საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

თუშები გზის გაწმენდის მოთხოვნით ალვანში აქციას გამართავენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

19:52 - 01 მაისი 2019 hits 9029

ახმეტის რაიონის სოფლების ზემო ალვანის, ქვემო ალვანის და ლალისყურის მოსახლეობა 2 მაისს, 12:00 საათზე, სოფელ ქვემო ალვანის ცენტრში აქციას გამართავს. თუშები საავტომობილო გზების დეპარტამენტს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ფშაველი-აბანო-ომალოს გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩქარებას ითხოვენ.

„შარშან ამ დროს გზა უკვე აბანოს უღელტეხილზე გადიოდა და ცხვრის პირველი ფარაც გადასული იყო. წელს კი გზა ჯერ აბანოს ხიდამდეც არ არის გაწმენდილი, რაც ნიშნავს, რომ გზის გახსნა მინიმუმ 2-3 კვირით დაგვიანდება. ტრაქტორები გაჩერებულია, ლოდის აფეთქებას ელოდებიან, ხოლო ტენდერში გამარჯვებულ ახალ კომპანიას ჯერ ხელშეკრულება არ აქვს და არც ტექნიკა ჰყავს მობილიზებული.

თუშეთში გზა ისედაც 4-5 თვეა ღია და იმის გახსნაც გვიანდება. ეს ნიშნავს, რომ გვიან გადავა ცხვარი და ცუდი წელი იქნება მეცხვარეებისთვის; საოჯახო სასტუმროებს, მძღოლებს, გიდებს, გამყოლებს ისედაც მცირე სეზონი კიდევ უფრო შეუმცირდებათ.

გაუქმდება ჯავშნები, შემცირდება ვიზიტორების რაოდენობა“, - უთხრა „მთის ამბებს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ფერმერმა გიორგი ქარსამაულმა, რომელსაც შირაქიდან ცხვრის ფარა უკვე ალვანში ჰყავს აყვანილი და თუშეთში ვეღარ გადაჰყავს.  

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის მოვლა-პატრონობა 2017-2019 წლებში შპს „გერალის“ ვალდებულება იყო. გზების დეპარტამენტმა კომპანიას 1 236 791 ლარი გადაუხადა, თუმცა იმის გამო, რომ 2017 წლის ბოლოს, თუშეთის გზაზე, სოფელ ხისოსთან დიდი რაოდენობით კლდოვანი მასა მოწყდა, „გერალს“ ბევრად მეტი სამუშაოს შესრულება დასჭირდა და 2019 წლისთვის, გზის მოსავლელად თანხა აღარ დარჩა.

2019 წლის 6 მარტს გზების დეპარტამენტმა ახალი ტენდერი გამოაცხადა 1 030 000 ლარზე. ეს თანხა 2019-2020 წლებში თუშეთის გზის მოვლა-პატრონობისთვისაა გათვალისწინებული. 3 აპრილს, ტენდერში, ყველაზე დაბალი ფასის შეთავაზებით კომპანია „არილმა“ გაიმარჯვა, თუმცა მასთან კონტრაქტი ჯერ გაფორმებული არ არის.

გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი წერეთელი ირწმუნება, რომ დეპარტამენტი ყველაფერს გააკეთებს, რათა თუშეთის გზა მაისის ბოლოსთვის გაიხსნას. გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია და ტრაქტორი ჯერ აბანოს ხიდამდეც არ არის მისული.

თუშეთის გზა აბანოს უღელტეხილზე გადის, ზღვის დონიდან 2950 მეტრზე. დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო გზა ნოემბრიდან მაისამდე ჩაკეტილია. ზამთარში, ახმეტიდან თუშეთში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი პერიოდულად სამოქალაქო რეისებს ასრულებს, რაც ადგილობრივებისთვის უფასოა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში