კონკურსის ფარგლებში მონაწილეები ახალ ქართულ შრიფტებს შეიმუშავებენ, რომელთა შორის საუკეთესოები გაციფრულდება და ფონტების სახით მოხმარებაში დაინერგება.
კონკურსზე რეგისტრაცია 1 მაისიდან დაიწყება და 15 ივლისამდე გაგრძელდება. დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეეძლება ვებ-გვერდზე - www.Georgiana.ge
გამარჯვებულებს კონკურსის ჟიურის წევრები შემდეგ ნომინაციებში გამოავლენენ.
- ლაკონური - ა (ლაკონური, ადვილად კითხვადი შრიფტი);
- აკადემიური - ა (კლასიკური, აკადემიური შრიფტი);
- მხატვრული - ა (მხატვრული შრიფტი);
- გაკრული - ა (გაკრული ან ხელნაწერი, ციფრულად კონვერტირებული შრიფტი);
- ფუტურისტული - ა (ქართული დამწერლობის კონცეპტუალური განვითარება, ქართული შრიფტის ახლებური, ინოვაციური ხედვა);
- ტექნიკური - ა (ტექნიკური შრიფტი ტექნიკური პროგრამების მიმართულებით გამოსაყენებლად);
- ადაპტირებული - ა (ხშირად გამოყენებადი ლათინური შრიფტის ქართული ვერსია);
- რეგულარლი ა.
კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენა შეუძლია, თუმცა მათ შესაძლებლობა ექნებათ, ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაარეგისტრირონ. მონაწილეებმა შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარადგინონ.
გამარჯვებულები სექტემბერში გამოვლინდებიან და მათ ფულადი პრიზები გადაცემათ. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი 2000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული კი - 1000 ლარით.
კონკურსის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე - www.Georgiana.ge
„ქართული - ა“ ერთადერთი პროექტი არ არის, რომელიც თიბისი ბანკის ინიციატივით, პროექტ #წერექართულად ფარგლებში ხორციელდება. მაიკროსოფტთან ერთად უკვე ერთი წელია მიმდინარეობს პროექტი „ქართულად“, რომელიც მიზნად ისახავს კომპიუტერულ პროგრამებში ქართული ენის ინტეგრირებას. გარდა ამისა, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, თიბისის მხარდაჭერით გაციფრულდა ყველაზე დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი.
#წერექართულად ეგიდით მიმდინარე თოთოეული პროექტი უნიკალურია, მაგრამ მათ საერთო მიზანი აერთიანებთ - დავიცვათ და განვავითაროთ ქართული დამწერლობა და ენა, როგორც ეროვნული ფასეულობა, მოხდეს ქართული ენის პოპულარიზაცია ყოველდღიურ გამოყენებაში და გათავისუფლდეს ის ბარბარიზმებისგან.
თიბისი ბანკის ინფორმაცია [R]