საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

ხადის ხეობაში ამერიკელი ტურისტების ოჯახი დაიღუპა, 4 წლის ბავშვის ცხედარს ეძებენ

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

22:49 - 07 ივლისი 2018 hits 10737

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების, ცოლ-ქმარ რაიან და ლორა სმიტების ცხედრები იპოვეს. მაშველები 2 დღეა უშედეგოდ ეძებენ მათი 4 წლის ვაჟს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 6 ივლისს „112“-ში შევიდა შეტყობინება საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე 2 პირის და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადის ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 15 მაშველი აღნიშნულ სოფელში გაემგზავრნენ. პოლიციელებმა და მაშველებმა დაუყოვნებლივ სამძებრო სამუშაოები დაიწყეს და შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს.

სამართალდამცველებმა სოფელ წკერეში დაკარგული ტურისტების კუთვნილი ავტომანქანა და პირადი ნივთები აღმოაჩინეს.

როგორც წკერეს მცხოვრებლებმა „მთის ამბებს“ უთხრეს, ტურისტებს მანქანა წკერეს ქვემოთ, მდინარეზე გადასასვლელ ხიდთან ახლოს ჰქონდათ გაჩერებული და კარავიც იქვე იყო გაშლილი, ბოლო 1 დღის განმავლობაში კი აღარ ჩანდნენ.

მაშველებმა დაკარგული ტურისტი ქალი, ავტომანქანიდან, დაახლოებით, 3 კილომეტრში, ხევში, ჩანჩქერის ძირში გარდაცვლილი 6 ივლისს იპოვეს. რაიან სმიტის და მისი მცირეწლოვანი შვილის სამძებრო და სამაშველო სამუშაოები კი რთული რელიეფისა და ღამის საათებში ცუდი ხილვადობის გამო, 7 ივლისს, დილიდან განაახლეს.

მამაკაცის ცხედარი ხევში მდებარე ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს, ბავშვის ცხედარს კი ამ დრომდე ვერ მიაგნეს. სამძებრო სამუშაოები დილიდან გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში 25 მაშველი მონაწილეობდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. პირველადი დათვალიერებით, არცერთ გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.

სავარაუდოდ, ტურისტები ხადის ხეობაში ჩანჩქერთან ფოტოს იღებდნენ და ფეხი დაუცდათ, რის შემდეგაც დაიღუპნენ.

რაიან სმიტი მეუღლესთან ერთად დაახლოებით 7 წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდა და აზერბაიჯანული ხალიჩების ბიზნესით იყო დაკავებული.

ამ თემაზე:

ხადის ხეობაში მოკლული 4 წლის ბავშვის ცხედარი დამარხული იპოვეს

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში