საიტის მენიუ

სოციალური ქსელები

სად შევხვდეთ ახალ 2018 წელს?

რუსული კანონი გააქრობს დამოუკიდებელ მედიას და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, როგორც ეს პუტინის რუსეთში მოხდა.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„მთის ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

00:56 - 23 დეკემბერი 2017 hits 20940

როდესაც ამაზე ფიქრს ვიწყებ, პირველ რიგში დათოვლილი მთები, ნაძვები, ბუხარი და ახალი, ფუმფულა თოვლი მახსენდება. ვამოწმებ სასტუმროებისა და საბაგიროების ფასებს, გზებზე არსებულ რეჟიმებს, ტრანსპორტირების საშუალებებსა და ამინდის პროგნოზს. იმედი მაქვს, ეს ინფორმაცია გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ, დასასრულს კი ჩემს არჩევანსაც გეტყვით.

გუდაური

ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა, 2196 მეტრზე მდებარე კურორტი თბილისიდან 120 კილომეტრშია, საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე. კურორტის მდებარეობა მისი პოპულარობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. გასულ, 2016-2017 წლის ზამთრის სეზონზე გუდაურს 276 634 ვიზიტორი ეწვია. უმაღლესი საბაგირო გზა მწვერვალ საძელეზე 3 270 მეტრზეა.

გუდაურში მოხვედრა მარტივად, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც შეგიძლიათ. თბილისიდან, მეტრო დიდუბის სადგურიდან ყოველდღე, საათში ერთხელ მიკროავტობუსი გადის. მგზავრობა 10 ლარი ღირს.

ბოლო პერიოდში გუდაური მუდმივად ვითარდება. ამ დროისთვის ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზა მონტაჟდება. მშენებლობის პროცესშია პატარა ქალაქი „ახალი გუდაური“, რამდენიმე სასტუმრო და რესტორანი უკვე დასრულებულია.

2019 წელს უნდა დასრულდეს „Radisson blu mountain resort Gudauri“-ს მშენებლობა. ეს პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება საქართველოს მთის კურორტებზე.

გუდაურში სეზონი 10 დეკემბერს გაიხსნა. საბაგიროს ერთჯერადი აბონემენტი 7 ლარი ღირს, სამი ასვლა - 18 ლარი, ერთდღიანი მულტიპასი უფროსებისთვის - 40 ლარი, ბავშვებისთვის - 25 ლარი.

გუდაურში სასტუმროების დიდი არჩევანია, თუმცა არც ფასებია დაბალი. ერთ ადამიანს ღამის გათევა კოტეჯში 65-70 ლარი დაუჯდება, სასტუმროში კი 270 ლარი და ზევით. თუ ახალი წლის გუდაურში გატარებას გადაწყვეტთ, იჩქარეთ, მაღალი ფასების მიუხედავად, არც ისე ბევრი ადგილია დარჩენილი.

ბაკურიანი

ბაკურიანი თბილისიდან 180, ბორჯომიდან კი 30 კილომეტრშია. კურორტი ზღვის დონიდან 1700 მეტრზეა. ბაკურიანის მიდამოები შემოსილია წიწვოვანი ტყით, რაც მას უნიკალური ჰაერით გამოარჩევს. კურორტზე კარგად არის განვითარებული ინფრასტრუქტურა ბავშვებისთვის. მოწყობილია გასართობი საშუალებები, ყინულის მოედანი. არის ცხენით და ბურანით გასეირნების სერვისები. სწორედ ამიტომ, ბავშვიანი ოჯახების არჩევანი ხშირად ბაკურიანია.

პირველად ბაკურიანის ისტორიაში კოხტა-მიტარბის გადასასვლელი სათხილამურო გზაც გაკეთდა. კოხტა-მიტარბიზე სეზონი 23 დეკემბერს იხსნება. საბაგიროს ერთჯერადი აბონემენტის ღირებულება 7 ლარია. ერთდღიანი მულტიპასი უფროსებისთვის 25 ლარი ღირს, ბავშვებისთვის - 15 ლარი.

ბაკურიანის საოჯახო სასტუმროებში ფასები 20 ლარიდან იწყება. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ საახალწლო დღეებში ფასები ძვირდება.

ბაკურიანში ახალი წლის გატარება მოლაშქრეთა კლუბმა „მწვაბე ზებრამ“ გადაწყვიტა. „კლუბის წევრებმა ახალი წლის ერთად შეხვედრა გადავწყვიტეთ და ბაკურიანი შევარჩიეთ, რადგან სვანეთთან და აჭარასთან შედარებით, თბილისთან ახლოსაა. ასევე, მნიშვნელოვანი ფაქტორია სასტუმროს ღირებულება. აქ ფასები უფრო იაფია, ვიდრე გუდაურში. გართობის საშუალებაც მეტი გვაქვს“, - ამბობს კლუბის დამფუძნებელი დავით წიკლაური.

მესტია

თუ ახალი წლის შეხვედრა ზღაპრულ გარემოში გსურთ, მაშინ მესტიას გირჩევთ. უზარმაზარი მწვერვალები და დათოვლილი ნაძვნარი ახალი წლის განსაკუთრებულ შეგრძნებას ქმნის. მესტია ზღვის დონიდან 1500 მეტრზე მდებარეობს და თბილისიდან 456 კილომეტრით არის დაშორებული. მანძილმა არ შეგაშინოთ. თბილისიდან 25 კილომეტრში, მცხეთის რაიონში მდებარე ნატახტარის აეროდრომიდან, მესტიის მიმართულებით და პირიქით, ავიარეისები ყოველდღე სრულდება შაბათის გარდა. სულ რაღაც ერთ საათში ნატახტარიდან მესტიაში აღმოჩნდებით. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით ზრდასრულთათვის 65 ლარია, 12 წლამდე ბავშვებისთვის 45.50 ლარი.

მესტიაში დასვენება შედარებით იაფია. ჰოსტელში ღამის გათევა 15-20 ლარი ღირს, საოჯახო სასტუმრო 35-50 ლარი.

ერთდროულად ორი კურორტის მონახულებაც შეგიძლიათ. მესტიიდან 8 კილომეტრში სამთო-სათხილამურო ტრასა ჰაწვალია. წელს აშენდა მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი 1200 მეტრიანი საბაგირო გზა, რომელიც 23 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნება.

სეზონი უკვე გაიხსნა კურორტ თეთნულდზე, სადაც ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი, 30 კილომეტრიანი სათხილამურო ტრასაა. კურორტი განკუთვნილია როგორც მოყვარულებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის. თეთნულდი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზეა და მესტიიდან მანძილი 15 კილომეტრია.

წელს, მესტიაში, ქორულდის ტბებისკენ მიმავალ გზაზე, ზღვის დონიდან 2300 მეტრზე გაიხსნა კოტეჯი - Cloudbase Hut, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც გაუკვალავში სრიალი იზიდავს.

სვანეთის კურორტებზე საბაგიროს აბონემენტების ფასები ასეთია: ერთჯერადი ასვლა -7 ლარი ღირს, ერთდღიანი ულიმიტო -40 ლარი, ერთდღიანი მულტიპასი ბავშვებისთვის - 25 ლარი, სამი ასვლა თეთნულდის პიკამდე 15 ლარი, ორი ასვლა ზურულდის მთაზე (ჰაწვალი) – 10 ლარი.

მესტიაში ახალი წლის შეხვედრა კლუბ „ჯეო მეგზურის“ წევრებმა გადაწყვიტეს.

„ახალი წლის მესტიაში გატარება ჩვენი ტრადიციაა, სვანეთის ბუმბერაზი მთები, დათოვლილი ნაძვები და დაბის სიძველე კიდევ უფრო გვიძლიერებს საახალწლო განწყობას. 31 დეკემბერს ავდივართ მესტიაში, ვბინავდებით ჩვენს მასპინძელ მჭედლიანების ოჯახში. საღამოს 10 საათზე ვესწრებით მესტიის ცენტრში გამართულ კონცერტს. ახალი წლის დადგომამდე ვბრუნდებით ჰოსტელში და ვიწყებთ საახალწლო სუფრის გაშლას. ახალი წლის შემობრძანებას მასპინძლებთან ერთად ვხვდებით, სვანური სამზარეულოს და სადღეგრძელოების თანხლებით“ - ამბობს ლევან ენუქიძე, კლუბის დამფუძნებელი.

გოდერძი

აჭარაში, გოდერძის უღელტეხილზე, ზღვის დონიდან 2025 მეტრზე, 2015 წელს გაიხსნა ახალი სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი. ბათუმიდან მანძილი 109 კილომეტრია. ფუნქციონირებს რამდენიმე კოტეჯი და საოჯახო სასტუმრო, მშენებლობის პროცესშია 6 სასტუმრო. კოტეჯში დაბინავება 50 ლარი ღირს, საოჯახო სასტუმროში 30-40 ლარი. მუშაობს რესტორანიც, სადაც ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებაა შესაძლებელი.

გოდერძიზე თხილამურის, ციგის ან სნოუბორდის 1 საათით დაქირავება 5 ლარი ღირს, მთელი დღით - 20 ლარი. საბაგიროს ერთჯერადი აბონემენტის ღირებულება 5 ლარია, ერთდღიანი მულტიპასი კი 15 ლარი ღირს.

მე წელს არჩევანი მესტიაზე შევაჩერე, რადგან იმ ყველაფრის გარდა, რაც ზემოთ სვანეთზე მიწერია, იქ სამი დღის გატარება იმაზე იაფი მიჯდება, ვიდრე თბილისის რომელიმე რესტორანში, 31 დეკემბრის საღამოზე დასწრების აბონემენტი ღირს.

დარწმუნებული ვარ, დაუვიწყარი ახალი წელი მექნება.

მანანა ქავთარაძე

„მთის ამბების“ მოქალაქე-რეპორტიორი, მოლაშქრე. პროფესიით ეკონომისტი. მოგზაურობს საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში. E-mail: [email protected]

საქართველოს ამბები

ამავე რუბრიკაში

ვაკანსიები მთაში

თავში