საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

     

პოლიციამ გუდაურში მომხდარი ინციდენტის გამო 4 პირი დააკავა

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

21:56 - 10 ივნისი 2018 hits 19331
ფოტო: ქვეშეთში გამართული აქცია
საზოგადოება
ფოტო: ქვეშეთში გამართული აქცია

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში, რუსი პარაპლანისტების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და ავტომობილების დაზიანების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ვასილ ზაქაიძე, 1987 წელს დაბადებული გიორგი ზაქაიძე, 1982 წელს დაბადებული გიორგი ჯაღმაიძე და 1980 წელს დაბადებული ვასილ ბურდული დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა 2018 წლის 9 ივნისს, დაბა გუდაურში, სასტუმრო „ბიდარას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ავტომანქანები დაუზიანეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს - ფიოდორ ჩელიშევს და სერგეი დემენტიევს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმიდინარეობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

დაბა გუდაურში ქართველმა პარაპლანისტებმა რუს მფრინავს, ფიოდორ ჩელიშევს გუშინ სცემეს. დაზარალებულს ექიმებმა ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს. რუს მფრინავს ცხვირიც გატეხილი აქვს. ის საავადმყოფოშია მოთავსებული.

ვიდეომასალა, რომელიც 9 ივნისს მომხდარი ინციდენტის ნაწილს ასახავს, რუსი პარაპლანისტის ავტომობილში დამონტაჟებული კამერით არის გადაღებული. ვიდეოდან ჩანს, რომ რუსი მფრინავი ასაფრენი მოედნისკენ მიდის, წინ სავალი ნაწილი ავტომობილებით გადაკეტილი ხვდება და ოცზე მეტი ადამიანია შეკრებილი. რამდენიმე წამის შემდეგ, რუს მფრინავს უცენზურო სიტყვებით აგინებენ, ათამდე მამაკაცი მუშტებით და წიხლებით მას თავსა და მუცელში ურტყამს. რამდენიმე თვითმხილველი თავდამსხმელებს მიმართავს: „კარგი, ეყოფა, მოკვდება“ – „მოკვდეს ამის დედაც“, - ისმის თავდამსხმელების ხმა ვიდეოში. დაახლოებით წუთნახევრის შემდეგ, ერთ-ერთი პირი მანქანაში სვამს ჩელიშევს, რომელიც ავტომობილს ქოქავს და წინ წასვლას, სავარაუდოდ, ინციდენტის ადგილის დატოვებას ცდილობს. ავტომობილი ადგილიდან სწრაფად წყდება და მალევე ყოვნდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ ჩელიშევი მათთვის მანქანის დაჯახებას ცდილობდა. ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრიან მის მანქანას ქვებს. ქვების სროლა მას შემდეგაც გრძელდება, რაც რუსი პარაპლანისტი თავდამსხმელებს სცდება და სხვა მიმართულებით მიდის.

ამ კონფლიქტს წინ უძღოდა ქართველ და უკრაინელ პარაპლანისტებს შორის 8 ივნისს მომხდარი ინციდენტი. გამოძიების ინფორმაციით, ქართველი პარაპლანით მფრინავები შემთხვევით უკრაინის მოქალაქეების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რასაც უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა. ქართველი პარაპლანისტები ამბობენ, რომ უკრაინელმა მფრინავებმა ქართველი მფრინავის ხევში გადაჩეხვა სცადეს და ასეთ პროვოკაციებს მათი მხრიდან ხშირად აქვს ადგილი.

დაზარალებულმა ფიოდორ ჩელიშევმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მომხდარ დანაშაულს ეთნიკური საფუძველი არ აქვს და ის ბიზნესის განაწილების მცდელობის მსხვერპლი გახდა: „ერთი წლის წინ მითხრეს: ან მუშაობ და გვიხდი ჩვენ, ან აქ არ იმუშავებ... აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკას. ადგილობრივმა ბიჭებმა, რომლებიც იგივე საქმით არიან დაკავებული, რითიც მე - პარაპლანით ფრენით, გადაწყვიტეს სხვა პილოტებს, ვინც ადგილობრივი არ არის, ფრენა აუკრძალონ“.

გუდაურის ინციდენტის გამო დღეს დაკავებული 4 პირის გათავისუფლების მოთხოვნით, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშეთში მოსახლეობას დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ჰქონდა გადაკეტილი საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა. აქცია მას შემდეგ შეწყდა, რაც ადგილობრივებმა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსთან დიმიტრი ზურაბიშვილთან შეთანხმებას მიაღწიეს, რომ ოთხივე დაკავებულს 48 საათში გაათავისუფლებენ გირაოს სანაცვლოდ ან უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით.

პარაგლიდინგის ეროვნული ფედერაცია, რომელიც გუდაურშია ბაზირებული, ითხოვს, რუსმა და უკრაინელმა პარაპლანისტებმა გუდაური დატოვონ და იქ მუშაობა აღარ გააგრძელონ.

ფედერაციის წარმომადგენელი გიგა სეთურიძე „მთის ამბებთან“ ინტერვიუში ამგვარი მოთხოვნის მიზეზად იმას ასახელებს, რომ რუსი და უკრაინელი მფრინავები პროვოკაციებს აწყობენ და ადგილობრივების ადათ-წესებს შეურაცხყოფენ. Mtisambebi.ge-ზე ინტერვიუ 11 ივნისს გამოქვეყნდება.

Mtisambebi.ge

„მთის ამბები“ დამოუკიდებელი საინფორმაციო ონლაინგამოცემაა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი.

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში