საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ბიუროკრატიაში დაკარგულები - ახმეტის მერია თუშეთის ექიმს სახლის დანგრევით ემუქრება

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:01 - 05 სექტემბერი 2018 hits 58288

1987 წლის შემდეგ ამ სოფელში სახლი აღარავის აუშენებია. მუდმივად არც არავინ ცხოვრობს ერთი კაცის გარდა. 31 წლიანი წყვეტის შემდეგ, მამაპაპისეულ ადგილას ტრადიციული თუშური სახლი ააგო. ხეობიდან 1200 რეისზე მეტი ფიქალის ქვა ცხენით რომ აეზიდა, ორწელიწადნახევარი დასჭირდა. მშენებლობას ვეღარ ამთავრებს. ამბობს, რომ მერიიდან 5 ათასლარიანი ჯარიმითა და სახლის დანგრევით დაემუქრნენ.

„ამ ადგილას ადრე ჩემს წინაპრებს სახლ-ბოსელი ჰქონდათ. ნანგრევები იყო დარჩენილი. სოფლის აღმოსავლეთ ნაწილი მთელ სიგრძეზე ჩემს გვარს ეკუთვნოდა. რამდენიმე წლის წინ ადგილი მოვასწორე, მერე ფიქალი მოვზიდე. წელს, ივნისში დაღესტნიდან ლეკები ჩამოვიდნენ და სახლი ავაშენე. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ სახლს ვაშენებდი“.

ირაკლი ხვედაგურიძეს სახლი თითქმის დასრულებული აქვს, გადახურვაღაა დარჩენილი. მშენებლობას ვეღარ აგრძელებს. თუშეთის დაცული ლანდშაფტის დირექტორმა ზაზა ლაგაზიძემ ახმეტის მერიაში უჩივლა - პროექტი არ აქვს და მიწის ნაკვეთიც არ არისო მისი საკუთრება.

„შემომითვალეს, რომ 5 ათასი ლარით დაჯარიმებას და დანგრევას აპირებენ. წარმოიდგინეთ, მე და ჩემს სასწრაფო დახმარებას, ოთხფეხა მეგობარს რამხელა შრომის ფასად დაგვიჯდა აქ ქვის მოზიდვა. თან, ეს ადგილი მამაპაპეულია. დამტკიცებული არ გაქვს, პროექტიც უნდა გქონდესო. არავის უკითხავს, რატომ გავხდი იძულებული, რომ ეს სახლი ჩემი წარმოსახვითი პროექტით ამეშენებინა“.

მშენებლობის პროექტის მიღება სცადა. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას გასულ წელს რამდენჯერმე მიაკითხა. ამბობს, რომ პასუხი ვერ გასცეს, ბარში დარჩენის დრო კი არ ჰქონდა. ის თუშეთის ერთადერთი ექიმია. სექტემბრის ბოლოს თუშეთს სასწრაფო დახმარების სეზონური ბრიგადაც ტოვებს და მთაში მხოლოდ მის იმედად არიან.

ირაკლი ექიმი ერთადერთი არაა, ვინც თუშეთში სახლი ნებართვის გარეშე ააშენა. პროექტების მიღება სხვებსაც უჭირთ. თუშეთიდან ახმეტაში არაერთხელ ჩასვლის, წვალებისა და თანხის გადახდის შემდეგ პროექტი როგორმე თუ მოიპოვეს, ხელისუფლებისგან მის დამტკიცებას რამდენიმე თვე ელიან, ზოგჯერ წელიწადზე მეტიც.

„გაგება ხომ უნდა ჰქონდეთ მუნიციპალიტეტში? ეს ყველაფერი მარტო დროსთან კი არა, ფინანსებთან არის დაკავშირებული. მე ამდენი ხარჯის თავი არ მაქვს. ჩემი მარჯვენით, ოფლითა და ხელფასის დანაზოგით ვაშენებ ამ სახლს“.

ადგილი სოფელ ბოჭორნაში, სადაც 78 წლის ირაკლი ხვედაგურიძე სახლს აშენებს, თუშეთის ეროვნულ პარკში არ შედის და დაცული ლანდშაფტი მართავს. სოფელს ძეგლის სტატუსიც არ აქვს, თორემ რამდენიმე დღის წინ, თუშეთში გამართული დისკუსიისას, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ადგილობრივებს დაპირდა, რომ ძეგლის სტატუსის მქონე სოფლებში სახლების აღდგენით ან მშენებლობით დაინტერესებულ თუშებს, სააგენტოს სპეციალისტები პროექტებს უფასოდ შეუდგენენ და მოკლე დროში დაუმტკიცებენ.

თუშეთში ძეგლის სტატუსი 52 სოფლიდან (მოიცავს ნასოფლარებსაც) მხოლოდ 13-ს აქვს. 40-მდე სოფელში სამშენებლო საკითხები მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია. თუშების თქმით კი, მუნიციპალიტეტი არაფერს აკეთებს.

ირაკლი ხვედაგურიძის წინააღმდეგ მერიაში საჩივარი ივლისის პირველ რიცხვებში შევიდა. ორი თვის განმავლობაში მერიიდან ბოჭორნაში არავინ ასულა. მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის თინათინ შათირიშვილის განცხადებით, ადგილობრივ ხელისუფლებას რეაგირებისთვის ჯერ დრო აქვს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა "მთის ამბებს" უთხრა, რომ ხვედაგურიძის საქმის შესწავლა მერიის ზედამხედველობის სამსახურს დაავალა და მეტი ინფორმაცია არ აქვს.

ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, "სამართალდარღვევა ერთ პირს თუ აპატიეს, გადამდები გახდება. კანონმდებლობით, უნებართვო მშენებლობა დაჯარიმებას იწვევს, სხვის ნაკვეთზე მშენებლობა კი შენობის დემონტაჟს".

"მთის ამბებმა" ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 10 დღის წინ, წერილობით გამოითხოვა საჯარო ინფორმაცია, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ან თუშეთის დაცული ლანდშაფტის მიერ, 2015 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, რამდენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი თუშეთის სოფლებში მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების, მშენებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე. მერიიდან საჯარო ინფორმაცია ამ დრომდე ვერ მივიღეთ.

მერიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა არ მიიღეს არც 31 აგვისტოს, ომალოში გამართულ დისკუსიაში, რომელიც ამ პრობლემებს ეხებოდა.

ერთ თვეში თუშეთში მოთოვს და სამანქანო გზა 7 თვით, 2019 წლის მაისის ნახევრამდე ჩაიკეტება. ირაკლი ექიმი შიშობს, რომ უსახურავოდ დარჩენილ სახლს წყალი დააზიანებს.

„ხუთი ათასი ლარი სადმე ჩანთით ხომ არ კიდია? იმას ხომ შოვნა უნდა. ხელისუფლებას ვთხოვდი, რომ ჯგუფი ჩამოყალიბდეს, რომელსაც დაევალება, დაგვეხმაროს იმ ტერიტორიის რეგისტრაციაში, სადაც სახლი უნდა ავიშენოთ, პროექტი მოგვცენ წვალების გარეშე“.

ირაკლი ხვედაგურიძის თქმით, თუშებს სახლების აღდგენა-მშენებლობაში „ყველაზე მეტად ხე-მასალის მოპოვება აფრთხობთ“.

„ვითომ ხელს გვიწყობენ... თუ მთავრობა, სადაც ნაკრძალი არაა, ადგილებს არ გამოყოფს ხის მოსაჭრელად, ძალიან ბევრს უნდა სახლი გაიკეთოს, მაგრამ ვერ მოახერხებენ. ასე იცლება თუშეთი“.

თუშეთის ორი სოფელი, ჭერო და ინწუხი, სადაც არცერთი თუში აღარ ცხოვრობს, 1996 წლიდან რუსეთის კონტროლქვეშ მოექცა.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში