში არ უშვებენ, მანძილი, ცუდი გზა, ზვავსაშიშროება, ქვათაცვენა და სოფელში არსებული გაჭირვებაა.

„მთელ დღეს გზაში კარგავენ. დილის 9-ზე გადიან და საღამოს 6 საათისთვის ბრუნდებიან. ბავშვი მთელი დღე რომ გზაზეა, სწავლის ხარისხიც დაბალია.

მე-9 კლასს დაამთავრებენ თუ არა, ყველა სახლში ჯდება. ათიდან შეიძლება ერთი წავიდეს სასწავლებლად. ჩვენი სოფლიდან მხოლოდ ორმა ბავშვმა ჩააბარა უმაღლესში. თაობები წინ მიდის და ჩვენ კიდევ ვერ ვიძვრით ისე, როგორც საჭიროა. წლებია ვიბრძვით, რომ სკოლა 12 კლასიანი გახდეს და ვერ მივაღწიეთ

- თეა ლიკლიკაძეს 4 შვილი ჰყავს. ერთ-ერთი იდლიანის სკოლაში ცხრა კლასს წელს ამთავრებს: „მე-10 კლასს თუ გავაგრძელებთ, მაშინ, იძულებული ვარ, ხაიშში ერთი ოთახი მაინც ვიქირავო, გადავიდე ჩემი შვილებით და იქ გავაგრძელოთ სწავლა“.

„ტრანსპორტი კი გვემსახურება, მაგრამ ზამთარში ზვავები იცის. ზოგჯერ, თვეში 10 დღე მაინც დაკეტილია. 3-4 მეტრამდე თოვლში მშობელი ბავშვს ვერ გაუშვებს. ბავშვი სწავლით და წარმატებით თუ არ დააინტერესე, ატესტატი თუ არ მიიღო, ოჯახის ადრე შექმნას იწვევს და მომავალი თაობა ამით ჩვენ სოფელში ძალიან უკან მიდის“ , - ადგილობრივი მცხოვრები შალვა ჭკადუა იდლიანის მოსახლეობის სახელით, სოფელში საშუალო სკოლის გახსნის მოთხოვნით, განათლების მინისტრს მიმართავს.

იდლიანის თემის სოფლებში იდლიანში, ლებურცხილაში, ნაშიხვსა და ჭალეში 160-მდე ოჯახი ცხოვრობს. სრული საშუალო სკოლის არქონის გამო, ხშირად, მშობლებს არჩევანის გაკეთებაც უწევთ, ცხრა კლასის შემდეგ, რომელი შვილი გააგრძელებს ხაიშში სწავლას.

„მინდოდა, რომ ორი შვილიდან ერთ-ერთი მაინც ყოფილიყო განათლებული. გავიჭირვეთ და  ერთი მაინც გავუშვით ხაიშში სწავლის გასაგრძელებლად. მეორე ვერ გავუშვი, იმიტომ რომ ფინანსურად არ გვაქვს საშუალება. ორ ბავშვს მეტი უნდა. ბავშვი რომ სოფლიდან მიდის, ის უფრო მეტს ითხოვს. ჩვენ სოფელში რომ ყოფილიყო 12 კლასი, ორივე შეძლებდა სრული სასკოლო განათლების მიღებას. მთავრობა გვეუბნება, რომ შენობა არ არის სამაგისო 12 კლასი რომ იყოს, ვერ დაიტევსო. ეგ მთავრობამ უნდა გააკეთოს, ჩვენ ხომ ვერ ავაშენებთ სკოლას“, - ამბობს კობა ჭკადუა.

მას შემდეგ რაც განათლების სამინისტრომ შეიტყო, რომ „მთის ამბები“ იდლიანის სკოლით დაინტერესდა, რესურსცენტრის მეშვეობით, დირექტორისგან წერილობითი ახსნა-განმარტება მოითხოვა - ვის ვესაუბრეთ იდლიანში, რა გადავიღეთ, რატომ ვიყავით სკოლასთან. სამინისტროს ნებართვის გარეშე არც იდლიანის სკოლის დირექტორი და არც მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი არ დაგველაპარაკნენ. სკოლის დირექტორმა გაკვეთილების დასრულების შემდეგ, იმ მეცხრეკლასელებთან გასაუბრების უფლებაც კი არ მოგვცა, რომელთა მშობლების თანხმობაც გვქონდა. რას აპირებს განათლების სამინისტრო იდლიანის სკოლასთან დაკავშირებით - კითხვაზე პასუხი „მთის ამბებმა“ სამინისტროდან საჯარო ინფორმაციის სახით, წერილობით გამოითხოვა, რადგან ამ თემაზე კომენტარი ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში